აისინგიორო სიუანე
აისინგიორო სიუანე | |
---|---|
ჩინ. 玄燁 მანჯურიული ენა ᡥᡳᠣᠸᠠᠨ ᠶᡝᡳ | |
Aisin Gioro Xuanye | |
ჩინეთის იმპერატორი | |
კორონაცია: | 18 თებერვალი 1661 |
მმართ. დასაწყისი: | 1661 წ. |
მმართ. დასასრული: | 20 დეკემბერი 1722 |
წინამორბედი: | აისინგიორო ფულინი (შუნჯი) |
მემკვიდრე: | აისინგიორო ინჯენი (იუნჯენი) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 მაისი, 1654 |
დაბ. ადგილი: | პეკინი, ჩინეთი |
გარდ. თარიღი: | 20 დეკემბერი, 1722 (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | პეკინი, ჩინეთი |
დაკრძ. ადგილი: | აღმოსავლეთ ცინი |
მეუღლე: | 64 მეუღლე |
შვილები: | 32 ვაჟი |
დინასტია: | ცინის დინასტია |
მამა: | აისინგიორო ფულინი (შუნჯი) |
დედა: | სიაოკანჯანი |
აისინგიორო სიუანე (დ. 4 მაისი, 1654 — გ. 20 დეკემბერი, 1722) — მანჯურიელი იმპერატორი ცინის დინასტიიდან. მანჯურიული დინასტიის მეოთხე წარმომადგენელი, მთელი ჩინეთის მმართველი. მისი სახელია სიუანე. იგი ტახტზე ავიდა 6 წლის ასაკში და ქვეყნის მართვა დაიწყო დევიზით: "კანსი" („წარმატებული“ და „გაბრწყინებული“). ამის გამო, იმპერატორი „კანსის“ სახელით მოიხსენიება. ჩინეთის ისტორიაში 61-წლიანი მმართველობა რეკორდულად გრძელი პერიოდია. „კანსის ეპოქა“ გახდა კეთილდღეობის, „ოქროს საუკუნე“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგენტების მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომაკვდავმა იმპერატორმა შუნჯიმ სიკვდილის წინ, 1661 წელს შექმნა ოთხი კაცისაგან შემდგარი რეგენტთა ჯგუფი თავად აობაის მეთაურობით. მათ უნდა ემართათ ქვეყანა იმპერატორ კანსის სრულწლოვანებამდე, რომელიც იმ მომენტისათვის იყო მხოლოდ 6 წლისა. რეგენტებმა და სხვა მანჯურიელმა არისკოკრატებმა დაუყოვნებლივ ჩამოახრჩეს საჭურისთა მეთაური და გაანადგურეს მათი გავლენა სასახლის კარზე. იმ ხანად საჭურისები დიდი გავლენით სარგებლობდნენ ჩინეთის იმპერატორთა კარზე. პარალელურად დაიწყო ევროპელი მისიონერებისა და ქრისთიანთა დევნა, რომლებიც მომრავლდნე ქვეყანაში იმპერატორ შუნჯის მეფობისას. 1660-ან წლებში შიდადაპირისპირებების ფონზე რამდენადმე პარალიზებულ იქნა ცინის მთავრობის აქტიურობა. თავადმა აობაიმ მთელი ხელისუფლება მოიქცია ხელში, შექმნა სასახლესთან ძლიერი სასამართლო და რვა წლის განმავლობაში (1661—1669) ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას. მოწინააღმდეგეების უმოწყალო ხოცვით მთავარმა რეგენტმა ძმათაშორის შუღლი გააჩაღა ზედა ეშელონემბში, რამაც ქაოსამდე მიიყვანა სახელმწიფო საქმეები.
1669 წელს ახალგაზრდა კანსიმ და მისმა ბიძამ სონგოტუმ დაამარცხეს აობაი და დაშალეს მისი სასამართლო. სახელმწიფო საქმეების წარმოება ხელში აიღო სონგოტუმ, ასევე, იგი გახდა რეგენტთა საბჭოს და მმართველთა ლიდერი ცხრა წლის განმავლობაში (1669—1678). ფქტიურად სონგოტუ იყო ცინის იმპერიის მმართველი ახალგაზრდა ბოგდიხანის (ჩინეთის იმპერატორთა ტიტული) პერიოდში. 1669 წლის სასახლის გადატრიალება და აობაის განეიტრალება მოხდა იმ მომენტში, როცა ჩინური საზოგადოების ზედა ფენებში უკმაყოფილების დუღილი დაიწყო. მღელვარების ჩასახშობად თავადი სონგოტუ და მისი მომხრეები მთელ რიგ დათმობებზე წავიდნენ. მასების უკმაყოფილების აღმოფხვრით და ზურგის გამაგრებით სონგოტუს მთავრობამ ფაქტობრივად გააძლიერა ჩინეთში მანჯურიული რეჟიმი.
კანსის ეპოქის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1679 წელს კანსიმ მმართველობას ჩამოაშორა თავადი სონგოტუ და ხელში აიღო ძალაუფლება. ამ მომენტიდან დაიწყო ე.წ. „კანსის ეპოქა“. საკუთარი ხელისუფლების გაძლიერებით იმპერატორმა დაასუსტა რეგენტების და ადგილობრივი მთავრების ძალაუფლება და გავლენა სასახლეში. ის დამოუკიდებლად იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და თავად ხელმძღვანელობდა ჩინეთის ომებს.
1680-ანი წლებიდან ჩინეთში დაიწყო შეიარაღებული ბრძოლების მკვეთრი დაცემა. კანსის 60-წლიანი მმართველობის პერიოდში მოხდა 50-ზე მეტი დიდი და მცირე აჯანყება მანჯურიელი დამპყრობლების წინააღმდეგ — ორჯერ ნაკლები, ვიდრე სამეფო ტახტზე მისი მამის ყოფნის 18 წლის მანძილზე. ე. ი. ანტიცინური მოძრაობა 6/7-ჯერ დაეცა, ამასთან, აჯანყებათა ძირითადი ნაწილი მოდიოდა „სამი ვასალის ომის“ მე-8 წელს (1673—1681).
1681 წლიდან ცინის ხელისუფლებამ კურსი აიღო სოფლის მეურნეობის აღდგენისა და დიდი ხნის მანძილზე დაცემული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დაიწყო დაზიანებული და დანგრეული კაშხლების, არხების, სარწყავი სისტემების და გზების შესაკეთებლად აღდგენითი სამუშაოები. კანსი პირადად იყო დაინტერესებული ჰიდროტექნიკური სამუშაოებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვებით და წყალდიდობისაგან ქვეყნის დაცვით. ის პირადად არაერთხელ ეწვია მდინარე იონდინგეზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს პეკინის მახლობლად, რომელიც ხშირად დიდდებოდა და კალაპოტს იცვლიდა. იმპერატორი მნიშვნელოვან რჩევებს აძლევდა ინჟინერ იუ ჩენლუნუს, რომელიც მშენებლობას ხელმძღვანელობდა.
1683 წელს ტაივანის დაპყრობის შემდეგ განვითარდა შიდასამიმოსვლო გემთმშენებლობა და ვაჭრობა ჩინეთის საზღვაო სანაპიროებთან. 1684 წელს ცინის მთავრობამ უცხოელებთან ვაჭრობაზე შეზღუდვები მოხსნა, დააწესა ხაზინის მკაცრი კონტროლი და მონოპოლიებისა და შეზღუდვების სისტემა.
უნარიანმა ადმინისტრატორმა, ჭკვიანმა პოლიტიკოსმა და გაქნილმა დიპლომატმა კანსიმ თავის ხელში მოაქცია მთელი ხელისუფლება. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ექვს უწყებას. თავად წყვეტდა უმნიშვნელოვანეს საკითხებს. იმპერატორმა აკრძალა ქრისტიანთა დევნა, უკან დააბრუნა მისიონერები, სწავლობდა მათგან მათემატიკასა და სხვა მეცნიერებებს, ერთ-ერთი მათგანი, ფერდინანდ ვერბისტი ადმინისტრაციული მმართველობის ხელმძღვანელადაც კი დანიშნა. XVII ს. ბოლომდე იეზუიტები დარჩნენ კანსის ერთგულ მრჩევლებად. ისინი ეხმარებოდნენ მას იარაღის ჩამოსხმაში, ზუსტ მეცნიერებებში, ევროპული ენებიდან თარგმანსა და დიპლომატიაში.
კლასიკური ჩინური განათლების მიღების შემდეგ, კანსი გახდა გულწრფელი კონფუციანელი. ის ეთაყვანებოდა ლიტერატურას, კონკურენციას უწევდა კონფუციანელ სწავლულებსა და მეცენატებს. მკაცრად ადევნებდა რა თვალს მოსახლეობის გუნება-განწყობას ნაცვლად შუნჯის 6 სწავლებისა, მან შეიმუშავა 16 მცნება. ეს მცნებები გამოქვეყნდა 1670 წელს, როგორც წმინდა ბრძანებები. ახალი დოკუმენტები შეიცავდა მთელ რიგ ფისკალურ-პოლიციურ-მორალური ხასიათის მცნებებს. იმპერატორი დოკუმენტების ენით არწმუნებდა ადამიანებს, რომ სრულად გადაეხადათ გადასახადები, მონაწილეობა მიეღოთ საერთო-საპასუხისმგებლო ღონისძიებებში, გაეცათ ქურდები და ყაჩაღები, არ დაეფარათ დევნილები და ა.შ.
ბრძოლა რუსეთთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსი კაზაკების, სამხედრო მოსამსახურეებისა და ემიგრანტების მომრავლებამ ამურის აუზის შუა წელში კანსის მთავრობა აიძულა მოსკოვის სახელმწიფოს გაფართოების საწინააღმდეგოდ შეექმნა პლაცდარმი. 1674 წელს, დაარსდა გირინის ციხე მდინარე სუნგარიზე. ორი წლის შემდეგ აქ გადმოყვანილ იქნა ნინგურტის სამხედრო ნაწილი.
ცინის დინასტიის სამფლობელოთა გაუკაცრიელება ჩრდილო-აღმოსავლეთში მკვეთრად ართულებდა თავდაცვის ამოცანას და მანჯურიელთა "წმინდა სამშობლოს" ხელშეუხებლობად შენარჩუნებას. თავად ჩინელი (საკუთრივ ჩინეთიდან — ჩინეთის დიდი კედლის სამხრეთიდან) და მონღოლი (დასავლეთიდან), აგრეთვე, ჟენშენის კონტრაბანდული მოვაჭრეებისაგან თავდაცვის მიზნით 1678 წელს კანსიმ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, მუკდენის სამხედრო მეთაურს ანჩუხუს უნდა აეგო სპეციალურად გამაგრებული ხაზების მთელი სისტემა. მისი მშენებლობა გაგარძელდა 1680-ან წლებამდე და გადაიჭიმა 900 კმ-ზე. ხაზი მანჯურიის სამხრეთს ჰყოფდა სამ ნაწილად.
- სამხრეთ (შეესაბანებოდა თანამედროვე ლიაონინს, სადაც უკვე არსებობდა ჩინელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
- დასავლეთ, სადაც ცხოვრობდნენ მონღოლები.
- და აღმოსავლეთ (თანამედროვე პროვინცია ცილინი, რომლის მიახლოებაც არამანჯურიელებისთვის მკაცრად კონტროლდებოდა.
ჩინელებთან ომის დასრულების და ტაივანის შემოერთების შემდეგ კანსიმ დიდი ყურადღება დაუთმო მოსკოვის სახელმწიფოსთან ომს ამურისპირეთში. მანჯურიის სასახლე ცდილობდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ხალხას რეგიონის ხანების ლაშქრობების ორგანიზებას, პირველ რიგში კი ტუშეტუ-ხან ჩიხუნდორჟას და მისი ძმის, მონღოლთა ეკლესიის მეთაურის,უნდურ-გეგენა ძანაბაძარასი. ცინის სახლმა მოუწოდა ტუშეტუ-ხანს, გაელაშქრა ბაიკალისპირეთში და გაეთავისუფლებინა რუსეთის მეფის მფლობელობაში გადასული ბურიატები და სხვა ხალხები. მაგრამ ტუშეტუ-ხანს და უნდერ-გეგენას მოსკოვის სახელმწიფოსთან სავაჭრო კავშირები უბიძგებდა ლავირების პოლიტიკის წარმოებას. სელენგინთან განცდილი მარცხის გამო კი 1688 წელს, ტუშეტუ-ხანი, საბოლოოდ, გამოეთიშა ომს.
