ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია
ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუკულში. თარიღდება X-XI საუკუნეებით. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით მრავალწახნაგა საკურთხევლის აფსიდი აქვს. ნაგებია შირიმის ქვით, დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვიშის ნარევი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. დასავლეთის კარის თავზე ტიმპანი ნახევარწრიული წარბით სრულდება. ეკლესია დასრულებულია მარტივი ლავგარდნით. დასავლეთიდან მიდმული აქვს გვიანი პერიოდის სწორკუთხა კარიბჭე, რომლის მეორე სართულში მოწყობილი იყო სამრეკლო. აფსიდა ნახევარწრიულია სამი თაღოვანი სარკმლით, რომელთა კიდეებში ორ-ორი თაღოვანი ნიშაა. ამ ნიშების ქვემოთ, იატაკის დონეზე ორი თაღოვანი ნიშაა. კედელზე მიდგმულია ქვის ტრაპეზი. აფსიდის წინ ქვის კანკელია. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლიდანაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი გადადის. დარბაზში დგას ქვის კვარცხლბეკი, რომელზეც ხის ჯვარია აღმართული და მის ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებზე ორი ნუსხური წარწერაა.
ეკლესიის სამხრეთ შესასვლელს ამკობდა მოჩუქურთმებული კარი[2], რომელიც სიგრძით 2,5, სიგანით კი დაახლოებით 90 სმ. ის დამზადებულია საკმაოდ რბილი, მსუბუქი, მოწითალო ხისგან და გარედან მთლიანად მოჩუქურთმებულია. ეს გაფორმება შედგება 22 წმინდანის გამოსახულებისგან. 8 მათგანი მთელი სხეულით, 14 კი წელს ზემოთაა წარმოდგენილი. ეს 22 გამოსახულება პირდაპირ ხეზეა ამოკვეთილი[3].
მხატვრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარში შემონახულია გვიანი შუა საუკუნეების მხატვრობის კვალი. საკურთხევლის კედლებზე — წმინდა ბასილი და წმინდა ნიკოლოზი; კამარაზე — მზე და მთვარე ვარსკვლავებით, შობა, იერუსალიმში შესვლა; ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ თაღში — ქვედა რეგისტში წმინდა დედები, ზედა რეგისტრში — ჯოჯოხეთით წარტყვევნა; დასავლეთის თაღში — ქვედა რეგისტრში წმინდა გიორგის სასწაული, ზედა რეგისტრში ამაღლება; სამხრეთის კედლის აღმოსავლეთის თაღში — ქვედა რეგისტში ევსტათი პლაკიდას ირემზე ნადირობა, ზედა რეგისტრში — ხარება; დასავლეთის თაღში — ქვედა რეგისტში ფარშევანგი, ზედა რეგისტრში ჯვარცმა; დასავლეთის კედელზე — სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ მირქმა, ქვედა რეგისტრში ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ჩვილი იესოთი და ჯოჯოხეთის სცენა; კანკელზე — ანგელოზები, იოანეს თავისკვეთა და გამოცხადება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12018
- სარიშვილი თ., ხის მხატვრული დამუშავება დაარქივებული 2019-03-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-06-04.
- ↑ კარის ფოტო
- ↑ კალანდია გ., ხელნაწერი წიგნი სვანეთის შესახებ, II ნაწილი, ჟურნალი „ისტორიანი“, № 5 (53), 2015 წელი, გვ. 76-82