ესპანეთი
ესპანეთის სამეფო Reino de España ესპანეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Plus Ultra“ „Further Beyond“ |
||||||
ჰიმნი: „Marcha Real“ |
||||||
ესპანეთის მდებარეობა მსოფლიოში
|
||||||
ესპანეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | მადრიდი 40°26′ ჩ. გ. 3°42′ დ. გ. / 40.433° ჩ. გ. 3.700° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური [ა] | |||||
აღიარებული რეგიონული ენები | ||||||
ნაწილობრივ აღიარებული ენები | ||||||
ეთნიკური ჯგუფები (2011) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ესპანელი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ფილიპე VI | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | პედრო სანჩესი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | გენერალური კორტესები | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | დეპუტატთა კონგრესი | ||||
ფორმირება | ||||||
- | დინასტიური | 1479 | ||||
- | დე ფაქტო | 1516 | ||||
- | დე იურე | 1715 | ||||
- | ეროვნული სახელმწიფო | 1812 | ||||
- | საკონსტიტუციო დემოკრატია | 1931 | ||||
- | ამჟამინდელი დემოკრატია | 1978 | ||||
- | დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ამჟამად ევროკავშირი) |
1 იანვარი, 1986 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 504 645[1] კმ2 (52-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.04 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2023 შეფასება | 48 345 223[2] (30-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 46 815 916[3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 94 კაცი/კმ2 (106-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $1.425 ტრილიონი[4] (მე-14) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $30 637[4] (33-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $1.415 ტრილიონი[4] (მე-13) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $30 432[4] (28-ე) | ||||
ჯინი (2013) | 33.7[5] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.869[6] ძალიან მაღალი · 27-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2 [გ]) | ||||
თარიღის ფორმატი | დდ.თთ.წწწწ | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +34 | |||||
ISO 3166 კოდი | ES | |||||
ინტერნეტ-დომენი | .es [დ] | |||||
ა. | ^ 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუციის მე-3 მუხლით სახელმწიფო ენად განისაზღვრება კასტილიური.[7] ზოგიერთ ავტონომიურ გაერთიანებებში, კატალანური, გალისიური და ბასკური ოფიციალურთან გათანაბრებული ენებია. არაგონულსა და ასტურიულს ოფიციალური აღიარების გარკვეული დონე გააჩნიათ. | |||||
ბ. | ^ 87 % შეიძლება მოიცავდეს იმიგრანტ ესპანელებსაც. | |||||
გ. | ^ კანარის კუნძულების გარდა, რომელიც მდებარეობს UTC+0 (WET) და ზაფხულში UTC+1. | |||||
დ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. აგრეთვე .cat დომენი გამოიყენება კატალანურად მოლაპარაკე რეგიონებში. |
ესპანეთი (ესპ. España), ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España) — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირენეს ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაურია მეფე ფილიპე VI. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური: ქართულად — ესპანეთის სამეფო; ესპანურად — Reino de España.
- ეტიმოლოგია — სავარაუდოდ სახელს სემიტური წარმომავლობა აქვს და ნიშნავს „დამალულს“. სხვა ვერსიით იგი ფინიკიურისგან წარმოსდგება და ნიშნავს „კურდღლების სანაპიროს“.
- ქვეყნის კოდი — ES.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა (1936-1939). 1975 წლამდე ქვეყანას მართავდა დიქტატორი გენერალი ფრანსისკო ფრანკო, რომლის შემდეგაც აღდგა მონარქია. 1986 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა.
- ესპანეთის მმართველები.
1875-1885: ბურბონების სახლი (ალფონსო XII)
1885-1886: ბურბონების სახლი (მარია დე-ლას-მერსედესი)
1886-1931: ბურბონების სახლი (ალფონსო XIII)
1931-1939: ესპანეთის მეორე რესპუბლიკა
1975-2014: ბურბონების სახლი (ხუან კარლოს I)
2014-დღემდე: ბურბონების სახლი (ფილიპე VI)
გეოგრაფია და ბუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეს ნახევარკუნძულის 84 % უკავია. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ეკუთვნის კუნძულები ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (მათ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით).
ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში ჰავა ხმელთაშუაზღვიურია, შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტური. ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10 % უკავია.
ესპანეთი შვეიცარიის შემდეგ ყველაზე მაღალმთიანი ქვეყანაა ევროპაში. მთები და მთაგრეხილები მისი ტერიტორიის 90 %–ს შეადგენს. მესეტის მთაგრეხილი იკავებს ქვეყნის თითქმის 1/2-ს. მესეტის დასავლეთ ნაწილში ტექტონიკური კანიონები და მდინარეების კალაპოტებია, აღმოსავლეთით ის უფრო მოსწორებულია. ცენტრალური კორდილიერები მესეტას ყოფენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. მესეტის ჩრდილოეთით ბისკაის ყურის სანაპიროზე გადაჭიმულია კანტაბრიის მთები, რომლებიც წარმოადგენენ ესპანეთის ყველაზე ძნელად მისადგომ მთათა სისტემის — პირენეს გაგრძელებას, რამდენიმე პარალელური სისტემა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია 450 კმ. პირენეს მთების საშუალო სიმაღლე დაახლოებოთ 2500 მეტრია. ყველაზე მაღალი წერტილია ანეტო (3404 მ). პირენეების სამხრეთ ფერდობი წარმოადგენს სამთო ტურიზმის მსხვილ საერთაშორისო ცენტრს. მესეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაჭიმულია იბერიის მთები: სიგრძით 250 კმ და სიმაღლით 2313 მ (პიკი მონკაო). იბერიის მთებში იღებს სათავეს ესპანეთის ყველაზე მსხვილი მდინარეები. აღმოსავლეთ პირენეებსა და იბერიის მთებს შორის ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმულია არც თუ ისე მაღალი კატალონიის მთები. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში განლაგებულია კორდილიერა — ბეტიკას მთათა სისტემა. ცენტრში — სიერა–ნევადას მთები.
ტერიტორიის დარჩენილი 10 % უკავია ანდალუზიის დაბლობს სიერა-მორენასა და კორდილიერა-ბეტიკას შორის (სადაც მიედინება მდინარე გვადალკვივირი), არაგონის დაბლობი მდინარე ებროს ხეობაში და რამდენიმე პატარა დაბლობი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესპანეთის სანაპიროები ძალიან მრავალფეროვანია დიუნებით, ქვიშიანი და სილიანი სანაპიროებით. გალისიის სანაპიროს ნაწილი ნორვეგიის ფიორდების მსგავსია, ხოლო ჩრდილო სანაპირო ცნობილია მცირე ზომის გამოქვაბულებით. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გვხვდება უდაბური ლაგუნები და ჭაობები.
- ფართობი — 504 782 კვ. კმ.
- ბუნება — გეოგრაფიული რაიონები — ცენტრალური ესპანეთი (el Centro) მესეტის პლატოთი, ჩრდილოეთი (el Norte), აღმოსავლეთი (el Este) ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, სამხრეთი (el Sur) ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მოქცეული არე. მთათა სისტემები - პირენეები, სიერა მორენა, იბერიისა და კანტაბრიის მთები; უმაღლესი მწვერვალები (მ) - პიკო დე ტეიდე 3718 (კანარის კ-ებზე), მულასენი 3478, პიკო დე ანეტო 3404; მთავარი მდინარეები (კმ) — ებრო 910, ტახო (ტეჟუ) 790 (სულ 1007), გვადიანა 778, დუერო 700 (სულ 895), გვადალკვივირი 657; უდიდესი ტბა — ემბალსე დე ალკანტარა (ხელოვნური); მთ. კუნძულები (კვ. კმ) — კანარის 7447 (მათ შორის: ტენერიფე 2034, ფუენტევენტურა 1660, დიდი კანარი 1560, ლანზაროტე 846, ლა-პალმა 708), ბალეარის 4992 (მათ შორის: მაიორკა 3640);