ხალხის შეერთება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ პერიოდში მანჯურიელთა ყურადღება მიპყრობილი იყო ხალხას და ჯუნგარიისაკენ. მათთვის განსაკუთრებით საშიში იყო ჯუნგარიის (ოირატების სახანო, რომელიც მონღოლი ტომების ძირითად გამაერთიანებელს წარმოადგენდა. კანსი ყოველი შემთხვევისათვის ეწინააღმდეგებოდა ჯუნგარი ხანებისა და ტიბეტის უზენაესი ლამების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისაკენ მისწრაფებას. ის, შეძლებისდაგვარად, ხელს უწყობდა ხალხას ხანების მისწრაფებას სეპარატიზმისაკენ და ჩრდილოეთ მონღოლეთში შიდაომებისაკენ აქეზებდა მოსახლეობას.
1687—1688 წწ. მიმდინარეობდა ხალხა-ჯუნგარიის ომი, რომელშიც კანსმა დამოუკიდებელი არბიტრის როლი გაითამაშა.
სახელმწიფოს განმტკიცება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1712 წელს კანსიმ გაატარა საგადასახადო რეფორმა, რომელმაც 1712-1720 წწ. გააუმჯობესა სოფლად არამიწათმოქმედი მოსახლეობის და გაჭირვებულ გლეხთა ყოფა-ცხოვრება, ასევე, წვრილი ვაჭრებისა და მეწარმეების, ტრანსპოტრის და სხვ. მდგომარეობა. რეფორმამ ხელი შეუწყო სასოფლო ეკონომიკის შემდგომ აღმავლობას და დააჩქარა მძიმე მდგომარეობიდან ხანებში მისი გამოყვანა.
ჩინელთა და სხვა დაპყრობილ ხალხთა შორის სიძულვილის შემცირების მიზნით, კანსიმ აკრძალა მანჯურიელთა მიერ მიწების, სახლებისა და სხვა ქონების წართმევა. ჩინელ დიდკაცობასთან მანჯურიელთა კავშირის განმტკიცების მიზნით, კანსი ყოველმხრივ იზიდავდა ჩინელებს თავის მხარეს. მაგ: შეიმუშავეს ფართო კულტურული პროგრამები, გაიზარდა ჩინური „შენშის“ (დიდკაცობის) და მიწათმოქმედთა მონაწილეობა სამოქალაქო ადმინისტრაციაში. იმავე დროს, იმპერატორი მიისწრაფოდა - არ დაეშვა რომელიმე ჩინური არისტოკრატიული გვარის ან კლანის გაძლიერება ადგილებსა და ცენტრალურ აპარატში. ამ მიზნით, 1700 წელს მკაცრი კვოტები დააწესეს «ცზიუიჟენის» სტატუსის მოსაპოვებლად, რომელიც გზას ხსნიდა ჩინოვნიკური ხარისხებისა და ადმინისტრაციული თანამდებობისაკენ.
იდეოლოგიური და რელიგიური პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიისწრაფოდა რა ჩაეხშო შენშისა და ინტელიგენციის ოპოზიციური განწყობა, კანსიმ ორგანიზება გაუკეთა ენციკლოპედიის, ანთოლოგიის, ლექსიკონის და სხვა მრავალტომეულების გამოცემას. ამ მიზნის განსახორციელებლად მან დიდი რაოდენობის სახსრები გამოჰყო. მისი ბრძანებით გამოიცემოდა ძველი და შუა საუკუნეების ჩინური ლიტერატურა. ამ საქმით იყო დაკავებული მრავალი სწავლული ადამიანი - ისტორიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები, ფილოლოგები, მწერლები, კალიგრაფები, მხატვრები, გრავიორები, რომლებიც იღებდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოს და ხელსაყრელ ლიტერატურულ და სარედაქციო შეკვეთებს.
ფართო ლიტერატურული შრომის ორგანიზებას იმპერატორი იყენებდა შერჩევის, ცენზურის და სადამსჯელო ღონისძიებებისათვის. გამოსაცემად მომზადებული ნაწარმოებებიდან იღებდნენ ყველა საეჭვო ადგილს: თავისუფლებისმოყვარე აზრებს, უხერხულ ფაქტებს, ჩინური ეროვნული იდენტობის განსამტკიცებლად მიმართულ მანჯურიელთა და სხვა უცხო დამპყრობთა საწინააღმდეგო აშკარა მინიშნებებს. ჩინური კულტურის იშვიათი ძეგლების შეგროვებას, მათ გამოცემას და კომენტირებას ერთი მიზანი ჰქონდა - ისტორიული მემკვიდრეობის რევიზია, კერძოდ, გასწორება, შემოკლება ან არახელსაყრელი ტექსტების განადგურება. საგანგებო კომისიები და კოლეგიები ახორციელებდნენ ნაწარმოებთა ცენზურირებასა და ფალსიფიცირებას, რასაც თავად იმპერატორი აფარებდა ხელს. იმავე სწავლულების მიმართ, ვინც ქედს არ მოიდრეკდა მანჯურიელთა წინაშე, კანსი შეუბრალებელი იყო. 1711 წელს დააპატიმრეს დაი მინში, რომელმაც თავის ნაშრომში მოათავსა მოწოდება ანტიმანჯურიული ბრძოლის შესახებ. მეცნიერი გაანადგურეს, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები - 100-ზე მეტი ადამიანი ჩამოახრჩვეს.
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კანსი იდეოლოგიას. ის ყოველმხრივ აძლიერებდა ნეოკონფუციანიზმის პოზიციებს. სრულად აღადგინა ყველა კონფუციანური იდეოლოგიის საგანმანათლებლო დაწესებულება და საგამოცდო სისტემა, ყოველმხრივ იზიდავდა საიმპერატორო სასახლისკენ სწალულ კონფუციანელებს, თვით მანჯურიელი დიდებულები აიძულა საკუთარი შვილებისათვის მიეცათ კონფუციანური განათლება. კანსიმ სათანამშრომლოდ გაუწოდა ხელი ჩინურ ჩინოვნიკურ-შენშურ ელიტას. გააფართოვა მათი უფლებები სახელმწიფო აპარატში. ამით განამატკიცა ცინის იმპერია, როგორც ცენტრალიზებული სახელმწიფო.
ყველაფერთან ერთად, კანსი ავლენდა ღრმა რელიგიურ შემწყნარებლობას. სარგებლობდნენ რა მისი მდგომარეობით, 1692 წელს იეზუიტებმა მიაღწიეს იმპერატორისაგან თანხმობას ჩინელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებაში. რელიგიური სინკრეტიზმის მორჩილებას ჩინელი ნეოფიტები უთავსებდნენ ქრისტესა და კონფუცის, როგორც წინაპართა კულტის თაყვანისცემის შერწყმას ერთმანეთში. მისიონერები და ვატიკანი ცდილობდნენ კანსიზე გავლენის მოხდენას. ამ მიზნით, 1705/1720 წწ. მათ მოითხოვეს კანსისგან ახალგაქრისტიანებულებისათვის შეეზღუდათ ჩინური ტრადიციული რწმენა-წარმოდგენების შენარჩუნების უფლება. კანსიმ უარყო ეს წინადადება, როგორც იმპერიის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა. წინააღმდეგობასთან შეჯახებისას იმპერატორმა უმკაცრესი ზომები მიიღო. მაგალითად, რომის პაპის ერთ-ერთი ლეგატი ციხეში გარდაიცვალა, მეორე გააძევეს. მიუხედავად ამისა ქრისტიანობის ქადაგება მაინც არ შეჩერებულა.
ომი ჯუნგარებთან. ლაშქრობა ტიბეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანსიმ მიზნად დაისახა ჯუნგარების სახანოს განადგურება და ტიბეტის მოქცევა მანჯურიერლი ცინების იმპერიის ბატონობის ქვეშ. ამ ქვეყნებში პოლიტიკური მდგომარეობა შეამსუბუქა პეკინის პოლიტიკის გატარებამ. 1705—1710 წწ. ტიბეტში იფეთქა ხელისუფლებისათვის ბრძოლამ ხოშუტ მმართველ ლჰავზან-ხანსა და ტიბეტის რეგენტ სანგიე გიაცოს შორის. თავისი გავლენის დამყარების მიზნით იმპერატორი მხარს უჭერდა ხოშუტებს. ჩინეთში კარგად გაიგეს, რომ მონღოლებზე მმართველობა ვერ იქნებოდა ძლიერი ლჰასადან რელიგიური მხარდაჭერის გარეშე, ანუ მანჯურიელებისათვის მონღოლეთის ბუდისტურ ეკლესიაზე დალაი-ლამას კეთილსასურველი ზემოქმედების გარეშე. უფრო მეტიც, მოცემულ ეტაპზე კანსი მიისწრაფოდა ხოშუტების ხელით დაესუსტებინა ლჰასას მმართველები, რომ შედეგად ორივე მხარე დაემორჩილებინა ბოლოს.
ჯუნგარიაში გალდან-ბოშოგტუს სიკვდილის შემდეგ ოირატის ხანი გახდა მისი ძმისწული ცებან რაბდანი. მან კვლავ გააერთიანა ოირატის ოთხივე აიმაკი, აღადგინა დაცემის პირას მისული ჯუნგარიის სახანო. როგორც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა, ახალმა ხანმა არაერთხელ უარყო კანსის წინადადება ბოგდიხანის მოხარკეობის შესახებ. ორივე მხარე აქტიურად ემზადებოდა საომრად. ცებან რაბდანმა კანსისაგან მოითხოვა გალდან-ბოშოგტუსათვის წართმეული მიწების უკან დაბრუნება. პეკინმა უარყო ეს წინადადება და თავის მხრივ, იმპერატორმა დაჟინებით მოითხოვა ოთხივე სათავადო-აიმაკისათვის დამოუკიდებლობის მინიჭება. ეს ფაქტობრივად ჯუნგარიის სახანოს შიგნიდან აფეთქებას და ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებას ნიშნავდა. ცებან რაბდანის ბუნებრივმა უარმა დააჩქარა ომის დაწყება. იმ დროისათვის იმპერატორი აგებდა დიპლომატიურ კავშირებს ოირატ მმართველებთან. 1703 წელს ყალმუხეთის სახანოს ელჩი ეწვია ცინის სასახლეს. 1709 წელს რუსული ხელისუფლების თანხმობით ცინების ჩინეთში გაემგზავრა მეორე ყალმუხური ელჩობა სამტანის მეთაურობით. 1712 - 1714 წწ. ცინების საელჩომ მიავლინა დელეგაცია ყალმუხეთის ხან აიუკესთან (1672 - 1724) ტულიშენის მეთაურობით. ელჩობის მიზანი იყო ჩინურ-ყალმუხური კავშირის შექმნა ჯუნგარიის წინააღმდეგ.
1715 წ. დაიწყო მეორე ომი ცინის იმპერიასა და ჯუნგარიის სახანოს შორის, რომელიც მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. ცებან რაბდანმა თავისი ვასალის ცერენ დონდუბი უფროსის ძალებით 1717 წელს აიღო ტიბეტი. ამით ისარგებლა კანსიმ და ორი კოლონა ჯარი გააგზავნა ლჰასაში 1720 წელს სიჩუანიდან და ცინხაიდან ხალხას მთავარი ცხენოსნების გერბისა და იან სინას მეთურობით, აგრეთვე, ოირატების წინააღმდეგ განაწყო ტიბეტელი მებაჟეები კამიდან. ოირატები დამარცხდნენ და დატოვეს ტიბეტი. ამან გააძლიერა ცინის იმპერიის გავლენა ცენტრალურ აზიაზე. ომის დამთავრების შემდეგ მანჯურიელებმა ლჰასაში დატოვეს ორიათასკაციანი მონღოლური გარნიზონი. 1723 წლამდე ტიბეტის ხელისუფლება დამოკიდებული იყო მანჯურიელ რეზიდენტზე.
ურთიერთობა ჩოსონთან და რიუკიუსთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცინის დინასტიას დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ჩოსონის სამეფოსთან და რიუკიუს სახელმწიფოსთან. 1717 წელს მან მიავლინა თავისი ელჩობა ჩოსონის მმართველ სუკჩონუსთან, ხოლო 1719 წელს მსგავსი ელჩობა მიავლინა რიუკიუს სამეფოს მმართველ სიო კეისთან. ცინის დინასტიის ელჩობამ სიო კეის გადასცა იმპერატორ კანსის სიგელი რიუკიუს მმართველად მისი აღიარების შესახებ.
ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერატორ კანსის და მისი მემკვიდრეების შიდაპოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ეროვნული უმცირესობების რეალური დამორჩილების პოლიტიკა. კანსიმ წამოიწყო ხანგრძლივი კამპანია, რომელიც მიმართული იყო ამ ხალხების საერთოიმპერიული ბიუროკრატიული კონტროლის სისტემაში ჩასართავად და საგადასახადო ექსპლუატაციისათვის. ეს ნიშნავდა ვასალი ქვეყნების გადაქცევას ჩვეულებრივ ქვეშევრდომებად. 1704 წელს კანსის ბრძანებით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ხუნანის, გუიჯოუს, იუნანის და გუანსის რაიონებში ადგილობრივი წარჩინებული მემკვიდრეობით უხუცესი ჩინოვნიკობის ნაცვალად შემოიღო საერთოჩინური ჩინოვნიკური სისტემა.
იმპერატორი კანსი გარდაიცვალა 1722 წელს, თავისი ცხოვრების 68-ე წელს. იმპერიული კლანის დიდი მოლოდინის და მისი მრავალრიცხოვანი ვაჟების წინააღმდეგობის მიუხედავად, მემკვიდრე იმპერატორად დასახელდა იუნჯენი.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამა: იმპერატორი შუნჯი
- დედა: დედოფალი სიაოკანჯანი, ქვრივობაში დედოფალი ციხე.
მეუღლეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანსის სულ 64 მეუღლე ჰყავდა. დედოფლებს განსხვავებული ტიტულებით მოიხსენიებდნენ. მაგალითად, ოთხ მათგანს მოიხსენიებდანენ „დედოფლის“ ტიტულით, რამდენიმეს „კეთილშობილი მეუღლის“ ტიტულით, ერთს „პატივცემული კეთილშობილი“ მეუღლის ტიტულით, ზოგს, უბრალოდ, „მეუღლის“ ტიტულით და ა.შ.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანსი ჩინეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მართავდა ქვეყანას. მას ცინის დინასტიის ნებისმიერ იმპერატორთან შედარებით ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა. ბავშვების უმრავლესობა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა სხვადასხვა დაავადებათაგან. ოფიციალურად ითვლება, რომ იმპერატორს 24 ვაჟი და 12 ქალიშვილი ჰყავდა.
კანსი კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპიუტერულ თამაშებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კომპიუტერულ თამაშში - მესამე იმპერიის ასაკი: აზიური დინასტია, კანსი გამოყვანილია, როგორც ჩინური ცივილიზაციის ლიდერი.
ფილმებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანსის ეპოქა მრავალ ფილმსა და სატელევიზიო სერიალშია ასახული. ფილმების გადაღების ბუმი დაიწყო 2000-ანი წლებიდან.
- „ყოველ ნაბიჯზე გასაოცარი“ (Startling by Each Step / Bu Bu Jing Xin) — რეჟისორ ლი-კვოკ-ლაპას სერიალი (ჩსრ, 2011); კანსის როლში — დამიან ლეი.
- „სასახლე“ (ჯედე პალასი) — რეჟისორ ლი ხუეიჯუს ტელესერიალი (ჩსრ, 2012); კანსის როლში — კენ ტუნი.
- „სასახლე“ (Gong Suo Chen Xiang) — პეჟისორ პან ანსის ფილმი (ჩსრ, 2013); კანსის როლში — უინსტონ ჩაო.
- „სიცოცხლის ქრონიკები“ — რეჟისორ ძიან ლაიჩუნის ტელესერიალი (ჩსრ, 2016); კანსის როლში — ჰავიკ ლეი.
- „ლეგენდა დრაკონის მარგალიტზე“ (Legend of Dragon Pearl) — ტელესერიალი (ჩსრ, 2017); კანსის როლში — ძინ ძუნძი.
- „კანსის ეპოქა“- ტელესერიალი (ჩსრ,2001); კანსის როლში — ჩენ დაომინგი.
- „იმპერატორ კანსის საიდუმლო ისტორია“ - ტელესერიალი (ჩსრ,2001); კანსის როლში — სია უი.