შინაარსზე გადასვლა

თავჰიდი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

თავჰიდი (არაბ. توحيد; თავჰიდ, ერთობა) ან თევჰიდი, არის ისლამის ძირითადი პრინციპი, იბრაჰიმისეული ერთღმერთიანობა. ისლამის სწავლების თანახმად, ღმერთი არის ერთადერთი (არაბ. الواحد; ალ–ვაჰიდ)[1] და უბადლო (არაბ. الأحد; ალ–აჰად)[2]. ისლამური სწავლება სწორედ ამ ამოსავალ წერტილზეა დაფუძნებული – როგორც იბრაჰიმის რწმენის აღდგენა.
ისლამური სწავლებით, ჭეშმარიტი ერთღმერთიანობის სწავლება გაამრუდეს და დაამახინჯეს როგორც იუდევლებმა რჩეული ერის ტიტულის რელიგიაში შემოტანით, ამ სტატუსის თავის თავზე მინიჭებითა და რელიგიის ნაციონალისტურ საბურველში შეხვევით, ასევე ქრისტიანებმა სამების ცნების რელიგიაში შეტანით და ღმერთისთვის თანაზიარების გაჩენით.[3]
ისლამის აღიარების ფორმულის, შაჰადის პირველი ნაწილი არ არის ღვთაება [თაყვანისცემის ღირსი], გარდა [ერთი] ღმერთისა (არაბ. لا إله إلا الله; ლა ილაჰა ილლა ლ–ლაჰ) ითვლება თავჰიდის სიტყვიერ გამოხატულებად.

თავჰიდი წარმოდგება არაბული სამთანხმოვნიანი ფუძისგან ვ–ჰ–დ (არაბ. وحد), რომელიც ერთს, სიმარტოვეს, უნიკალურობას აღნიშნავს.

ღმერთის ერთობასა და მის უბადლობაზე ისლამის ყველა მიმდინარეობა თანხმდება. მაგრამ მისი სხვადასხვა მიმდინარეობა სხვადასხვანაირად განმარტავს მის ერთობას, მის სახელ–თვისებებსა და თავჰიდის მნიშვნელობას.

სალაფიტები ყველაზე მკაცრად უდგებიან თავჰიდის საკითხს. სალაფიტთა შეხედულებით, მთლიანი თავჰიდი იყოფა სამ შემადგენელ ნაწილად, კერძოდ ესენია ერთღმერთიანობა უფლობაში (არაბ. الربوبية; არ–რუბუბია), ღვთისმსახურებასა და ღვთიური ბუნების მფლობელობაში (არაბ. الألوهية; ალ–ულუჰია) და სახელ–თვისებებში (არაბ. الأسماء والصفات; ალ–ასმა'ა ვა ს–სიფათ).

  • თავჰიდ არ–რუბუბია წარმოადგენს ადამიანის მიერ იმის შეგნებას, რომ შემოქმედი, ცისა და ქვეყნის გამჩენი და მეოხი არის ერთი ღმერთი.
  • თავჰიდ ალ–ულუჰია წარმოადგენს ადამიანის მიერ იმის შეგნებას, რომ მისი ყოველგვარი ღვთისმსახურება ეკუთვნის მხოლოდ ერთ ღმერთს და უნდა შესრულდეს მხოლოდ იმგვარად, როგორც ეს ღვთიურ გადმოცემებშია მოცემული.
  • თავჰიდ ალ–ასმა'ა ვა ს–სიფათ წარმოადგენს ადამიანის მიერ იმის შეგნებას, რომ ღმერთის სახელები და თვისებები უნიკალურია და მხოლოდ მას ეკუთვნის. ასევე აუცილებელია ამ სახელთა და თვისება გაგება პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველგვარი ალეგორიული მნიშვნელობის ძიების გარეშე, მაგრამ ამასთანავე თაშბიჰის ასაცილებლად დაუშვებელია ამ სახელ–თვისებათა მიმსგავსება ქმნილებათა იგივე დასახელების სახელ–თვისებებზე.

სალაფიტები გამოირჩევიან თავჰიდის ცხოვრებაში დანერგვის აქტიური და აგრესიული მეთოდიკით. ყოველგვარ სიწმინდეებსა და წმინდა ადგილებს, მათ შორის ისლამურ ისტორიასთან დაკავშირებულს, ისინი საკმაოდ გულცივად უყურებენ. განსაკუთრებით მტრულად უყურებენ ისინი საფლავებზე აგებულ მავზოლეუმებს. მათი აზრით, მსგავსი ადგილების არსებობა თავჰიდ ალ–ულუჰიას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში სალაფიტებმა ხელი მიჰყვეს საფლავებზე აგებული სალოცავების განადგურებას ნაჯდსა და ჰიჯაზში, მათ შორის მექასა და მედინაში, ასევე ილაშქრეს თანამედროვე სამხრეთ ერაყში, სადაც ეცადნენ დაენგრიათ ში'იტთა მავზოლეუმები, რომლებიც ნაჯაფსა და ქარბალაში იყო აგებული. მაშინ მავზოლეუმები ოსმალთა სამხედრო ჩარევის შედეგად გადარჩა, თუმცა 1925 წელს მედინის სასაფლაო, ჯანნათ ალ–ბაყი', სადაც დაკრძალული იყო მრავალი ადრეული ისლამის მოღვაწე, მათ შორის მუჰამმადის ﷺ ბიძები, მამიდები, ვაჟი იბრაჰიმი, შვილიშვილები და მრავალი სხვა ნათესავი, მთლიანად მიწასთან იქნა გასწორებული და ყოველი მავზოლეუმი იქ დანგრეულ იქნა. 1998 წელს დაანგრიეს მავზოლეუმი მუჰამმადის ﷺ დედის, ამინა ბინთ ვაჰბის საფლავზე. თავად მუჰამმადისა ﷺ და პირველი ორი ხალიფას, აბუ ბაქრისა და 'უმარის საფლავები, რომელიც მედინის მეჩეთშია მოქცეული, დაკეტილია და ხალხისთვის მიუწვდომელი.<br /

2012 წლის 27 ივნისს სალაფიტებმა ხელში ჩაიგდეს ტომბუქტუ და დაიწყეს იქ არსებული მავზოლეუმების განადგურება. [4]

2013 წლის 3 მაისს სირიელმა აჯანყებულებმა გაანადგურეს მუჰამმადის ﷺ ერთ–ერთი თანამიმდევრის, ჰუჯრ იბნ 'ადის მავზოლეუმი. ნეშტი ამოიღეს და უცნობ ადგილას დაასაფლავეს. [5]

ისლამური სახელმწიფო ასევე აქტიურად ანადგურებს მავზოლეუმებსა და მსგავს ნაგებობს თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე.[6]

აშ'არიტების წარმოდგენა თავჰიდზე სალაფიტების იდენტურია, გარდა სახელ–თვისებებისა. აშ'არიტების შეხედულებით, ღმერთის ზოგიერთი სახელ–თვისება ალეგორიულად არის გადმოცემული ისლამურ ტექსტებში და პირდაპირ მნიშვნელობას არ ატარებს. აშ'არიტების მიხედვით, თავჰიდი არის შეგნება იმისა, რომ ღმერთი ერთადერთია თავის არსებობაში, თავისი მარადიული ატრიბუტების მფლობელობაში და თავის ქმედებებში.[7]

მუ'თაზილიტებიც იზიარებენ აშ'არიტების შეხედულებებს სახელ–თვისებათა ალეგორიული განმარტებების შესახებ, გარდა იმისა რომ არ ცნობენ ყურანს, როგორც ღმერთის სიტყვას, მის მარადიულ თანმდევსა და მის თვისებას.

სუფიებს მიაჩნიათ რომ თავჰიდი არის რამდენიმე საფეხუროვანი. მაგალითად თავჰიდ ალ–'ამმა (არაბ. توحيد العامة; საერთო თავჰიდი) იყო მიურიდებისა და ჩვეულებრივი ხალხისთვის და ნიშნავდა მრავალღმერთიანობისა და სხვა რელიგიების უარყოფას. მურშიდი კი ღმერთთან ურთიერთობისა და საკუთარი თავის სრულყოფის საფუძველზე აღწევდა თავჰიდ ალ–ირადის (არაბ. توحيد الإرادي; ნების თავჰიდი), ანუ მისი ნება–სურვილის აბსოლუტურ თანხვედრას ღმერთის ნება–სურვილთან, ხოლო შემდეგი საფეხური იყო თავჰიდ აშ–შუჰუდი (არაბ. توحيد الشهود; გარეგნული თავჰიდი), ანუ მისი სხეულიც ღმერთისა ხდებოდა და ამით იგი აღწევდა ფანა ფი ლ–ლაჰის (არაბ. فناء في الله; ღმერთში გაუჩინარებული) საფეხურს, ანუ იგი წყვეტდა არსებობას და არსებობდა მხოლოდ ღმერთი.

ამგვარი საფეხურის მიღწევა პირველად დაიჩემა მანსურ ალ–ჰალლაჯმა, ბაღდადელმა სუფიამ, რომელიც სინდის მხარეში მოგზაურობისას გაეცნო დარმულ რელიგიებს, რომლებშიც არსებულმა ნირვანის, მედიტაციის, განკაცებისა და გასხივოსნების სწავლებებმა დიდი გავლენა იქონია მასზე და ერთ–ერთი მედიტაციის დროს მან წამოიძახა – მე ვარ ჭეშმარიტება! ამ გამოთქმის გამო მას ბრალი დასდეს მკრეხელობაში და სიკვდილით დასაჯეს 922 წლის 26 მარტს.[8]

ეს კონცეფცია შემდგომ დაამუშავა და განავითარა იბნ 'არაბიმ, რომელმაც შექმნა ვაჰდათ ალ–ვუჯუდის (არაბ. وحدة الوجود; არსებობის ერთიანობა) პანთეისტური კონცეფცია, სადაც პირველად წამოყენებული იქნა თავჰიდ ალ–ვუჯუდი (არაბ. توحيد الوجود; არსებობის თავჰიდი). ამ კონცეფციის თანახმად, არსებობდა მხოლოდ ღმერთი და ნებისმიერი ქმნილება მისი არსებობის გამოვლინება იყო. ამგვარად ადამიანი რასაც არ უნდა სცემდეს თაყვანს, იგი მაინც ღმერთს სცემს თაყვანს და მრავალღმერთიანობა (შირქი) სწორედ იმის უარყოფაა, რომ ღმერთი ყველაფერში ვლინდება. კლასიკურ ისლამურ მსოფლმხედველობაში იბნ 'არაბის კონცეფცია მკრეხელურად არის მიჩნეული, თუმცა მან ფართო მხარდაჭერა და გავრცელება ჰპოვა სუფიურ წრეებში.

ში'იტების ძირითადი შტოს, იმამიტების მიხედვით, თავჰიდი არის ღმერთის არსებობის ერთობა და კონკრეტული დროის მონაკვეთში იმამის ერთობა. ღმერთის თვისებების ნაწილი (მაგალითად ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისშემსმენობა) მანვე გადასცა იმამებს, ხოლო ღვთისმსახურება ღმერთის მიერ ამორჩეული პიროვნებებისკენ უნდა იყოს მიმართული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ბრძენი ყურანი, სურა არ–რა'დ, XIII, აია 16.
  2. ბრძენი ყურანი, სურა ალ–იხლას, CXII, აია 1.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-13. ციტირების თარიღი: 2014-11-06.
  4. http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo-news/latest/1001/1001.html?id=24631096
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-05. ციტირების თარიღი: 2014-11-06.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-02. ციტირების თარიღი: 2014-11-06.
  7. Ислам: Энциклопедический Словарь. M. 1991 стр. 231.
  8. http://www.khamush.com/sufism/hallaj.html