- ბუნებრივი რესურსები — ქვანახშირი, რკინის მადანი, ურანი, ვერცხლისწყალი, პირიტი, თაბაშირი, თუთია, ტყვია, ვოლფრამი, სპილენძი, ჰიდროენერგია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ჰავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთისთვის დამახასიათებელია სუბტროპიკული ხმელთაშუაზღვიური ჰავა ცხელი, მწველი ზაფხულითა და რბილი, წვიმიანი ზამთრით. საშუალო ტემპერატურა იანვარში მერყეობს +8 °C-დან +12 °C-მდე, ივლისში +18 °C–დან + 28 °C–მდე. ესპანეთის მრავალფეროვანი და კონტრასტული ჰავა აიხსნება რელიეფის სირთულით, ატლანტის ოკეანისა და აფრიკის კონტინენტის კლიმატის ზემოქმედებით. ყველაზე მეტი ნალექი მოდის ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (წლიური ნალექის რაოდენობა აქ 1000 მმ-ზე მეტია, მთიან რაიონებში კი — 1500-2000 მმ), ცენტრალური და სამხრეთ აღმოსავლეთი რაიონები უფრო მშრალია (წლიური ნალექიანობა 500 მმ-ზე ნაკლებია). გამოიყოფა მაღალმთიანი რაიონები ცივი ზამთრით, უხვი თოვლიანობითა და გრილი ზაფხულით, რომელიც მშრალია სამხრეთში, ნესტიანი და წვიმიანი — ჩრდილოეთ ესპანეთში. პირენეებში თოვლის ხაზი 2800 მეტრზეა. ესპანეთში, საბერძნეთისა და იტალიის მსგავსად, ევროპაში ყველაზე ბევრი მზიანი დღეა.
მდინარეები და ტბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთში საკმაოდ ბევრი, მაგრამ მცირეწყლოვანი მდინარეთა სისტემაა, რომლებიც როგორც ატლანტის ოკეანის, ასევე ხმელთაშუა ზღვის აუზსაც მიეკუთვნებიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვან მდინარეთა სისტემებს წარმოადგენს ატლანტის ოკეანის აუზში შემავალი მდინარეები დუერო (780 კმ), ტეჟო (1010 კმ), გვადიანა (820 კმ), გვადალკვივირი (680 კმ) და ასევე ებრო (928 კმ), რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ესპანეთის სხვა მსხვილი მდინარეებიდან გამოიყოფა მინო (340 კმ), ატლანტიკისაუტი, ხუკარი (498 კმ) და სეგურა (341 კმ).
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თუ არ ჩავთვლით კანარის კუნძულებს, ესპანეთში ითვლიან დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ოდესღაც ვრცელი ტყეებისაგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, ძირითადად ჩრდილოეთში. მცენარეების საფარი ჩრდილოეთის ნესტიან და დანარჩენ მშრალ ნაწილში მკვეთრად არის განსხვავებული. ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი ტყეები, ასევე არის ფოთოლმცვენი მუხა. „მშრალი“ ესპანეთი ღარიბია ტყეებით, აქ გავრცელებულია მარადმწვანე მუხის ჯიშები, ასევე ხმელთაშუა ზღვის მცენარეები. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთის მთებში, გვხვდება შავი ფიჭვის ტყეები. „მშრალ“ ესპანეთში ყველაზე მეტად გავრცელებულია მარადმწვანე ხმელთაშუაზღვის ტიპის ბუჩქები და ნახევრადბუჩქოვანი (გარიგები). ქვეყნის აღმოსავლეთში გარიგებს ენაცვლება მაღალი ბალახები.
ესპანეთი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა, ჩრდილოეთში ფაუნა შუაევროპულია (ბევრია ირემი, შველი და ტახი), მთის რაიონებში შემორჩა წმინდა სისხლის ირემი და პირენეს მთის თხები. კანტაბრიისა და ლეონის მთებში გვხვდება მურა დათვი, მტაცებლებიდან მგელი და მელა. ესპანეთი ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება ფრინველთა ჯიშის რაოდენობით. ზაფხულში აქ შეგვიძლია ვნახოთ 25 სახეობის მტაცებელი ფრინველი (ქორი, არწივი, შავარდენი). ბევრია წყალმცურავი სახეობები (იხვი, ბატი, ფლამინგო, წერო), ქვეწარმავლებიდან კუ, გველი,ქამელეონი, მორიელი, ასევე მდიდარია თევზებით.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლიტიკური სისტემა — კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური — მეფე ფილიპე VI.
- მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო — გენერალური კორტესები, შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი).
- ეროვნული დღესასწაული — 12 ოქტომბერი — ესპანელი ერის დღე (ქ. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის თარიღი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი (Comunidad autonoma): ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის კუნძულები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კუნძულები, კანტაბრია, კასტილია-ლა მანჩა, კასტილია და ლეონი, კატალონია, ლა რიოხა, მადრიდი, მურსია, ნავარა, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი (ciudad autonoma) — სეუტა და მელილია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეფოს მოსახლეობა მრავალფეროვანია. ეროვნულ უმცირესობაში გამოირჩევიან ბასკები, გალისიელები და კატალონიელები. სიმჭიდროვე მაღალია ცენტრსა და სანაპირო ზოლში. მოსახლეობის 80 % ცხოვრობს ქალაქებში. გაბატონებული რელიგია კათოლიციზმია.
- მოსახლეობა — 45,8 მლნ (2010), მათ შორის 69 % ესპანელები, 18 % კატალონიელები, 8 % გალისიელები, 2 % ბასკები.
- ენები — ესპანური (74 %); კატალონიური (17 %); გალისიური (7 %); ბასკური (2 %).
- რელიგია — კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) — მადრიდი (3.169, აგლომ. — 5.130), ბარსელონა (1.528, აგლომ. — 3.889), ვალენსია (741, აგლომ. — 1.407), სევილია (679, აგლომ. — 1.141), სარაგოსა (636), მალაგა (518, აგლომ. — 753), მურსია (394), ლას-პალმასი (348), ბილბაო (343, აგლომ. — 880).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მსგავსად სხვა პოსტინდუსტრიული ქვეყნებისა, წამყვანი პოზიცია უკავია მომსახურების სფეროს. უდიდესია ტურიზმის როლი. მრეწველობაში, ძირითადად უცხოური კაპიტალის დახმარებით ვითარდება ულტრათანამედროვე დარგები, მიმდინარეობს ტრადიციული დარგების მოდერნიზაცია. მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლი, რაშიც წამყვანია მემცენარეობა. ესპანეთი ზეთისხილისა და მეციტრუსეობის კლასიკური ქვეყანაა. ზეთისხილის მოყვანით ესპანეთი პირველია მსოფლიოში. 50 პროვინციიდან ზეთისხილი მოჰყავთ 34-ში. ზეთისხილის ნარგავებს უკავია დამუშავებული მიწების 10 %. ციტრუსების ექსპორტით ესპანეთს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში.
ესპანეთში ასევე განვითარებულია ეკონომიკის შემდეგი დარგები: საფეიქრო მრეწველობა, აგრობიზნესი, ქიმიური მრეწველობა, გემთმშენებლობა, მსუბუქი მანქანების წარმოება, მძიმე მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მანქანათმშენებლობა, თევზის რეწვა და სხვ.
ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 3, მრეწველობა — 33, მომსახურება — 63;
- ე.ე.პ. (1 სულზე) — 14.490 $.
- უდიდესი კომპანიები — მარჩეი, ფიერო, ურკიხო, გარიჩესო, რუის-მატეოსი.
- ექსპორტი — ავტომობილები, ღვინო, ხილი, ბოსტნეული, ქიმიკატები, ფოლადი.
- ბიუჯეტი — 105 000 მლნ $.
- ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე ესპანური პესეტა.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთში ფართოდაა გავრცელებული საავტომობილო მაგისტრალების ქსელი, რომელიც დაახლოებით 340 ათას კმ–ს შეადგენს; ამასთან, 7 ათასი კმ დიდი გამტარობის მქონე მაგისტრალებია. მაღალსიჩქარიანი გზების მეშვეობით უპრობლემოდ შეგიძლიათ გადაადგილდეთ პირენეს მთებიდან ანდალუზიამდე როგორც ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, ასევე მადრიდის გავლით, რომელიც ყველა სატრანსპორტო არტერიის მთავარ კვანძს წარმოადგენს. საერთაშორისო საავტობუსო მარშრუტები მოსახერხებელი და ეფექტურია. არსებობს ავტობუსის მომსახურება, როგორც შორეულ ისე ახლო მარშრუტებზე. ესპანეთის სარკინიგზო ხაზი გადაჭიმულია დაახლოებით 15 ათას კმ-ზე, რომლიდანაც 471 კმ შეადგენს სწრაფმავალ გზას მადრიდი–სევილია (მოძრაობის სიჩქარე 250 კმ/სთ), ასევე სწრაფი მატარებელი ტალგო (200 კმ/სთ) დადის მარშრუტებზე მადრიდი-მალაგა და მადრიდი-კადისი. როგორც საავტომობილო, სარკინიგზო ქსელი რადიალურად იტოტება გადის მადრიდიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
მგზავრების გადაყვანა საზღვაო გზებით თანდათან მნიშვნელოვან მაჩვენებელს აღწევს ისეთ პორტებში, როგორიცაა ალხესირას პორტი (3,8 მილიონი ადამიანი), სეუტა (2,2 მილიონი) სანტა კრუს დე ტენერიფე (2,6 მილიონი). ხმელთაშუაზღვის კომპანია „ტრანსმედიტერია“ რეგულარულად ასრულებს მარშრუტებს პირენეს ნახევარკუნძულისა და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს შორის. საზღვაო ტრანსპორტში ჩართულია დაახლოებით 430 გემი. უცხოელი ტურისტების თითქმის მესამედი ესპანეთში სამოგზაუროდ ირჩევს საჰაერო ტრანსპორტს. ესპანეთის აეროპორტებში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონი მგზავრი მოძრაობს (გადის). 42 აეროპორტიდან 34 ასრულებს რეგულარულ გადაზიდვებს. ყველაზე მსხვილია მადრიდის აეროპორტი. 2009 წელს ბარახას აეროპორტით 32 383 191-მა მგზავრმა ისარგებლა.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის მონაცემებით ესპანეთში 85.1 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ესპანეთი მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ესპანეთში მოგზაურობა ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან, სტუმართმოყვარეობასა და სიცოცხლის სიხარულთან, ასევე შეხვდებით უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევს, თვალწარმტაც და უნიკალურ პეიზაჟებს. ესპანეთის მრავალფეროვანი ბუნება, გეოგრაფიული, კლიმატური და პეიზაჟების კონტრასტი მის ყველა რაიონში იგრძნობა.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფლამენკო (ესპანურად Flamenco) არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი, რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო. ფლამენკო ესპანური, ბოშური და არაბული ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.
კორიდა სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირენეს ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს, რომლებიც ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ. თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო. უკვე ესპანეთის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა. თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არქიტექტურა — კორდოვის ისტორიული ცენტრი, ალჰამბრა, ესკორიალის მონასტერი მადრიდში, ძველი ქალაქი სეგოვია და მისი აკვედუკი, ისტორიული ქალაქი ტოლედო, ოვიედოს ასტურიული მონუმენტები, სანტა მარია დე გვადალუპეს სამეფო მონასტერი;
- ლიტერატურა — ესპანური ეპოსი: სიმღერა ჩემს სიდზე (XII ს.).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ესპანეთი
- ესპანეთის სამეფო ოჯახი
- ესპანეთის პრემიერ-მინისტრი დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine.
- ესპანეთის სენატი დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine.
- ამინდის პროგნოზი[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Anuario estadístico de España 2006. 1ª parte: entorno físico y medio ambiente. ციტირების თარიღი: 5 June 2014.
- ↑ Estadística continua de población. ECP. Datos provisionales 01/07/2023. Instituto Nacional de Estadística (INE). ციტირების თარიღი: 1 November's 2024.
- ↑ Censos de Población y Viviendas de 2011. Instituto Nacional de Estadística (INE). (ესპანური)
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Spain. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 27 June 2014.
- ↑ Gini coefficient of equivalized disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 22 July 2014.
- ↑ 2014 Human Development Report გვ. 21–25 (14 March 2013). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
- ↑ The Spanish Constitution. Lamoncloa.gob.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 26 April 2013.
|
|
|