შინაარსზე გადასვლა

ჩარლზ III

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ III
Charles III
გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის სამეფოების მეფე
კორონაცია: 6 მაისი, 2023
მმართ. დასაწყისი: 8 სექტემბერი, 2022
წინამორბედი: ელისაბედ II
მემკვიდრე: პრინცი უილიამი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ნოემბერი, 1948
დაბ. ადგილი: ბაკინგემის სასახლე, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მეუღლე:
შვილები: პრინცი უილიამი, პრინცი ჰარი
სრული სახელი: ჩარლზ ფილიპ ართურ ჯორჯ მაუნტბატენ-უინძორი
დინასტია: უინძორი
მამა: ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი
დედა: ელისაბედ II
რელიგია: პროტესტანტიზმი

ჩარლზ III (ინგლ. Charles III, სრული სახელი — ჩარლზ ფილიპ ართურ ჯორჯი, ინგლ. Charles Philip Arthur George; დ. 14 ნოემბერი 1948, ლონდონი) — გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეფე. დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი მეუღლის პრინც ფილიპის უფროსი ვაჟი. ტახტზე ავიდა 2022 წლის 8 სექტემბერს, გვირგვინი დაიდგა 2023 წლის 6 მაისს. არის ქვეყნის ისტორიაში ტახტზე ასული ყველაზე ასაკოვანი მეფე. უელსის პრინცის წოდებას ატარებდა 65 წლის განმავლობაში (ყველაზე მეტხანს).

ჩარლზ უინძორი დაიბადა 1948 წლის 14 ნოემბერს. იყო ედინბურგის ჰერცოგინიის — პრინცესა ელისაბედისა (შემდგომში ელისაბედ II-ის) და ფილიპ მაუნტბეტენის პირველი შვილი. ახალგაზრდა პრინცი მონათლა კენტერბერის არქიეპისკოპოსმა. დაარქვეს ჩარლზ ფილიპ ართურ ჯორჯი.[1]

1952 წელს გარდაიცვალა ინგლისის მეფე ჯორჯ VI, რომელიც ტახტზე ელისაბედ II-მ შეცვალა. სამი წლის ჩარლზი გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ და მიიღო კორნუოლის ჰერცოგისა და როთსეის ჰერცოგის ტიტულები. ოთხი წლის ასაკში ესწრებოდა დედის კორონაციას უესტმინსტერის სააბატოში. 1958 წელს მიიღო უელსის პრინცის ტიტული.[1]

1956 წელს მივიდა სკოლაში, აქამდე ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეები განათლებას სახლში იღებდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში შეიცვალა რამდენიმე სკოლა ბრიტანეთის სხვადასხვა ნაწილში, ორი სემესტრით სწავლობდა მელბურნის (ავსტრალია) სკოლაშიც. სწავლა დაასრულა შოტლანდიის გორდონსტაუნის სკოლაში (აქ სწავლობდა მისი მამაც). სკოლა დაამთავრა საშუალო შეფასებებით — მაგალითად, ფრანგულ ენაში მიიღო C, ანუ, 5-ქულიანი სისტემით, 3.[1]

სკოლის შემდეგ პირდაპირ სამხედრო სამსახურში არ წავიდა, ჩააბარა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც დაკავებული იყო არქეოლოგიით, ანთროპოლოგიითა და ისტორიით. 1970 წელს გახდა ბრიტანეთის ისტორიაში ტახტის პირველი მემკვიდრე, რომელმაც წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტი და მიენიჭა ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი.[1]

1969 წელს შედგა დიდი ხნით გადატანილი ცერემონია (ინვესტიტურა) — პრინცმა ჩარლზმა ოფიციალურად მიიღო უელსის პრინცის სამეფო ნიშნები. ცერემონიას, რომელსაც BBC გადასცემდა, 500 მილიონამდე ადამიანმა უყურა. ინვესტიტურამდე აბერისტუითის უნივერსიტეტში უსმენდა უელსური ენის ათკვირიან კურსებს. მიღებული ცოდნა სრულად ჰყოფნიდა უელსში სტუმრობების დროს უელსური ფრაზების გამოეყენებინა.[1]

1970 წელს პირველად დაიკავა თავისი ადგილი ლორდთა პალატაში, შემდგომში აქტიური მონაწილეობის მიღება დაიწყო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მ.შ. ესწრებოდა მინისტრთა კაბინეტის სხდომებს.[1]

სამხედრო სამსახური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971–1976 წლებში მსახურობდა არმიაში. სწავლების კურსი გაიარა გამანადგურებლისა და შვეულმფრენის პილოტის, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცრის რანგში. პრაქტიკას გადიოდა სხვადასხვა გემზე, ფრეგატ „იუპიტერის“ ბორტზე მონაწილეობა მიიღო ლაშქრობებში წყნარ და ატლანტის ოკეანეებში. 1975 წელს როგორც სამხედრო მყვინთავი დაეშვა ლა-მანშის ფსკერზე ჰენრი VIII-ის დროინდელი ფლოტის ფლაგმანის — ჩაძირული „მერი როუზისკენ“. გახდა სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც პარაშუტისტების მომზადების კურსი გაიარა.[1]

გრინვიჩის სამეფო საზღვაო კოლეჯის დასრულების შემდეგ გახდა სამხედრო-საზღვაო ძალების ლეიტენანტი და ტრალერ „ბრონინგტონის“ მეთაური. 1977 წელს მიენიჭა კომანდერის (მეორე რანგის კაპიტანი) წოდება. ამის შემდეგ მალევე დატოვა სამსახური. მომდევნო წლებში ჩარლზმა, როგორც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ, გააგრძელა წოდებების ზრდა. 2012 წელს ელისაბედ II-ის ბრძანებით მიენიჭა ფლოტის ადმირალის, ფელდმარშლისა და სამხედრო-საჰაერო ძალების მარშლის საპატიო წოდებები.[1]

საზოგადოებრივი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სამეფო ოჯახის ყველა წევრი, ჩარლზი აქტიურად დაკავდა საქველმოქმედო საქმიანობით, მფარველობდა 350-მდე სხვადასხვა ფონდსა და ორგანიზაციას. გატაცებული იყო არქიტექტურით, დააარსა Foundation for Building Community, რომლის ეგიდით ნეოისტორიზმის სტილში აშენდა ექსპერიმენტული ქალაქი პაუნდბერი. 2008 წელს გაზეთმა „Daily Telegraph“-მა ჩარლზი სამეფო ოჯახის ყველაზე შრომისმოყვარე წევრად დაასახელა. გამოცემის მონაცემებით, მხოლოდ 2008 წელს მან 560 ოფიციალური შეხვედრა გამართა, 2010 წელს — 499, 2011 წელს — 600-ზე მეტი.[1]

ბუნების დაცვის საქმეში მიძღვნილი წვლილისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. მაგალითად, 2009 წელს ბრაზილიამ გადასცა„ტყისა და კლიმატის მეგობრის“ ჯილდო, ფრინველთა დაცვის სამეფო საზოგადოებამ დააჯილდოვა მედლით. 2012 წელს ჩარლზის პატივსაცემად სახელი უწოდეს ბაყაყის ახალ სახეობას — Hyloscirtus princecharlesi.[1]

2016 წელს პრინცმა მონაწილეობა მიიღო შექსპირის 400 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთ უცნაურ ნომერში, სადაც რამდენიმე ცნობილი მსახიობი, მ.შ. ბენედიქტ კამბერბეჩი, იან მაკ-კელენი, დევიდ ტენანტი და ჯუდი დენჩი კამათობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოითქმის სწორად შექსპირის ცნობილი ფრაზა „To be or not to be? That is a question“ („ყოფნა-არყოფნა? საკითხავი, აი, ეს არის“). კამათს წერტილი დაუსვა ჩარლზმა, როგორც 70-წლიანი გამოცდილების მქონე პრინცმა.[1]

სამეფო მოვალეობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ტახტის მემკვიდრე, ასრულებდა მრავალ დაკისრებულ სამეფო მოვალეობას — დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ღონისძიებაზე წარმოადგენდა სამეფო ოჯახს (ბოლო წლებში ხშირად ანაცვლებდა დედამისს), გასცემდა ჯილდოებს, აკურთხებდა რაინდად, არაერთხელ ეწვია სხვა ქვეყნებს. საერთო ჯამში ეწვია ასამდე სახელმწიფოს. პირველი ოფიციალური ვიზიტით 1968 წელს გაემგზავრა მალტაში, უკანასკნელი ასეთი ვიზიტი (უელსის პრინცის რანგში) კი 2022 წელს რუანდაში ჰქონდა. ამავე წლის მაისში ეწვია რუმინეთს, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. რამდენჯერმე შეაფასა რუსეთის მიერ დაწყებული ომი ღრმა აგრესიად და აღტაცება გამოთქვა უკრაინელთა „მამაცობისა და სიმტკიცის მიმართ“.[1]

უელსის პრინცის ტიტულს ატარებდა თითქმის 65 წლის განმავლობაში — მეტჯერ, ვიდრე ვინმე სხვა. მას ეკუთვნის რეკორდი აგრეთვე ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის სტატუსის ყველაზე ხანგრძლივად ქონის გამო (70 წელი — 1952 წლიდან 2022 წლამდე), რითაც გადაუსწრო თავის დიდ პაპას ედუარდ VII-ს, რომელიც დედოფალ ვიქტორიას ზეობისას 59 წელი იყო უელსის პრინცი.[1]

2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II. მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი გახდა ახალი მეფე და ეწოდა ჩარლზ III.[1]

1979 წელს ჩარლზმა ცოლობა სთხოვა შორეულ ნათესავს, ამანდა ნეჩბულს, ინდოეთის ბოლო ვიცე-მეფის — ლორდ მაუნტბატენის შვილიშვილს (ვიცე-მეფე მცირე ხნით ადრე მოკლეს ირლანდიელმა ტერორისტებმა). თუმცა შეუღლება არ მოხდა, რადგან ამანდამ უარი განაცხადა.[1]

1980 წელს ჩარლზმა შეხვედრები დაიწყო გრაფ სპენსერის ქალიშვილთან — დიანასთან, თუმცა თავიდან ურთიერთობას არ განიხილავდა როგორც მომავალ ოჯახს. პრინცის ბიოგრაფი ჯონათან დიმბლბი აღნიშნავდა, რომ ჩარლზმა ცოლობა მხოლოდ მას შემდეგ სთხოვა, რაც ედინბურგის ჰერცოგმა გააფრთხილა ვაჟი, რომ წყვილის ურთიერთობების შესახებ არსებული ჭორები გოგონას რეპუტაციას გაანადგურებდა. ქორწილი წმინდა პავლეს ტაძარში შედგა 1981 წლის 29 ივლისს. მას ესწრებოდა ევროპის სამეფო სახლების მრავალი წარმომადგენელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე ნენსი რეიგანი.[1]

დიანა სწრაფად გახდა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიროვნება, მეგობრობდა მრავალ ცნობილ ადამიანთან და დაკავებული იყო ქველმოქმედებით. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა — უილიამი და ჰარი. 1992 წელს ჩარლზი და დიანა დაშორდნენ ერთმანეთს, 1996 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ. დიანა არ იყო დარწმუნებული მეუღლის ერთგულებაში, თუმცა პრესაში ხშირად ჩნდებოდა ცნობები თვითონ მის რომანებზეც. 1994 წელს ჩარლზმა ტელეინტერვიუში დაადასტურა, რომ ქორწინებაში ყოფნის დროს ურთიერთობა განაახლა თავის ძველ მეგობართან კამილა პარკერ-ბოულზთან.[1]

1997 წლის 31 აგვისტოს დიანა პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჩარლზი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ადგილზე ჩავიდა ყოფილი მეუღლის ლონდონში გადმოსასვენებლად, შემდეგ კი ვაჟებთან ერთად მივიდა უესტმინსტერის სააბატოში დასვენებულ ცხედართან, სადაც დამშვიდობების ცერემონია გაიმართა.[1]

2005 წლის აპრილში ჩარლზი დაქორწინდა კამილა პარკერ-ბოულზზე. ისინი მანამდე დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს. ახლო ურთიერთობაში იყვნენ 1970-იანი წლების დასაწყისში.[1]

  • ჩარლზ III-ის გენეალოგიური ხე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ედუარდ VII მ. 1901-1910
 
 
 
 
 
 
 
ჯორჯ V მ. 1910-1936
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დედოფალი ალექსანდრა
 
 
 
 
 
 
 
ჯორჯ VI მ. 1936-1952
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დედოფალი მერი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელისაბედ II მ. 1952-2022
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დედოფალი ელისაბედი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩარლზ III მ. 2022-
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პრინცი ფილიპი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ჩარლზ III ატარებდა შემდეგ ტიტულებს:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 „Да здравствует король Карл III: биография принца Чарльза в 11 фото“. РБК (რუსული). ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
წინამორბედი:
ელისაბედ II
გაერთიანებული სამეფოს მეფე
8 სექტემბერი, 2022 – დღემდე
შემდეგი: