თიმარი
თიმარი (თურქ. Tımar) — საკარგავი, ფეოდალური მიწათმფლობელობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ოსმალეთის იმპერიაში. ჩამოყალიბდა XIV საუკუნიდან.
სულთნები თიმარს დაპყრობილ ქვეყნებში სამხედრო ვალდებულებების შესრულების პირობით უბოძებდნენ თურქ მხედრებს — სიფაჰიებს. თიმარს აგრეთვე „კილიჩ“ – ხმალი ეწოდებოდა იმის გამო, რომ აღნიშნული მიწები მხედრებს ხმლით ჰქონდათ მოპოვებული. სიფაჰის არ ჰქონდა თიმარის გასხვისების უფლება. თიმარი 1–3 სოფლისაგან შედგებოდა, შემოსავალი განისაზღვრებოდა 3 000-20 000 ახჩამდე, მაგრამ იგი ხშირად დაწესებულ მინიმუმზე დაბალი იყო. ყოველ 3 ათას ახჩა შემოსავალზე თიმარის მფლობელს სულთნის ლაშქრობებში ერთი შეიარაღებული მეომარი უნდა გამოეყვანა. ოსმალეთის ბატონობის პერიოდში თიმარი ფართოდ გავრცელდა სამცხე-საათაბაგოში. XVI საუკუნიდან თიმარული მიწათმფლობელობა თანდათან დაქვეითდა და საბოლოოდ გაუქმდა 1830-იან წლებში სამხედრო-ლენური სისტემის ლიკვიდაციასთან ერთად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩოჩიევი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Inalcik, H., An Economic and Social history of the Ottoman Empire 1300–1914, Cambridge, 1994.