შინაარსზე გადასვლა

მარქსიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ მარქსი

მარქსიზმი — სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის მეთოდი და თეორიული მიდგომა, რომელიც ემყარება ისტორიული განვითარების მატერიალისტურ ინტერპრეტაციასა და სოციალური ტრანსფორმაციის დიალექტიკურ გააზრებას.

მარქსიზმი სათავეს იღებს კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან, რომელთა მთავარი თემაა კაპიტალიზმის კრიტიკა. ეს კრიტიკა სისტემატური სახით მოცემულია მარქსის ცნობილ ნაშრომში კაპიტალი. მარქსის და ენგელსის მიერ შემუშავებულმა ფილოსოფიურმა, სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა დოქტინებმა უფრო სრულყოფილი ფორმა მიიღეს მათი სიკვდილის შემდეგ. მარქსისტული ტრადიცია შემდგომ გაამდიდრეს სხვა მოაზროვნეებმა, როგორებიც იყვნენ გიორგი პლეხანოვი, ლენინი, ლევ ტროცკი, იოსებ სტალინი, როზა ლუქსემბურგი, ანტონიო გრამში, გეორგ ლუკაჩი, მაო ძედუნი, ლუი ალთუსერი და სხვები. მარქსიზმი ასოცირდება მე-20 საუკუნის სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობებთან, რომელთა შორის არიან ოქტომბრის რევოლუცია, ჩინეთის რევოლუცია, კუბის რევოლუცია და სხვ.

დიალექტიკური მატერიალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარქისისტული ფილოსოფია ეფუძნება მატერიალისტურ თეორიას, რომლის მიხედვით სამყაროს აქვს ერთი საწყისი (სუბსტანცია) და ეს საწყისი მატერიალურია, მატერია (ბუნება) არის პირველადი, ხოლო იდეა (ცნობიერება) — მეორადი. სულიერი (იდეალური) მატერიალურის თავისებური გამოვლენაა, მატერიალურის საფუძველზეა წარმოქმნილი. მარქსიზმს მატერია ესმის როგორც აქტიური, თვითმოძრაობის და თვითგანვითარების მქონე სუბსტანცია. ცნობიერება, აზროვნება მატერიის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც წარმოიშვება მისი განვითარების მაღალ საფეხურზე. ბუნება, მატერია, ობიექტური სამყარო არსებობს სუბიექტის ცნობიერებისგან დამოუკიდებლად. ცნობიერება ორგანული მატერიის პროდუქტია, მასში აისახება ადამიანის საზოგადოებრივი პრაქტიკა. ადამიანის წარმოდგენები და ცნებები არა მარტო გამოწვეულია ობიექტური საგნების მიერ, არამედ აგრეთვე ასახავენ მათ. ასახვის თეორია, რომელიც კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა შეიმუშავეს, შემდგომში ვლადიმერ ლენინმა განავრცო თავის შრომებში. იგი ცდილობს გამოიკვლიოს ურთიერთობა საგანს, წარმოდგენასა და შეგრძენას შორის. ცნება, იდეა, აზრი არ არის უშუალო: ისინი საგანთან შეგრძნების მეშვეობით არიან დაკავშირებული. შეგრძნობილი საგნის უშუალო ასახვას წარმოდგენა, აღქმა, შეგრძენება იძლევიან. მიუხედავად იმისა, რომ აზროვნება უშუალო არ არის, იგი უფრო სრულქმნილია, უფრო ღრმად ასახავს საგანს. შეგრძნება და აზროვნება დიალექტიკურად ერთიანია შემეცნების პროცესში.

მეცხრამეტე საუკუნეში ბუნებისმეტყველებაში მომხდარი აღმოჩენების საფუძველზე მარქსმა და ენგელსმა გამოთქვეს შეხედულება, რომ ბუნება (მატერია) მუდმივად ვითარდება და განვითარებას ბუნებაში დიალექტიკური ხასიათი აქვს; ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესი კი ურთიერთკავშირშია და ურთიერთგანპირობებულია. დიალექტიკა მარქსმა და ენგელსმა აიღეს ჰეგელისგან, რომელმაც იგი ობიექტური იდეალიზმის მიმართულებით განავითარა. ენგელსი ჰეგელიანურ დიალექტიკაზე წერდა: „ჰეგელის დიალექტიკა გადავატრიალეთ, უფრო სწორად, ფეხებზე დავაყენეთ, რადგან მანამდე იგი თავზე იდგა“.

დიალექტიკის კანონები:

1. რაოდენობრივი ცვლილებების თვისობრივში გადასვლის კანონი. დიალექტიკის ამ კანონში თავის გამოხატულებას პოულობს რევოლუციური ნახტომისებური გადასვლა ერთი თვისობრიობიდან მეორეში. თვისობრიობაში საგანთა განსაზღვრულობა იგულისხმება. საგანთა თვისობრივი განსაზღვრულობა ბუნებაში ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არსებობს. ადამიანის აზროვნება მხოლოდ გამოხატავს ობიექტური პროცესების ამ თვისობრივ განსაზღვრულობას. თავისი თვისობრიობით საგნები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ეს განსხვავება არ არის აბსოლუტური, რადგან აბსოლუტურად განცალკევებული საგნები ბუნებაში არ არსებობს. თითოეული საგანი შეიცავს რაღაც საერთოს ყველა სხვა საგანთან, რომლითაც იგი განუყრელ კავშირში იმყოფება სხვა საგნებთან. საგანთა თვისობრივი განსაზღვრულობა არ არის მუდმივი, იგი განუწყვეტლივ ვითარდება, იცვლება, რთულდება.

2. ერთობისა და დაპირისპირებულთა ბრძოლის კანონი.

3. უარყოფის უარყოფის კანონი.

ამგვარად, მატერიალიზმის და დიალექტიკის სინთეზით მარქსმა და ენგელსმა მიიღეს დიალექტიკური მატერიალიზმი. თვითონ ისინი ამ ტერმინს არ იყენებდნენ.

ისტორიის მატერიალისტური გაგება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარქსმა და ენგელსმა ფილოსოფიური მატერიალიზმის ძირითადი პრინციპი გაავრცელეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მიუთითეს, რომ ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით, განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას; როგორიცაა საზოგადოებრივი ყოფიერება, საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები, ისეთივეა ადამიანთა ცნობიერება, მათი იდეები და თეორიები; ჯერ იცვლება მატერიალური მხარე, საზოგადოებრივი ყოფიერება, ხოლო შემდეგ, მის შესაბამისად, ადამიანთა შეხედულებები და თეორიები, საზოგადოებრივი ცნობიერება. მარქსამდელი ფილოსოფოსები, მათ შორის მატერიალისტები, იყვნენ იდეალისტები საზოგადოებრივი ცხოვრების გააზრებასთან მიმართებაში. მათი შეხედულება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ბუნებისგან განსხვავებით, სადაც ბრმა ძალები მოქმედებენ, საზოგადოება იმართება გონიერი არსებების — ადამიანების მიერ, რომლებიც მოქმედებენ იდეური მოტივების შესაბამისად. მარქსი და ენგლესი დაუპირისპირდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ამგვარ გაგებას. მათი აზრით, არ შეიძლება საზოგადოების ცხოვრება ბუნებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ, რადგან ადამიანი ბუნების ორგანული ნაწილია. გამოჩენილ ადამიანებს (ლიდერებს, ბელადებს, რევოლუციონერებს და სხვ.) უდავოდ დიდი წვლილი შეაქვთ ისტორიის განვითარებაში, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების წინსვლა პირველ რიგში ემორჩილება ობიექტურ სოციალურ კანონებს, რომლებიც არაფრით განსხვავდება ბუნების ობიექტური კანონებისგან და არაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანების ნებაზე. ვლადიმირ ლენინი წერდა, რომ მატერიალიზმის გადმოტანა სოციოლოგიაში იყო გენიალური იდეა. ამან ფილოსოფოსებს საშუალება მისცა გამოეკვეთათ საზოგადოებრივი ცხოვრების მატერიალური საფუძველი, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს განსაზღვრავს.

მარქსმა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან გამოყო ეკონომიკური სფერო, ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან — საწარმოო ურთიერთობები. მარქსის მტკიცებით, საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ზედნაშენს განაპირობებს. ამრიგად, საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარება ეკონომიკური და კლასობრივი ფაქტორებით განისაზღვრება.

საზოგადოება ვითარდება ევოლუციურად (რაოდენობრივად, მუდმივად) ან რევოლუციურად (თვისებრივად, ნახტომისებურად). საწარმოო ძალების ევოლუციური განვითარების გარკვეულ საფეხურზე ისინი წინააღმდეგობაში მოდიან საწარმოო ურთიერთობებთან. ჩნდება თვისებრივი, ნახტომისებური ცვლილებების აუცლებლობა, რაც განპირობებულია ანტაგონისტური კლასების მისწრაფებით დაამყარონ თვისებრივად ახალი საწარმოო ურთიერთობები. დგება სოციალური რევოლუციის ეპოქა. ეკონომიკური ბაზისის ცვლილებასთან ერთად ძირფესვიანად იცვლება პოლიტიკური და სამართლებრივი ზედნაშენიც.

ისტორიული პროცესი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების კანონზომიერი ცვლილებაა. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია არის ისტორიული განვითარების მოცემულ საფეხურზე არსებული საწარმოო ურთიერთობების გარკვეული სისტემა. ეს ცვლილება გამოწვეულია საწარმოო ძალების განვითარებით. მარქსმა ვერ დაასრულა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების კვლევა. შემდგომში, საბჭოთა კავშირში მოხდა მსოფლიო ისტორიის ფორმაციული პერიოდიზაცია. საბჭოელმა მარქსისტებმა გამოყვეს ხუთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია:

პირველყოფილი თემური წყობილების გახრწნის პროცესში შრომის დანაწილებისა და კერძო საკუთრების წარმოშობის შედეგად საზოგადოება დაიყო ანატაგონისტურ კლასებად. ლენინის მიხედვით, კლასები წარმოადგენს „ადამიანთა დიდ ჯგუფებს, რომლებსაც განსხვავებული ადგილი უკავიათ საზოგადოებრივი წარმოების გარკვეულ სისტემაში, განსხვავდებიან წარმოების საშუალებებთან დამოკიდებულებით, მათი როლით საზოგადოებრივი შრომის ორგანიზებაში, შესაბამისად საზოგადოებრივი სიმდიდრის რაოდენობით, რომელსაც იღებენ. კლასები ადამიანების ჯგუფებია, რომელთაგან ერთს შეუძლია მეორის შრომა მიითვისოს საზოგადოებრივ წარმოებაში დაკავებული ადგილის საფუძველზე“. თემური წყობილების შემდეგ ყველა ფორმაციაში არსებობდნენ ექსპლუატირებული და ექსპლუატატორი კლასები: მონები — მონათმფლობელები, ყმები — ფეოდალები , პროლეტარები — კაპიტალისტები. კლასებს შორის ინტერესთა სხვადასხვაობა ხდება სოციალური კონფლიქტის მიზეზი, რომელსაც მარქსმა კლასობრივი ბრძოლა უწოდა. მარქსის თქმით, კლასობრივი ანტაგონიზმი ვლინდება საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტში. კლასობრივ ბრძოლაში იგი აპოკალიფსურ ლოგიკას ხედავდა. მისი აზრით, კლასობრივი ბრძოლა სწორედ ის ანტაგონიზმია, რომელიც სოციალურ პროგრესს ამოძრავებს.

პოლიტიკური ეკონომიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქონელი და ღირებულება, შრომითი ღირებულების თეორია, კონკრეტული და აბსტრაქტული შრომა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპიტალი და ზედმეტი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერული სოციალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარქსის და ენგელსის აზრით, საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელი ძალაა კლასობრივი ბრძოლა – ანტაგონისტურად განწყობილი სოციალური კლასების დაპირისპირება საზოგადოებაში დომინირებასა და ძალაუფლებისთვის.

კაპიტალისტურ სისტემაში კლასობრივი ბრძოლა მიმდინარეობს ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის. ბურჟუაზია ცდილობს შეინარჩუნოს არსებული ფორმაცია, რაც მშრომელი მასების შეუზღუდავი ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა. პროლეტარატი ესწრაფვის არსებული წყობის მოშლას და უკლასო საზოგადოების შექმნას.

პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ძირითადი ფორმებია: ეკონომიკური, პოლიტიკური და თეორიული ბრძოლა.

ეკონომიკური ბრძოლა — ბრძოლა მშრომელი მასების პროფესიული ინტერესებისთვის (ხელფასის გაზრდა, სამუშაო დროის შემცირება, შრომის პირობების გაუმჯობესება).

თეორიული ბრძოლა — ბრძოლა პროლეტარიატის გათავისუფლებისთვის თავსმოხვეული ბურჟუაზიული იდეოლოგიისგან. მისი მთავარი მიზანია მშრომელ მასებში სოციალისტური ხედვების გავრცელება, რის შედეგადაც მუშათა კლასის სტიქიური კლასობრივი ბრძოლა მიიღებს შეგნებულ ხასიათს.

პოლიტიკური ბრძოლა — კლასობრივი ბრძოლის უმაღლესი ფორმა. ამ დროს მუშათა კლასი ერთიანდება კაპიტალისტთა კლასის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოლიტიკური ბრძოლის მიზანია პროლეტარიატის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავისი მმართველობის (პროლეტარიატის დიქტატურის) დამყარება.

ვლადიმირ ლენინმა ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვით „კლასების მოსპობა — ეს არის საქმე ხანგრძლივი, ძნელი, შეუპოვარი კლასობრივი ბრძოლისა, რომელიც კაპიტალის ბატონობის დამხობის შემდეგ, ბურჟუაზიული სახელმწიფოს დანგრევის შემდეგ, პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შემდეგ კი არ ჰქრება (როგორც ეს ძველი სოციალიზმის და ძველი სოციალ-დემოკრატიის უხამს ადამიანებს წარმოუდგენიათ), არამედ მხოლოდ ფორმას იცვლის, ბევრი მხრივ კიდევ უფრო მძვინვარე ხდება“. შემდგომში იოსებ სტალინმა განავრცო ლენინის თეზისი სოციალიზმის მშენებლობის პროცესში კლასობრივი ბრძოლის გამწვავების შესახებ. 1928 წლის 9 ივლისს სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე მან განაცხადა: „ჩვენს წინსვლასთან ერთად კაპიტალისტური ელემენტების წინააღმდეგობა გაიზრდება, კლასობრივი ბრძოლა გამწვავდება, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება, რომლის ძალებიც სულ უფრო და უფრო გაიზრდება, განახორციელებს ამ ელემენტების იზოლაციის პოლიტიკას, ბოლოს, ექსპლოატატორთა წინააღმდეგობის დათრგუნვის პოლიტიკას, შექმნის ბაზას მუშათა კლასისა და გლეხობის ძირითადი მასების შემდგომი წინსვლისთვის. არ შეიძლება საქმე წარმოვიდგინოთ ისე, რომ სოციალისტური ფორმები განვითარდებიან და განდევნიან მუშათა კლასის მტრებს, ხოლო მტრები მდუმარედ დაიხევენ უკან და გზას დაუთმობენ ჩვენს წინსვლას, რომ შემდეგ ჩვენ კვლავ წინ ვივლით, ხოლო ისინი კლავ უკან დაიხევენ, შემდეგ კი «მოულოდნელად» უკლებლიბ ყველა სოციალისტური ჯგუფები, როგორც კულაკები, ისე ღარიბი გლეხობა, როგორც მუშები, ისე კაპიტალისტები, «ერთბაშად», «შეუმჩნევლად», უბრძოლველად და უშფოთველად, აღმოჩნდებიან სოციალისტური საზოგადოების წიაღში. ასეთი ზღაპრები არ არის ხოლმე და საერთოდ არც შეიძლება იყოს, პროლეტარიატის დიქტატურის ვითარებაში კი — განსაკუთრებით. არ ყოფილა და არ იქნება, რომ მომაკვდავი კლასები ნებაყოფლობით თმობდნენ თავიანთ პოზიციებს, არ ცდილობდნენ წინააღმდეგობის მოწყობას. არ ყოფილა და არც იქნება, რომ მუშათა კლასის წინასვლა სოციალიზმისაკენ კლასობრივი საზოგადოების დროს უბრძოლველად და უშფოთველად ხდებოდეს. პირიქით, სოციალიზმისაკენ წინსვლამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს ექსპლოატატორული ელემენტების წინააღმდეგობა ამ წინსვლისადმი, ხოლო ექსპლოატატორების წინააღმდეგობამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს კლასობრივი ბრძოლის გარდაუვალი გამწვავება“.

პროლეტარული რევოლუცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარქსის თქმით, ერთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციიდან მეორეში გადასვლის პროცესი ხორციელდება სოციალური რევოლუციის გზით. შინაარსობრივად, სოციალური რევოლუცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების ძირფესვიან გარდაქმნას. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების ევოლუციური განვითარების ერთგვარი დაგვირგვინებაა. თვისებრივად, სოციალური რევოლუცია კლასობრივი ბრძოლის უმაღლესი ფორმაა. იგი წარმოიშვება ახალი საწარმოო ძალებისა და დამკვიდრებული საწარმოო ურთიერთობების წინააღმდეგობის წიაღში; ცვლის საწარმოო ურთიერთობების სისტემას და ამკვიდრებს ახალ პოლიტიკურ და სამართლებრივ ზედნაშენს, უხსნის გზას საწარმოო ძალების შემდგომ განვითარებას. სოციალურ რევოლუციას ახალი დღის წესრიგი შემოაქვს საზოგადოების ცხოვრებაში.

სოციალური რევოლუცია ობიექტური და სუბიექტური რეალიების ერთობლიობაა. მას თან ახლავს ელიტის კრიზისი, კლასობრივი ანტაგონიზმის გამწვავება, მასების აქტივობის ზრდა. სოციალური რევოლუციის საფუძველია ანტაგონიზმი საწარმოო ძალებსა და საწარმოო ურთიერთობებს შორის.

პროლეტარულ რევოლუციას ახალი სიტყვა შემოაქვს რევოლუციების ისტორიაში. იგი თვისებრივად განსხვავდება წინა ეპოქების რევოლუციებისგან. თუ აქამდე რევოლუციის შედეგად იცვლებოდა ექსპლუატაციის ფორმა, სოციალისტური რევოლუციით ექსპლუატაცია, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების ფორმა, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. კლასობრივი ბატონობის ნაცვლად მას მოაქვს თვით კლასების მოსპობა. მარქსის თქმით, გარდამავალი ეტაპი კაპიტალიზმსა და უკალსო, კომუნისტურ საზოგადოებას შორის პროლეტარიატის დიქტატურაა.

პროლეტარიატის დიქტატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროლეტარიატის დიქტატურა — მარქსიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფცია, რომელიც აღნიშნავს გარდამავალ ფაზას კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება პროლეტარიატის ხელშია, ხოლო მმართველობის ფორმა დიქტატურაა. იგი ეფუძნება სახელმწიფოს წარმოშობის მატერიალისტურ თეორიას, რომელიც ფრიდრიხ ენგელსმა შეიმუშავა. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო არ არსებობდა ყველა ეპოქაში, იგი წარმოიშვა ეკონომიკური განვითარების გარკვეულ საფეხურზე, როდესაც საზოგადოება დაიყო სოციალურ კლასებად, რომელთა ინტერესები განსხვავებულია. კლასობრივმა ბრძოლამ რომ საზოგადოების კოლაფსი არ გამოიწვიოს, საჭიროა მასზე ზევიდან მდგარი ძალა, რომელიც დაიცვავს არსებულ საზოგადოებრივ წესრიგს. ეს ძალა ენგელსის მიხედვით სახელმწიფოა. კლასობრივ საზოგადოებაში სახელმწიფო იარაღია ეკონომიკურად გაბატონებული კლასის ხელში ჩაგრული კლასის წინააღმდეგობის ჩასახშობად. ამრიგად, სახელმწიფო გაბატონებული კლასის დიქტატურაა ჩაგრულ კლასზე, სახელმწიფო დიქტატურის გარეშე არ არსებობს. ენგელსმა ასევე შეიმუშავა სახელმწიფოს ისტორიული ფორმების ფორმაციული ტიპოლოგია მათი კლასობრივი ბუნების მიხედვით: მონათმფლობელური სახელმწიფო ანტიკურ ხანაში, ფეოდალური სახელმწიფო შუა საუკუნეებში და ბურჟუაზიული სახელმწიფო ახალ დროში. სოციალისტური რევოლუციის და ბურჟუაზიის პოლიტიკური ბატონობის დამხობის შემდეგ, მარქსიზმის კლასიკოსების მიხედვით, დამყარდება პროლეტარიატის დიქტატურა, ესე იგი სახელმწიფო ძალაუფლება გადავა ახალი გაბატონებული კლასის — პროლეტარიატის ხელში. პროლეტარიატის დიქტატურის მიზანი იქნება რევოლუციური მონაპოვარის დაცვა საშინაო და საგარეო რეაქციისგან. მარქსისა და ენგელსის მიხედვით, კომუნიზმში გადასვლის სხვა გზა არ არსებობს. როდესაც კლასები გაქრება, გაქრება თვითონ სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაც. ამგვარად, მარქსმა და ენგელსმა დაასკვნეს, რომ უკლასო, კომუნისტურ საზოგადოებაში სახელმწიფო არ იარსებებს.

  • მიტინი მ., დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი, ტფ., 1934;
  • გუჯაბიძე პ., დიალექტიკური მატერიალიზმის საკითხები, თბ. 1955;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: