საფრანგეთის ინსტიტუტი
საფრანგეთის ინსტიტუტი | |
---|---|
ფრანგ. L'Institut de France | |
შეიქმნა | 25 ოქტომბერი, 1795 |
ტიპი | სწავლული საზოგადოება |
მდებარეობა | პარიზი, საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
კანცლერი | ქსავიე დარკოსი (2018-დან) |
დამფუძნებელი (-ები) | ეროვნული კონვენტი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ყოფილი სახელი | მეცნიერებათა და ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი |
institutdefrance.fr |
საფრანგეთის ინსტიტუტი (ფრანგ. L'Institut de France) — ოფიციალური აკადემიური დაწესებულება პარიზში. არსებობს 1795 წლიდან. აერთიანებს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებს, ასევე ფრანგული პოლიტიკური სამყაროს ცალკეულ ვეტერანებს. საფრანგეთის ინსტიტუტში შედის 5 აკადემია:
- საფრანგეთის აკადემია
- წარწერებისა და სიტყვაკაზმული მწერლობის აკადემია
- მეცნიერებათა აკადემია
- ნატიფი ხელოვნების აკადემია
- მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემია
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-18 საუკუნის საფრანგეთის რევოლუციამდე ქვეყანაში არსებობდა 6 სამეფო აკადემია: საფრანგეთის, წარწერებისა და მედლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ფერწერისა და ქანდაკების, არქიტექტურის, მუსიკის. 1793 წელს ეროვნულმა კონვენტმა გააუქმა ისინი, ხოლო 1795 წელს დირექტორიამ დააარსა მეცნიერებათა და ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც შედგებოდა 3 კლასისგან (განყოფილებისგან): 1) ფიზიკური და მათემატიკური მეცნიერებები; 2) მორალური და პოლიტიკური მეცნიერებები; 3) ლიტერატურა და ხელოვნება. მეცნიერებათა და ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი განთავსდა შენობაში, რომელიც აგებული იყო არქიტექტორ ლუი ლევოს პროექტით და რომელშიც 1790 წლამდე მდებარეობდა მაზარინის კოლეჯი (ოთხი ერის კოლეჯი). 1803 წელს ნაპოლეონ I-ის განკარგულებით დაიხურა მეორე კლასი, ხოლო მესამის ნაცვლად დაარსდა 3 ახალი: ფრანგული ენისა და სიტყვიერების, ძველი ისტორიისა და ლიტერატურის, ხელოვნების. 1806 წელს მეცნიერებათა და ხელოვნების ეროვნულ ინსტიტუტს ეწოდა საფრანგეთის ინსტიტუტი. 1816 წელს ლუი XVIII-მა შესაბამის კლასებს (განყოფილებებს) დაუბრუნა აკადემიების სახელწოდება. თანამედროვე სტრუქტურა საფრანგეთის ინსტიტუტმა შეიძინა ლუი-ფილიპის დროს, რომელმაც 1832 წელს აღადგინა მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემია (დაარსებული 1795 წელს; დახურული 1803 წელს). საფრანგეთის ინსტიტუტის ამჟამინდელი სტატუსი დაზუსტებულია 2006 წლის 18 აპრილის კანონით, ხოლო მისი საერთო რეგლამენტი დამტკიცებულია 2007 წლის 11 მაისის სამთავრობო დეკრეტით.[1]
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის ინსტიტუტში შემავალ თითოეულ აკადემიას აქვს თავისი საქმიანობის სფერო, წესდება, ფონდი; ირჩევს პრეზიდენტს (მუდმივ მდივანს) და სამეცნიერო მდივანს. ერთი აკადემიის წევრები შეიძლება აირჩიონ სხვა აკადემიებშიც.[1]
საფრანგეთის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ორგანოებია:[1]
- კანცლერი, რომელსაც სამი წლით ირჩევს ცენტრალური ადმინისტრაციული კომისია და ამტკიცებს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი;
- ცენტრალური ადმინისტრაციული კომისია 6 მუდმივი მდივნის (აკადემიას ჰყავს ორი მუდმივი მდივანი) და თითოეული აკადემიიდან არჩეული ორი დელეგატის შემადგენლობით;
- გენერალური ასამბლეა აკადემიების ყველა მოქმედი წევრის შემადგენლობით, გარდა მეცნიერებათა აკადემიისა, რომელიც ასამბლეაში აგზავნის თავის 50 წარმომადგენელს;
- ბიურო, რომელიც შედგება პრეზიდენტის, კანცლერისა და თითოეული აკადემიის ხელმძღვანელისგან;
- პრეზიდენტი, რომელიც ყოველწლიურად აირჩევა როტაციის წესით ხუთი აკადემიის ხელმძღვანელებისგან;
- ტექნიკური, სპეციალური და საკონკურსო კომისიები.
უდიდესი, უპირველეს ყოვლისა ფინანსური, უფლებამოსილებები აქვთ კანცლერსა და ცენტრალურ ადმინისტრაციულ კომისიას.
საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის ინსტიტუტი ისმენს და განიხილავს სამეცნიერო მოხსენებებს, გამოსცემს სამეცნიერო შრომებს, ანიჭებს პრემიებს. პრემიები ფინანსდება სახელმწიფო და კერძო ფონდებიდან, რომელთა მართვასაც ახორციელებს საფრანგეთის ინსტიტუტი. ახალი წევრების მიღება ხდება თითოეული აკადემიის კრებებზე. არჩევნების შედეგებს ამტკიცებს საფრანგეთის პრეზიდენტი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Черкасов П. П. Институт Франции // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 411.