მუზეუმი
მუზეუმი (ბერძ. μουσείο[ν] - მუზათა ტაძარი) — საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია და ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. მუზეუმი შესწავლის, განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისთვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოჰფენს ადამიანთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას.
მუზეუმები გალერიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, ფინანსური მოგებისთვის არ არსებობენ. მუზეუმი შეიძლება იყოს სამთავრობო, არასამთავრობო ან არამოგებიანი, და ასევე კერძო ან საოჯახო.
მუზეუმის სახეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე მუზეუმები გარკვეულ ობიექტზე არიან კონცეტრირებული, და მათი უმრავლესობა შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს ეკუთვნის ხოლმე: სახვითი ხელოვნება, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, ისტორია, კულტურის ისტორია, მეცნიერება, ტექნოლოგია, ბუნებისმეტყველება. ამ კატეგორიებში შეიძლება უფრო სპეციალიზებული მუზეუმები არსებობდეს, მაგ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, ადგილობრივი ისტორიის, ავიაციის ისტორიის, სასოფლო-სამეურნეო ან გეოლოგიის მუზეუმები. მათში, როგორც წესი, არის გამოფენილი ან შენახული მოცემული სფეროს მნიშვნელოვანი ნიმუშები. ეს ნიმუშები კატეგორიზებულია და რეგისტრირებულია მუზეუმის კოლექციაში ნიმუშის ნომრით და მის წარმოშობასა და მნიშვნელობაზე დეტალური ჩანაწერი არსებობს. ადამიანებს, რომლებსაც ეს კოლექციები და გამოფენები ევალებათ კურატორებს უწოდებენ.
ღია-ცისქვეშა მუზეუმები აგროვებენ და თავიდან აგებენ ძველ შენობებს იმ დროისთვის შესაფერისი ბუნებრივი გარემოს შეხამებით. პირველი ასეთი გარე მუზეუმი იყო მეფე ოსკარ II-ის კოლექცია ოსლოსთან, ნორვეგია, რომელიც 1881 წელს გაიხსნა. 1891 წელს ართურ ჰაზელიუსმა სტოკჰოლმთან დააფუძნა ცნობილი სკანსენი, რომელიც შემდგომში მოდელი გახდა ამგვარი გარე მუზეუმებისთვის ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით კი დანარჩენ მსოფლიოში. გარე მუზეუმთა უმრავლესობა მდებარეობს ისეთ რეგიონებში, სადაც ისტორიულად ხის არქიტექტურა ბატონობდა, ამასთან ხის სტრუქტურების გადატანა შედარებით ადვილია მისი თავდაპირველი ღირებულების დაურღვევლად. საქართველოში ასეთი მუზეუმის მაგალითია თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარე ვაკის პარკში. შედარებით მოგვიანებით (პირველად საფრანგეთში) გაჩნდა ასევე ეკომუზეუმები.
არსებობს ასევე მუზეუმ-ქალაქები (მაგ. მცხეთა) და ღია-ცისქვეშა მუზეუმები იმ ადგილას სადაც ადრე ისტორიული ქალაქები ფუქნციონირებდნენ. მაგ. ოლიმპიის არქეოლოგიური მუზეუმი ისტორიულ ქალაქ ოლიმპიის ადგილას საბერძნეთში. ზოგი მუზეუმი ახერხებს ისტორიული ქალაქების ნარჩენების შეგროვებას და მისგან ამ ქალაქის ფრაგმენტების ხელახლა აშენებას მუზეუმის ტერიტორიაზე. მაგ. პერგამონის მუზეუმი (ბერლინი) გერმანიაში.
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული მუზეუმები შეიქმნა როგორც სამეფო ან საგვაროვნო კოლექციები, სადაც მათ მფლობელობაში მყოფი ხელოვნების ნიმუშები შედიოდა. ასეთ გამოფენებს საკვირველებათა ოთახებს ან საინტერესო საგანთა კაბინეტებს უწოდებდნენ.
მუზეუმები ღიაა ხალხისთვის და, როგორც წესი, შემსვლელთათვის მცირე გადასახადი არსებობს. ზოგიერთ მუზეუმში პერმანენტულად ან გარკვეულ დღეებში (მაგ. კვირადღეს) შესვლა უფასოა.
მუზეუმის ექსპონატები კოლექციაში სხვადასხვა საშუალებით ჩნდება. თავად მუზეუმმა ან მასთან ასოცირებულმა ინსიტუტმა შეიძლება ორგანიზება გაუკეთოს ექსპედიციებს მუზეუმისთვის მეტი მასალის ან დოკუმენტაციის მოსაპოვებლად. უფრო ხშირად კი, მუზეუმები შეისყიდიან ექსპონატებს, მიიღებენ გაცვლით, საჩუქრის ან ანდერძის საშუალებით. მაგალითად იმპრესიონისტთა ხელოვნებით სპეცილიზებულმა მუზეუმმა შესაზლოა საჩუქრად კუბისტური ნამუშევარი მიიღოს, რაც არ ჯდება მუზეუმის გამოფენების ჩარჩოებში, თუმცა მას შეუძლია ეს ნამუშევარი გამოიყენოს საკუთარი გამოფენების ფოკუსის ნამუშევრის მიღებაში (მაგ. გაყიდვით, გაცვლით, და ა.შ.). დიდ მუზეუმებს ჰყავთ შესყიდვების განყოფილება.
ხშირად მუზეუმები თანამშრომლობენ ერთმანეთთან ერთობლივი გამოფენების მოსაწყობად, ან საკუთარი გამოფენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ექსპონატების სხვა მუზეუმებისგან სასესხებლად. ასეთი სპეციალური გამოფენები დროებითია და მასზე მოხვედრა გაცილებით ძვირი ჯდება, ვინაიდან მუზეუმებს შორის ამგვარი გარიგებები გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ბოლო დროს ინტერნეტის სწრაფ განვითარებასთან ერთად გაჩნდა მუზეუმის ახალი ტიპი - ვირტუალური მუზეუმები. ამგვარ მუზეუმებში "გამოფენილი" ნამუშევრები ვირტუალურია, ხოლო მათ პატრონთა საკუთრებაში არც ერთი ექსპონატი არ შედის.
მუზეუმთა რაოდენობით წამყვანია ფინეთი. როგორც ამბობენ, ამ ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი მუზეუმი მოდის ვინემ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- International Council of Museums
- VLmp directory of museums დაარქივებული 2012-12-12 საიტზე Wayback Machine.
- Museums საიტზე Curlie