ლიდია
ლიდია (ბერძ. Λυδία) — ისტორიული ქვეყანა დასავლეთ მცირე აზიაში, მდინარე ჰერმოსის დაბლობში. ლიდიელები ხეთურ-ლუვიური ტომების მონათესავენი იყვნენ. ლიდიელებს დასავლეთ მცირე აზიაში უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში უნდა ეცხოვრათ. ლიდიურს (კარიულტან ერთად) ინდოევროპული ენების ანატოლიური (ხეთურ-ლივიური) ჯგუფის ხეთურ ქვეჯგუფს აკუთვნებენ. ლიდიას ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონდა. მდიდარი იყო ოქროს საბადოებით. ლიდიაში მაღალ დონეზე იდგა მიწათმოქმედება და ხელოსნობა; კერამიკული და საიუველირო ნივთების, ფერადი ქსოვილებისა და ტყავის ნაწარმის დამზადება. ლიდიას მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და კულტურული კონტაქტები ჰქონდა როგორც მცირე აზიის ხალხებთან, ასევე ეგეოსურ სამყაროსთან, მატერიკის საბერძნეთთან, ეგვიპტესთან, სირია-ფინიკიასთან და ბაბილონთან. ლიდიელებს მიაწერენ ძვ. წ. VII საუკუნეში პირველი მონეტის მოჭრას.
ძვ. წ. VIII საუკუნის დასასრულამდე ლიდია ფრიგიის ქვეშევრდომი იყო, ძვ. წ. VII ს. დამდეგიდან გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო (დედაქალაქი – სარდისი). მას სათავეში მერმნადების დინასტია ედგა, რომლებმაც ბერძნული ტრადიციის თანახმად, ჰერაკლიდების ადგილი დაიკავა. ლიდიელებმა მოიგერიეს კიმირიელთა და თრაკიელ ტომთა რამდენიმე შემოსევა, შემდეგ მცირე აზიაში პირველობისათვის ბრძოლა დაიწყეს. კრეზმა (ძვ.წ. 560-546 წწ.) თითქმის მთელი მცირე აზია შემოიმტკიცა. ძვ. წ. 546 წელს სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ლიდია და იგი აქემენიდთა სპარსეთის ერთ-ერთ პროვინციად იქცა. ძვ. წ. IV საუკუნეში ლიდია ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ძვ. წ. III-II სს-ში იგი ჯერ სელევკიდების ქვეშევრდომი იყო, შემდეგ – პერგამონის სამეფოსი, ხოლო ძვ. წ. 133 წელს რომის პროვინცია „აზიის“ ნაწილი გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაზარაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 224.