შინაარსზე გადასვლა

პოტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოტალას სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 29°39′28″ ჩ. გ. 91°07′01″ ა. გ. / 29.65778° ჩ. გ. 91.11694° ა. გ. / 29.65778; 91.11694
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 707
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 707
ინგლ.რუს.ფრ.

პოტალა (ტიბეტ. པོ་ཏ་ལ, ჩინ. 布達拉宮) — სასახლე ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ლჰასაში. სახელი მიიღო პოტალას მთიდან, სადაც ბუდისტური მითოლოგიის თანახმად შებრალების ღმერთი ავალოკიტეშვარა ცხოვრობდა. სასახლე დალაი ლამას რეზიდენციას წარმოადგენდა, სანამ მე-14 დალაი ლამა, 1959 წელს, წარუმატებელი ამბოხის შემდეგ ინდოეთის ქალაქ დხარმასალაში გაიქცეოდა.

სასახლე პირველად 637 წელს ტიბეტის მეფე სონგცენ გამპომ ააშენა, როგორც საჩუქარი თავისი საცოლის, ჩინეთის ტანის დინასტიის პრინცესა ვენ ჩენისადმი. თანამედროვე სასახლის მშენებლობა 1645 წელს, მეხუთე დალაი ლამამ მისი სულიერი მრჩევლების რჩევების შემდეგ დაიწყო. ისინი ასევე მიუთითებდნენ დალაი ლამას, რომ სასახლე იდეალური იყო რეზიდენციად. დღეს კი პოტოლა მუზეუმს წარმოადგენს, რომელსაც არაერთი ტურისტი და ბუდისტი პილიგრიმი სტუმრობს, რომლებიც ბუდისტურ რიტუალებს ატარებენ.

სასახლე უმნიშვნელოდ დაზიანდა 1959 წელს ტიბეტელთა მიერ ჩინეთის წინააღმდეგ აჯანყებისას. ჩინური ჭურვებისგან მხოლოდ ფანჯრები დაზიანდა. ის გადარჩა 1966 წელს კულტურული რევოლუციის დროსაც ჩინეთის ლიდერის პირადი ინტერვენციისას. ამჯერად 100 000-მდე რელიგიური ხელნაწერი, ისტორიული დოკუმტები და ხელოვნების ნიმუშები ან გატანილია ან განადგურებული.

სასახლე აღმართულია ბორცვზე და მთელს ქალაქს მაღლიდან გადმოჰყურებს. შედგება 13 სართულის, 1 500 ოთახისა და 10 000 სამლოცველოსაგან. შენობა გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით 400 მეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთით 350 მეტრზე. მთლიანად მისი სიმაღლე 360 მეტრს აღწევს. ქვის კედლები დაახლოებით 3 მეტრის სისქისაა. საძირკველში კი სისქე 5 მეტრს აღწევს. ქვები მოპირკეთებულია სპილენძით, რაც მათ იცავს მიწისძვრისაგან. შენობის 13 სართული მოიცავს 1 000 ოთახს, 10 000-მდე სიწმინდესა და 200 000-მდე სკულპტურას. ტრადიციის თანახმად პოტალას მთის სამი მთავარი ბორცვი წარმოადგენს ტიბეტის სამ მფარველ სულს.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი კულტურული, რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობის გამო, 1994 წელს იუნესკომ პოტალას სასახლე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ამის შემდეგ დაიწყო სწრაფი მოდერნიზაციის პროცესი, უნდა შეცვლილიყო ირგვლივ არსებული ნაგებობები, რომლებიც პოტალას სასახლის უნიკალურობას არღვევდა. ჩინეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ამ არეალში აიკრძალა 21 მეტრზე მაღალი შენობის აგება. უშუალოდ სასახლის აღდგენაზე იუნესკომ 22.5 მილიონი დოლარი დახარჯა. სასახლის დირექტორის მოთხოვნითა და მხარდაჭერით შეირჩნენ ოსტატები, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით და საჭირო მასალით აღადგენდნენ სასახლის ძველ იერსახეს. რეკონსტრუქცია 1989-1994 წლებშიც ჩატარდა, რაც 7 მილიონ აშშ დოლარამდე დაჯდა.

2003 წლიდან ვიზიტორების რაოდენობა შეზღუდული იყო, 1 600 ადამიანი დღეში. სასახლე მათთვის იღებოდა მხოლოდ 6 საათით. ტურისტთა რიცხვს დღეში 5000-ისთვისაც კი მიუღწევია. 2006 წელს დასრულდა სახურავის შეკეთებაც და იქ მნახველთა ასვლა აკრძალულია შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ამავე წელს გაიხსნა ქინგსანგის რკინიგზა ლჰასაში და ვიზიტორების რაოდენობა 2300-მდე გაიზარდა დღეში. გახსნის საათებიც იზრდება იმ პერიოდში, როცა ტურისტები ემტად მოგზაურობენ, ივლისიდან სექტემბრამდე დღეში 6 000 სტუმარსაც კი იღებენ.

კომპლექსის ცენტრალურ ნაწილს წითელ სასახლეს უწოდებენ მისი მეწამული ფერის გამო, რომელიც დანარჩენი ნაგებობისგან გამოყოფს და გამოარჩევს. ის მოიცავს მთავარ დარბაზებსა და სამლოცველოებს. ასევე წინა დალაი ლამების აკლდამებს. აქ არის ძალიან ძვირფასი დეკორატიული და იუველირული ნამუშევრები, კედლის მხატვრობა, ქვაზე ნაკვეთი და ორნამენტული ნივთები. წითელ სასახლეს მიიჩნევენ უფრო რელიგირ ნაწილად, თეთრს კი ადმინისტრაციულად. წითელი სასახლე მთლიანად ეთმობა რელიგიურ სწავლებას და ბუდისტურ ღვთისმსმსახურებას. აქვეა ბიბლიოთეკები, გალერეები, დახვეული გასასვლელები. იუნესკო იცავს ასევე პუტუო ზონგჩენგის ტაძარს, რომელიც აშენებულია 1767-1771 წლებში. ამერიკაში მას პოტალასთან ერთად ხშირად მოიხსენიებენ თანამედროვე საოცრებებად.

თეთრ სასახლეში კი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული. თუმცა მისი ნაწილი დაცულ ადგილად ითვლება დ იქ მხოლოდ დალაი ლამა ან მისი მოწაფეები შედიან.

არქიტექტურით სასახლე ნამდვილად ჰგავს ციხესიმაგრეს. უამრავი ფანჯრითა თუ სარკმლით, სართულებად განლაგებული სახურავებითა და დიდი ჭიშკრებით.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: