შინაარსზე გადასვლა

ოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ოშკი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ოშკი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ოშკის მონასტერი

ოშკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი

ოშკი — თურქეთი
ოშკი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°36′54″ ჩ. გ. 41°32′27″ ა. გ. / 40.61500° ჩ. გ. 41.54083° ა. გ. / 40.61500; 41.54083
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ერზერუმი
მუნიციპალიტეტი უზუნდერე
ადგილმდებარეობა ჩემლიამაჩი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი მუზეუმი ღია ცის ქვეშ
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ტაო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) უცნობი ერისკაცი[1]
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი, თავისუფალი გუმბათით
თარიღდება 961 (არაუგვიანეს)
დეტალები
სიგრძე 38,5
სიგანე 36
სიმაღლე (მაქს.) 40
გუმბათი 1

ოშკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი — X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთომისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, ერზურუმის პროვინციის უზუნდერეს რაიონის სოფელ ჩამლიამაჩში, ამჟამინდელი თურქეთი. ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით.

კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები — ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტრიკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული.

მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.

ეტიმოლოგია

არსებობს საკუთარი სახელის ოშკი ეტიმოლოგიის ორი ვერსია. ვალერი სილოგავასა და კახა შენგელიას მოსაზრებით სიტყვა ოშკი მომდინარეობს მეგრული სიტყვიდან შქა, რაც „შუაში ყოფნას ნიშნავს“.[2] მერაბ ჩუხუას ვერსიის თანახმად, სიტყვა ოშკი უკავშირდება ლაზურ სიტყვას, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც ასკილი. [3]

ისტორია

სიტყვა ოშკი არის უძველესი ზანურ-ჭანური ტოპონიმი, რომელიც მეგრულ შქას, შუას, შუა ადგილს უკავშირდება.[4]

ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). წარწერის ნაწილი, სადაც თარიღია სავარაუდებელი, განადგურებულია. წარწერის თანახმად (იხ. ტაძრის წარწერები) ტაძარი ადარნასეს სიცოცხლეშივე დამთავრებულა, ხოლო მან კურაპალატობა 958 წელს მიიღო[5] და იგი 961 წელს გარდაიცვალა, მშენებლობის დასასრული სწორედ 958-961 წწ. სავარაუდებელი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლ ოშკელი[6], ხოლო ხუროთმოძღვარი — უცნობი ერისკაცი, რომელმაც საკუთარი რელიეფური გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადის თავბანდის ქვეშ მოათავსა. რელიეფის ქვა დაზიანებულია, შემორჩა მხოლოდ ქვედა ნაწილი — მუხლებს ზევით[7]. ზედ გამოსახულ კაცს ქართული, გრძელ-სახელოებიანი ჩოხა აცვია. ბარელიეფის ორივე მხარეს მცირედ შებღალული წარწერა გვამცნებს შემდეგს:

ათსა წელსა აშენებდა

ტაძარი 1036 წელს მოხატულა ჯოჯიკ პატრიკიოზის ხარჯით, თუმცა ფრესკების ძალიან მცირედია შემორჩენილი და ისიც შებღალული.

ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი — მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.

ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის, და მასთან ერთად ოშკის, მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნეში იწყება. 1843-1853 წლებში ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა იმოგზაურა ისტორიულ მცირე აზიაში, ძველ სომხეთსა და შავიზღვისპირეთში სომხური ისტორიული მემკვიდრეობის შესაგროვებლად და სომხურ ეპიგრაფიკულ ძეგლებთან ერთად გადმოიღო ოშკის, იშხანისა და სხვა ქართული ძეგლების წარწერების ასლებიც[8]. აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. მესამე ექსპედიციის დროს 1917 წ. მან მოინახულა და აღწერა: ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, პარხალი[9].

არქიტექტურა

მდებარეობა

ოშკის მონასტერი მდებარეობს მაღალი მთის ფერდობზე, მდინარე თორთომისწყლის (თურქ. „თორთუმ-ჩაი“) მარცხენა ნაპირას (მდინარიდან 5 კმ-ის მოშორებით), მდინარის თორთომის ტბასთან შესართავის სიახლოვეს[10]. მთელი მონასტერი აშენებულია გეგმაში აყირავებული სამკუთხა ფორმის გრძელ ფერდობზე, რომელიც ხევებითაა შემოზღუდული.

ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი სავარაუდოდ საერო პირთათვის. იგი სამხრეთით, ტაძრის გარეთ დასავლეთის მკლავის გასწვრივ, გრძელდება ასევე მიწისქვეშა საძვალეში, ეს უკანასკნელი კი ალბათ საეკლესიო პირთათვის იყო განკუთვნილი[1].

გეგმა

ინტერიერი, ხედი საკურთხეველზე

ოშკის ტაძრის გეგმა იმეორებს იშხნის ტაძრის გეგმას, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით და ამასთან უფრო გართულებულია. მისი სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მეტრია (დასავლეთ ეკვდერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში ≈36 მ, ხოლო სიმაღლე ≈40 მ. ოშკის გეგმა, მსგავსად იშხნისა, ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტრიკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი(დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. არსებითად ეს არის ცენტრულგუმბათიანი ტაძრის შერწყმა ერთნავიან ბაზილიკასთან.

გეგმა I სართული[11]

განსხვავებით იშხნის ტაძრისგან, ოშკი თავიდანვე თლილი ქვით აიგო[12], იშხანში მხოლოდ საკურთხევლის კონქი მთავრდება აფსიდით, ოშკში კი მთელი ქვემო სართული 12 აფსიდას ითვლის. აქ, ჩრდილოეთ ევკდერი ორ-სართულიანია, იშხანში კი ერთიანი, ამასთან ოშკის ევკდერის ზედა სართული პატრონიკეს წარმოადგენს და დასავლეთ მკლავში მაღალი სარკმლებით იხსნება, ხოლო აღმოსავლეთით ორმაგი სარკმლით მთავრდება, შუაში სვეტით.

გუმბათი, მსგავსად იშხნისა, აქაც ოთხ თავისუფლადმდგომ მძლავრ ბურჯს და მათზე გადაყვანილ სანახევროდ შეისრულ აფრებს ეყრდნობა. აფრები კოვზისებრი სამკაულითაა დამშვენებული (ასევეა იშხანშიც). წინა სვეტების საფეხურები მრგვალია, უკანასი — მრავალკუთხედი. მათ ზემოთ რელიეფური კვარცხლბეკებია, შემკული ვაზის ფოთლებისა და მტევნების სარტყლებით. ენტაზისები განსხვავებული ფორმისა, კაპიტელების სიახლოვეს ლენტებითა და წრეებით მთავრდებიან. დასავლეთ ბურჯთა ზემო ნაწილები პილასტრებით ბოლოვდება, რომელნიც უთანასწორდებიან ტაძრის დასავლეთი მკლავის სართავ კამარათა პილასტრებს. დასავლეთ მარცხენა სვეტში არის ღრმა, შეისრული, სვეტებიანი, მოჩუქურთმებული ნიში. ასეთი ნიში განკუთვნილი იყო წინამძღვრის ან არქიელის საჯდომად. ამ სვეტის კვარცხლბეკი ერთობ ლამაზია და ფრიად მდიდრულად შემკული. ასევეა წინა მარჯვენა სვეტის და პირველი მარცხენა სვეტის კვარცხლბეკები. სამხრეთი სვეტებიდან მეჩეთის[13] კედელი იწყება და ნაწილობრივ ფარავს მათ. საერთოდ ოშკის სვეტები წააგავს ტბეთის ტაძრის სვეტებს, კლარჯეთში, აგებული აშოტ კუხის მიერ (გ. 918).

გეგმა II სართული[11]

ტაძრის დასავლეთი გოდრული თაღები ეყრდნობა ხუთ სართავ კამარას[14]. პილასტრებს, რომლებზედაც კამარები ეყრდნობა რთული სახე აქვთ. მათი ფუძეები მრავალწახნაგაა. დასავლეთი მკლავის სიგრძივი კედლები პილასტრებით დაყოფილია ოთხ დეკორატიულ კამარად. დასავლეთი პატრონიკე სამ გაშლილ კამარას ზემოთ იყო მოთავსებული, ამჟამად ჩამონგრეულია[15], მაგრამ მისი კამარები დაცულია. პატრონიკეზე ასასვლელი კიბე მოთავსებული იყო ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ტაძრის დასავლეტი მკლავი კარით უერთდებოდა ჩრდილო ევკდერის ქვემო სართულს, დასავლეთ კედელთან, პატრონიკეს ქვეშ. ასეთივე კარი აერთიანებდა ჩრდილო ევკდერის ზემო სართულის პატრონიკეს ტაძრის დასავლეთ, ზედა სართული პატრონიკესთან.

ტაძარს ოთხი კარი ჰქონდა. ერთი დასავლეთით იყო, ერთი ჩრდილოეთით[16], დანარჩენი ორი კარი სამხრეთით იყო. მათ შორის უმთავრესი, საზეიმოდ მორთული, ტაძრის სამხრეთ მკლავშია. ამ უკანასკნელს ამშვენებს დღემდე უნაკლოდ შემონახული პორტიკი. მეორე კარი იყო დასავლეთ მკლავში, სტოადან. ჩრდილო ეკვდერის კარი არის მის დასავლეთ კედელში.

ოშკი კარგად იყო განათებული მრავალრიცხოვანი სარკმლებით. გუმბათის ყელში 12 სარკმელია[17], საკურთხეველში 3, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო; ამდენივეა მათ ზედა სართულებში. სარკმელთა რიცხვი პატარა აფსიდებში, რომელნიც თან ახლავს ჩრდილო და სამხრეთ მკლავებს, ერთი და იგივე არ არის: ჩრდილო მკლავის ქვედა სართულის აფსიდებში ორ-ორია, სამხრეთ მკლავის აფსიდებში კი თითო. ამის მიზეზი ე. თაყაიშვილმა ასე ახსნა: ჩრდილო მკლავი სულ დაახლოვებული იყო ფერდობის ჩამონაჭერთან და აქედან ერთი სარკმელი საკმაო სინათლეს ვერ მისცემდა ტაძარს, ვინაიდან იგი ფერდობის ჩამონაჭრის ხაზს ქვეთ იყო განთავსებული. ზედა სართულებში კი ამგვარ აფსიდებს თითო სარკმელი ახლავს. ტაძრის ჩრდილო და სამხრეთი მკლავების ზედა სართლების სამივე ნაწილშიაგრეთვე თითო სარკმელია. დასავლეთ მკლავში სამხრეთით სამი, ხოლო დასავლეთით ერთი ორმაგი სარკმელია. ჩრდილო ევკდერის ორივე სართულში ოთხ-ოთხი სარკმელია, ჩრდილოეთით. სარკმლებს ალებასტრის ჩარჩოები ჰქონიათ, მაგრამ არ შემონახულა; ამ ალებასტრის მცირე ნაწილი მოჩანს მხოლოდ გუმბათის ყელის ერთ სარკმელში.

ოშკი, სამხ.-დას. ბურჯის ბაზისის ზედა სარტყელი ორნამენტი-გრავიურა

ყველა ჩრდილო და სამხრეთ კუთხის ოთახში აღმოსავლეთით არის პატარა მომრგვალებული თაროები, ნიშები. ისინი არ არის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ პორტიკში. ამას გარდა, ქვედა სართულის ყველა გვერდით ოთახს შესასვლელი აქვს განცალკევებული ოთხკუთხოვანი სივრცეებიდან, რომელთა ზედა სართულის ცა გუმათოვანი თაღებით და აფრებით მთავრდება. ეს ერთგვარი კურვატურაა[18] ტაძრის სიმაღლის შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, როდესაც დასავლეთიდან საკურთხეველს ვუმზერთ. ამასთან, დასავლეთის ამგვარ სივრცეების ჭერი შედარებით ნაკლებ გუმბათოვანია. სამკვეთლოსა და სადიაკვნის ზედა სართულები უერთებიან ამ სივრცეებს ორმაგი კამარებით, რომელთაც შუაში სვეტი აქვთ. ამავე წესით ჩრდილო ეკვდერი სართული პატრონიკე უერთდება ასეთსავე სივრცეს მის აღმოსავლეთით. პატრონიკის აღმოსავლეთით ამოსასვლელი კიბეა (მისი ნაშთები ქვებიის გროვითაა დახშული). სამკვეთლო და სადიაკვნე თითო კარით უერთდება საკურთხეველს. ხოლო მათი ზედა სართულები ვიწრო გასასვლელებით არიან შეერთებული გვერდის ოთახებთან. ასეთივე გასასვლელით უერთდება ჩრდილო პატრონიკე ჩრდილო-დასავლეთ გვერდის ოთახს. ამას გარდა, კუთხის ყველა ოთახი შეერთებულია ჩრდილო და სამხრეთი მკლავების აფსიდებთან ღია კამარებით.

ოშკის საკურთხეველში დაცულია დიდი ოთხკუთხედი, მთელი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი, რომელიც უძრადვად არის მოთავსებული საკურთხევლის შუა ნაწილში, აღმოსავლეთი კედლიდან 2 მეტრის მანძილზე. მისი სიგრძე უდრის 173 ამ, სიგანე — 86 სმ, სიმაღლე — 85 სმ. საკურთხევლის იატაკი 3/4 მეტრით არის ამაღლებული ტაძრის იატაკთან შედარებით.

ფასადები

ოშკის წმინდა ნინოს დაკარგული ბარელიეფი
ოშკის ღვთისმშობლის დაკარგული ბარელიეფი

ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეულია სწორკუთხა მკლავებში. დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის.

ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია 5 დეკორატიული თაღის განმეორებადი კომპოზიცია - აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს სისტემა XI-XII საუკუნეებში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრეთ გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახელება. გამოსახული არიან აგრეთვე ცხოველები (ხარები, ირმები, ფრინველები). მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართული.

რელიეფების უმეტესობა განლაგებულია გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმელების გარშემო. მათი განაწილება და არქიტექტურულ ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც დამახასიათებელია X საუკუნისათვის. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრეთ გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე საკმაოდ მაღალია.

ყურადღების ღირსია ოშკის სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახული ხუთი ფიგურისაგან (მარცხნიდან მარჯვნივ: დავით მაგისტროსი, ღვთისმშეობელი, ქრისტე, იოანე ნათლისმცემელი და ბაგრატ ერისთავთერთისთავი) შემდგარი ვედრების ბარელიეფური კომპოზიცია, რომელიც ბოლო დრომდე უცვლელად იყო შემორჩენილი. ბარელიეფის ზომებია 1.46 X 0.7 მ. და მიწის ზედაპირიდან 3 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კომპოზიციიდან თავდაპირველად ღვთისმშობლის ბარელიეფი ჩამოვარდა, რომელიც 2006 წლამდე ტაძრის კედელზე იყო მიყუდებული (ამჟამად დაკარგულია). 2009 წელს ქრისტეს გამოსახულებაც ჩამოვარდა (დაიკარგა 2012 წელს). ამ ბოლო დროს მიკვლეულ იქნა ქრისტეს ბარელიეფი, რომელიც ამჟამად ერზურუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მდებარეობს[19][20].

გუმბათი და გუმბათის ყელი

გუმბათის ყელის სიმაღლე 6.4 მეტრს უდრის, ხოლო რადიუსი 5.66 მეტრს (კედლების ჩათვლით). თავად გუმბათი ოდნავ გამობურცული, ჩაფხუტის ფორმის კონუსია, სიმაღლით 6,86 მ. ქუდი ამჟამად მოტეხილი აქვს, ზედა ნაწილი კი დაზიანებული. გუმბათი დახურულია წითლად და ყვითლად მოჭიქული კრამიტით, ისევე როგორ იშხანში. დანარჩენი ტაძრის სახურავიც კრამიტის იყო, მხოლოდ მოუჭიქავი. გუმბათის ყელი გარედან 24 წახნაგიანია, რომლებიც ზემოთ პატარა კამარებით ერთიანდება. 12 მათგანში თავმომრგვალებული სარკმლებია, რომელთა თავზე, კამარებს ქვეშ, შავად დახატული ჯვრებია. კამარები ეყრდნობა წნულით შემკულ, ორმაგ პატარა სვეტებს, რომელთა თავები და კვარცხლბეკები ბარელიეფურია. ერთ მათგანზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოქანდაკებულია ბიუსტი მამაკაცისა, რომელსაც ზურგზე თოკით ტვირთი აქვს მოკიდებული. სხვებზე - ჯვრები, პალმეტები, ორი შებმული ცხოველი და სხვა სამკაულებია. გუმბათის ყელის ქვემო ნაწილის შემკულობა სრულიად სხვადასხვაგვარია.

ე. თაყაიშვილის აზრით ეს გამოწვეული იყო შემდეგით: აღმოსავლეთოდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან გუმბათის ყელის ქვედა ნაწილები შედარებით მცირედ მოჩანს ამ მხარეებზე ტაძრის დიდი სიმაღლის გამო; ასე რომ, როგორი შემკულობაც არ უნდა ყოფილიყო ამ ნაწილებში, მათი გარჩევა შეუიარაღებელი თვალით მაინც შეუძლებელი იქნებოდა. ჩრდილოეთით და უფრო მეტად კი ჩრდილო-აღმოსავლეთით ადგილის მოყვანილობა შესამჩნევად იცვლება. სახელდობრ, მთის მაღალი ფერდობი, რომელზეც სემინარია-საოსტიგნე და მათი აივანია, ძალიან ახლოსაა გუმბათის ყელთან და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უმთავრესი და გაცილებით მდიდარი მორთულობა აქაა მოთავსებული. გუმბათის ყელის ქვედა ნაწილი ამ მხრიდან შემკულია ცხოველთა ბარელიეფებისგან შემდგარი ლენტით. ზოგი წყვილად მორბენალი, ზოგი ერთმანეთს ადევნებული, ზოგიც ერთმანეთთან მებრძოლი, მათ შორის გამოირჩევიან ირმები და ძაღლები. ზოგიერთი ცხოველის მხოლოდ თავებია წარმოდგენილი, წრეებში. ერთ-ერთში მტაცებელი ფრინველის თავია.ბარელიეფები გამოირჩევა თავისი რეალისტური სახით[21].

გუმბათის ყელის აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის ქვედა ნაწილები შემკულია ერთმანეთზე გადაბმული ნახევარწეების ჩუქურთმით, მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია.

ფრესკები

ფრესკის ფრაგმენტი, სადაც გამოსახულია ბანას ტაძარი

ოშკის ტაძარი მოიხატა მხოლოდ აშენებიდან 75 წლის შემდეგ, 1036 წელს, ეს დასტურდება შესაბამისი თარიღიანი წარწერით (იხ. ტაძრის წარწერები). ამ ფრესკებიდან მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. ფრესკათა ნაშთები უფრო მეტწილად საკურთხეველში მოჩანს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა, მსგავსად იშხნისა. საკურთხევლის კონქზე მჯდომარე მაცხოვარი იყო გამოსახული, მარჯვნიდან და მარცხნიდან მთავარანგელოზებით. ამჟამად მოჩანს მაცხოვრის ფეხები, ტახტის კვარცხლბეკი და ერთი მთავარანგელოზის ტანსაცმლის ნაწილი. ქვემოთ, აღმოსავლეთის კედელზე გამოხატული ყოფილა ღვთისმშობელი, ვედრებად ხელაპყრობილი. მის მარჯვნი და მარცხნივ წარმოდგენილი არიან პეტრე და პავლე მოქციქულები, წარწერებით: „წ~ჲ პ~ე, წ~ჲ პავლე“. მათ შემდეგ სხვა მოციქულებია. პეტრეს გრაგნილზე წარწერაა: „თქუენ ხართ ნათელი სოფლისა...“ ამის ქვემოთ წარწერიანი ლენტია ტაძრის მოხატვის თარიღით. სარკმლის მარჯვნივ გამოსახულია იაკობი, შვეული წარწერით:

„წჲ
ჲაკობ
ძმაჲ
ო~ჲ“

შუა სარკმლის კედელზე წმინდა ეკატერინეა, წარწერით: „წ~ჲ ეკატერინე“ და სტეფანე წარწერით:

„წჲ
სტ

ნე
პირვ
ლი
მწ
მე“

სარკმლის ორივე მხარეს, ლენტის ქვეშ, ეკლესიის მამებია გამოხატული. შუა სარკმლის გვერდზე, მარჯვნივ, პეტრე ალექსანდრიელია, შვეული წარწერით:

ასომთავრული (არსებული) მხედრული (აღდგენილი)

„წჲ
პე
ალქს
ადრიე
ლი“

სარკმლის მარჯვნივ, კედელზე გამოხატულია იოანე ოქროპირი, წარწერით: „წჲ ოქროპირი“ — მისი გამოსახულება უკეთაა შემონახული. იქვე გამოხატული მეორე ფიგურა დაზიანებულია. საკურთხევლის მარცხნივ წარმოდგენილი იყო ქრისტეს ჯვარცმა. იკვეთება ჯვარზე მიმსჭვალული მარცხენა ხელი ქრისტესი, საიდანაც სისხლი წვეთავს; ჩანს ასევე ქრისტეს ბაგესთან მიტანილი ღრუბელი და მახვილი, ჩანან წინამდგომნიც. კომპოზიციის მგლოვიარე ანგელოზი ყველაზე უკეთ არის შენახული[22]. ტაძრის სამხრეთ მკლავის სარკმელს ქვემოთ არის იოანე ნათლისმცემლის გამოსახულება, რომელიც მარჯვენა ხელით ხალხს აკურთხებს. მარცხენაში მას გრძელი ჯვარი უჭირავს, მასთან მარჯვნივ და მარცხნივ თითო ხელებე-გაწვდილი კაცია მისული კურთხევის გამოსათხოვად. მათ ღია ფერის ქართული[1] სამოსები აცვიათ, მაღალი ქუდები ახურავთ და შავი წვერი აქვთ. მარჯვნივ მგომს იოანე ჯვარს წერს სამი თითით. მარცხენა ფიგურას სახე მოშლილი აქვს, ხოლო მარჯვენას დაზიანებული თვალები. ფიგურებს მარჯვნივ ნაგებობათა ქვედა ნაწილები მოჩანს, სავარაუდოდ გამოსახული იყო იერუსალიმში შესვლის კომპოზიცია. სამხრეთ სტოას აღმოსავლეთ ნაწილში, აფსიდის ცაში, შემორჩენილია მაცხოვრის კარგად დაცული ფრესკა.

სამხრეთ მკლავის პატარა სარკმელთან შემონახულია თეკლესა და მარინეს ფიგურები, წარწერებით: „წ~ჲ თეკლე“, „წ~ჲ მარინე“. მარინეს სახე ჩამოშლილია, თეკლესი კი შემონახულია, მხოლოდ თვალები ამოჩიჩქნული აქვს. თავზე წითელი შარავანდი ადგას. ჩრდილო მკლავის სარკმელს ქვემოთ გამოსახული უნდა ყოფილიყო წმინდა ელენე, მაგრამ ახლა მისი წარწერაღაა დაცული: „წჲ ელ(ენე)“. გუმბათის ყელის ძირში, ირგვლივ, ლენტზე იყო წითელი წარწერა, მისგან მხოლოდ შემდეგი შემორჩა: „რლი ცხორ...“. ეს არის ის რაც ამჟამად შემონახულია ოშკის მოხატულობიდან.

სემინარია-საოსტიგნე

ფოტოგალერეა
შემორჩენილი კედლები, ფასადი.
სემინარია-საოსტიგნე, გეგმა და ჭრილი (დეტალი)[11]
ჩამონგრეული გუბათი და ტრომპები შესასვლელ დარბაზში.

ტაძრის ჩრდილო მკლავის სიახლოვეს განთავსებულია მოზრდილი სამ-ნავიანი ბაზილიკის ტიპის შენობა[23] - სემინარია და საოსტიგნე[24]. მსგავსი შენობები გვხვდება ტაო-კლარჯეთის თითქმის ყველა დიდ ეკლესია-მონასტერში(ოპიზა, ბერთა, ხანძთა და ოთხთა).

შენობა აგებულია უხეშად დამუშავებული რუხი ქვით, მხოლოდ სვეტებსა და კამარებში ქვის დამუშავება უკეთესია. 8 სვეტ-ბურჯია და 4 პილასტრი თაღებით იკვრება და შენობის სივრცეს ბაზილიკისამებრ, ნავებად ანაწევრებს. აღმოსავლეთით სვეტ-ბურჯები უფრო მსხვილი და მძლავრია, ვიდრე დასავლეთით. ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ ნავის თავზე აივნის არსებობით.

ჩრდილოეთით ბაზილიკას ახლავს, მასთან გაშლილი თაღებით შეერთებული და შუა ნავის გაგრძელებაზე კვადრატული დარბაზი სფერული თარითა და ცენტრში ღია, დაბალი, ტრომპებიანი გუმბათი. დარბაზიც, მსგავსად ბაზილიკისა ნაშენია უხეშად ნათალი რუხი ქვით, ხოლო ტრომპები ქარგად დამუშავებული ქვით. ჩრდილოეთით დარბაზს ახლავს კარი, რომელიც უერთდებოდა ჩრდილოეთით მდგარ შენობას, ამჟამად განადგურებულს. თვით დარბაზი უნაკლოდაა შემონახული. დასავლეთის მთელი გვერდი ყრუა, ამ მხარით შენობის ფერდთან მიდგმის გამო. აღმოსავლეთ მხარეს შენობას 5 სარკმელი აქვს. აღმოსავლეთ შუა ნავს ერთი სარკმელი აქვს. უცნობია შუა ნავის, ამაღლებული ნაწილის განათება. მთელ შენობას ორი კარი აქვს: ერთი აღმოსავლეთ კედელში და მეორე დასავლეთით. ამ კართა ზემოთ თითო საკმელია.

მცირე ეკლესიები

მცირე ეკლესია, მონასტრის სამხრ.-დას. ფერდი

საქართველოში ყველა დიდ მონასტერს ჩვეულებრივ თან ახლდა ხოლმე პატარა ეკლესია-სამლოცველოები. ორი მსგავსი ეკლესია შემორჩენილია ოშკშიც.

ერთი მათგანი მდებარეობს ფერდობზე, მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით. იგი წარმოადგენს პატარა დარბაზულ ეკლესიას, სიგრძით 5,11 და სიგანით 3,43 მ. ეკლესია მოპირკეთებულია რუხი, თლილი ქვით. მისი ზეძირკველი ორი საფეხურსიგან შედგება. დასავლეთი კედელი სარკმლამდე ღორღით არის დაფარული. ერთადერთი კარი სამხრეთიდან აქვს, სარკმელი კი - სამი: აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ნახევარწრიულ საკურთხეველში ორი უბეა. საკურთხევლის კამარა კრონშტეინებზეა დაბჯენილი. ნავის კამარა გოდრულია, სახურავი - ქვის. ლავგარდანის მორთულობა ნამგლისებური სახეებისგან შედგება. ასეთივე მორთულობა აქვს საკურთხევლის პილასტრების ქუსლებს. კარის ზღუდარა მოჩუქურთმებული არქივოლტითაა შემკული, ხოლო მის ზემოთ რგოლებში ჯვრებია გამოკვეთილი. სამხრეთ სარკმელიც მსგავსი არქივოლტით სრულდება, ხოლო თავს ზემოთ ჯვარი ადგას. დანარჩენი სარკმლებიც მსგავსია მორთულობით. ეკლესიის კედლები შიგნით შელესილია, თუმცა მოუხატავია.

მეორე პატარა ეკლესიას ასეთივე გეგმა აქვს, ისიც ფერდობზე დგას, ტაძრის სამხრეთით. ჩრდილოეთით მას გვიანდელი ევკდერი ადგას, ნახევარ ნავის სახით. ამჟამად ეკლესიას სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ. ინტერიერში ეკლესიის ზომებია: 6,11 × 3,1 მ, კედლის სისქე - 0,74 მ. ეს ბაზილიკა გაცილებით დაზიანებულია, პირველთან შედარებით. თლილი ქვის პერანგი შემოცლილი აქვს მთლიანად, სახურავი მოხდილი, თუმცა თაღები მთელია. აქაც, საკურთხეველში ერთი სარკმელი და ორი უბეა. დასავლეთის კედელი ჩამონგრეულია. საკურთხევლის სართავი კამარები დაკიდულია. ეკლესიას კარი სამხრეთით აქვს, ხოლო დასავლეთით ევკდერში გასასვლელი.

ტაძრის წარწერები

ოშკის ტაძრის წარწერა

ოშკის ტაძრის კედლები საკმაოდ იყო დაფარული ასომთავრული წარწერებით, თუმცა ბევრი მათგანი განადგურდა დროთა მანძილზე. ფრესკაზე წარწერები წითელი საღებავითაა გამოყვანილი. ქვაზე გამოჭრილი წარწერა კი მხოლოდ სამია. პირველი დიდი, 12-პწკარიანი წარწერა მოთავსებულია სამხრეთ, კარის ტიმპაზე. წარწერის ბოლო, მე-12 პწკარი თითქმის მთლიანად დაზიანებულია. ტექსტი ნაწერია ქარაგმებით, რომელიც შემდეგნაირად იკითხება[25]:

(1) ქ. მოწყალებითა ღმრთისაჲთა, რომელი სცავს ყოველთა მოშიშთა მისთა და წარუმართებს მოყუარეთა სახელისა მისისათა (2) საქმეთა კეთილთა, ამის წმიდისა სამებისა სარწმუნოვებითა და მეოხებითა წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობელისაჲთა, მადლითა წმიდჲსა ძელისა ცხორებისაჲ (3) თა, შეწევნითა და მეოხებითა დიდებულისა ნათლისმცემლისაჲთა დაყოველთა წიდათაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა, ამათ ყოველთა (4) წმიდათა სადიდებელად და საქებად იწყეს ღმთივ გუიგუინოსანთა მეფეთა ჩუენთა შენებად ამის წმიდისა საყდრისა, რაჲთა ამას შინა აღესრულებოდიან დღესა (5) სწაულნი და შეიმკვებოდიან ჴსენებანი წმინდათანი, ვითარცა წერილ არს: „ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდით“. ამათ ყოველთა სურვილითა, (6) ამათ დიდებულთა მეფეთა ჩუენთა უშურველ იყვნენ საფასენი წარმავალნი წარუვალისა მისთუის, რაჲთა იგი ყოველნი წმინდანი შემწედ მოიგნენ, და ღმერთმან შეეწიენ ორივე (7) ცხოვრებათა ძეთა ღმრთივ კურთხეულისა ადარნასე კუროპალატისათა, ბაგრატ ერისთავთერისთავსა, დავით მაგისტროსსა, სამებამან წმიდამან (8) სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თჳისითა და ადიდენ ორივე ცხოვრებათა

და მე, გრიგოლ, ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყ (9) ავ საქმესა ზედამდგომი, და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულებაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ.

ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექუიშე (10) თაჲ, რომელ წელიწადსა წაეგების, დრამაჲ: (ქართულ სათვალავში 20): ათასი; ღუინოჲ ფისოსი (ანუ 5000); რკინაჲ ლიტრაჲ (ანუ 50); ხუარბალი გრივი ს მ ი (ანუ 250); გალატოზი და ხუროჲ და მჭედელი, რომელ მარადის შურებო (11) და ჲ ი (ანუ 70); ჴარი, რომელ ქვასა კრებდა (ანუ 30), ჯორი და სხუაჲ აზავერი, რომელ გრიგოლ-წმიდით სპონდიკსა კრებდა: ; სხუაჲ აზავერი, რომელ ... კრებდა (ანუ 60): ... (12) ......... (ანუ 60) და ....... (ყოველი) ერი და მოქმედი (ანუ 80): ......

წარწერის ბოლო, სადაც სავარაუდოდ თარიღი უნდა ყოფილიყო, განადგურებულია მეჩეთის დროს კარის ამოქოლვის გამო. ამიტომაც ტაძრის აგების დროს მეცნიერები ადგენენ წარწერაში მოხსენიებული პირების მიხედვით. ესენი არიან ადარნასე III კურაპალატი და მისი ორი შვილი, ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი.

მეორე წარწერა აღმოსავლეთი აფსიდის სარკმლის თავზეა, ქვაზე ზერელედ ამოჭრილი უსწორმასწორო ასოებით, რომელიც შემდეგნაირად იკითხება"

ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდენ მეფენი ჩუენნი, მონანი შენნი, ბაგრატ და დავით, ორსავე ცხოვრებასა, წმიდაო ნათლის მცემელო, მეოხ და მფარველ ეყავ აზნაურნი და მსახურნი, დაიცვენ მამაჲ მიქელ და მამაჲ იოვანე და გრიგოლ ყოვლისა ბოროტისაგან.

მესამე წარწერა ასევე ზედაპირულია, მოთავსებულია მარჯვენა აფსიდის ლავგარდანზე და შემდეგნაირად იკითხება:

ქ. მეფესა ჩუენსა ბაგრატ ერისთავთერისთავსა.

ორი სტელა ოშკიდან

პირველი სტელა

მეჩეთად გადაკეთებულ ოშკის ერთ-ერთ კედელში შეიმჩნეოდა სამკუთხად დაგვირგვინებული ორი ქვა. ერთ-ერთზე წითელი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერის ამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ ეკლესიის მშენებლობა 963 წლის 25 მარტს დაიწყო. დროთა განმავლობაში წარწერა სრულიად გაქრა, მიტოვებული შენობის კედლები ჩამოინგრა და ამ უცნაური ქვების ერთ-ერთ გევრდზე ქვაში ნაკვეთი წარწერაც გამოჩნდა. მოგვიანებით, 2003 წელს, კედლის ჩამოშლის შემდეგ ორი მშვენივრად დაცული ქვის სტელა გამოვლინდა – უნიკალური თავისი ზომებით, რელიეფური გამოსახულებებითა და წარწერებით. აქ მეორდება ტექსტი ეკლესიის შენების დაწყების შესახებ.

პირველ, უფრო მაღალ (სიმაღლე – 157 სმ) სტელაზე გამოსახულნი არიან: ქვევით – ქტიტორი დავით III ვედრების პოზაში და მის ზევით – ნიკოპეის ტიპის ღვთისმშობელი, რომელსაც წინ ყრმა უკავია. მეორე, შედარებით დაბალ სტელაზე (სიმაღლე – 130 სმ) გამოსახული არიან: ქვევით – ბაგრატ ერისთავთერისთავი ვედრების პოზაში (წარწერის მიხედვით, უკვე გარდაცვლილი) დ მის ზევით – იოანე ნათლისმცემელი. ორივე ფიგურის გარშემო ასომთავრული წარწერებია, რომლებიც წითელი საღებავით არის დაფარული. დავით III-ის სტელაზე დაცული წარწერა წარმოადგენს ვედრებას დავითისათვის გამარჯვების მოსაპოვებლად: „დიდებულმცა არს მეფობა დავითისი. მიანიჭენ მას სიმრთელით დღეგრძელობა და მტერთა მიმართ მძლეობა.“

ამჟამად ეს ორი სტელა არზრუმის საგამოფენი დარბაზშია დაცული.

ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა

  • ოშკის ტაძარი ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund, შემოკ. WMF) 2012 წლის საზედამხედველო განადგურების პირას მყოფ ძეგლთა სიაში მოხვდა. აღნიშნულ სიაში მოხვედრა ამ საზოგადოების მიერ ძეგლის მდგომარეობის აღიარებას ნიშნავს, რაც სავარაუდოდ, ოშკის ამჟამინდელ მძიმე მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.
  • საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების თანახმად, ოშკის რესტავრაცია დაიწყება ქართული მხარის მიერ.[26]

საინტერესო ცნობები

  • ოშკის ტაძარს ერთხანს იყენებდნენ ნაწილს მეჩეთად, ნაწილსაც ბოსლად, ფარეხად და თივის საწყობად, შიგნიდან შესაბამისი გადატიხვრით.
  • ტაძრის სამხრეთ ფასადის მთავარანგელოზთა ბარელიეფებს თავები ადგილობრივმა ახალგაზრდობამ მოამტვრია, როდესაც სროლაში ვარჯიშობდა[1]
  • შუა საუკუნეების ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი, ოშკის მონასტერს არ იცნობდა[1]

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • სამწუხაროდ ტაძარი დღემდე დაუცველია და მუდმივად იძარცვება (მაგ. 2006 წელს გაქრა ტაძრის სამხ.-აღმ. ფასადის ბარელიეფი.)
  • ოშკი დღემდე სადავო ძეგლია ქართველ და სომეხ ისტორიკოსთა ნაწილს შორის;

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

  • ე. თაყაიშვილი - «1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში». თბ.,1960.-გვ.32-58. «ოშკის მონასტერი»;
  • ვალერი სილოგავა, «ოშკი X ს. მემორიაური ტაძარი», თბ. 2006, ISBN 99940-890-6-4
  • ვახტანგ ჯობაძე, ოშკის ტაძარი : (ორი წერილი ოშკის ტაძარზე) / [რედ.: ნ. ალადაშვილი] ; საქ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინიშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტ. ინ-ტი - თბ. : მეცნიერება, 1991 : მ/ა სტ. - 67გვ. ; 20სმ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 5-520-01085-4 : 1მ.30კ., 1500ც.
  • შალვა ამირანაშვილი, «ქართული ხელოვნების ისტორია» - თბ.,1971.-გვ.75-76;
  • ვახტანგ ბერიძე, «ძველი ქართული ხუროთმოძღვრება» - თბ.,1974;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 620.
  • ირინე გივიაშვილი, «ორი სტელა ოშკიდან», ფიროსმანი. 2007/3. გვ 39-40.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ე. თაყაიშვილი - «1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში»
  2. V.Silogava, K.Shengelia, Tao-Klarjeti, Caucasus University, Tbilisi 2006, p. 186, ISBN 999 40-861-7-0
  3. Merab Chukhua, Georgin-Circassian-Abkhaz Etymological Researches [მერაბ ჩუხუა, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი] — Tbilisi, 2017. — p. 101, ISBN 9789941461743
  4. ტაო-კლარჯეთი, ვალერი სილოგავა და კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის გამომცმემლობა, თბილისი, 2006 წელი, ISBN 999-40-861-7-0
  5. წარწერა მას ამ პატივით იხსენიებს
  6. მისი რელიეფური გამოსახულება სამხრეთ გალერეის ერთ-ერთ სვეტზეა
  7. ეს რელიეფური გამოსახულება ე. თაყაიშვილის ექსპედიციამ მახლობელი ბოსტანის ყორეში იპოვა
  8. მან მოპოვებული მასალა, პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის აკადემიკოსს, იმხანად ქართულ სიძველეთა საუკეთესო მცოდნეს, მარი ბროსეს გადასცა, რომელმაც სათანადო კომენტარებითურთ გამოაქვეყნა.
  9. ეს ექსპედიცია ყველაზე ხალხმრავალი იყო: არქიტ. ა. კალგინი, არქიტ. და ფოტოგრაფი, ალპინისტი ი. ზდანევიჩი, მხატვრები დ. შევარდნაძე და ლ. გუდიაშვილი, მოქანდაკე მ. ჭიაურელი და ვარძიის მღვდელ-მონაზონი იპოლიტე.
  10. ტბა წარმოიშვა 1791 წელს მდინარის დაგუბებით
  11. 11.0 11.1 11.2 ე. თაყაიშვილის ექსპედიციის ანაზომის მიხედვით
  12. იშხანი მხოლოდ 1032 წელს შეიმოსა თლილი ფილებით
  13. ამჟამად მეჩეთი ტაძარში აღაა განთავსებული
  14. ამათში მითვლილია დასავლეთით მიშენებული ნახევა-კამარაც (იხ. გეგმა)
  15. ის უკვე ჩამონგრეული დახვდა ე. თაყაიშვილის ექსპედიციას
  16. ამჟამად დახშულია მიწის სქელი ფენით და შეერთებულია ფერდზე აგებულ გვიანდელ ნაგებობასთან.
  17. იშხანში, მაგალითად გუმბათის ყელის წახნაგებში შემდეგ გამოიჭრა მრგვალი პატარა საკმლები
  18. ოპტიკური შესწორება - არქიტექტურულ-ტექტონიკური ხერხი, რომლითაც ვიზუალურად ხდება შენობის პარამეტრების გამიზნული დარღვევა-შეცვლა
  19. Öşk Manastırı Kilisesinden Çalınan Eşsiz Kabartmalar
  20. ოშკის ტაძარზე უნიკალური ბარელიეფი ჩამოინგრა - www.interpressnews.ge
  21. თაყაიშვილი აღფრთოვანებული იყო ერთ-ერთი ხარ-ირემის ბარელიეფის რეალიზმით
  22. ის მუსლიმების მიერ ოშკის მეჩეთად გადაკეთების დროს მიწის სქელი ფენით დაიფარა და ამით დაზიანებას გადაურჩა
  23. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები - I სართული
  24. საერთო სასადილო ოთახი მონასტერში - იგივე სატრაპეზო
  25. ფრჩხილებში რიცხვები აღნიშნავენ პწკარის დასაწყისს. წარწერა მოყვანილია
  26. ტაძრები და მეჩეთები ჩვენს ხელში რადიო თავისუფლება
არქიტექტურის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები არქიტექტურასა და ურბანიზმზე.
საქართველოს ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს ისტორიის შესახებ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოშკი&oldid=4699861“-დან