სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.
რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (საიდანაც მოდის თამაშის სახელწოდება) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს — Rugby-football-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი – მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წლის 27 მარტს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი — შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს.