კავიტე
კავიტე | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
შიდა დაყოფა | ბაკოორი, კავიტე (ქალაქი), დასმარინიასი, Imus, ტაგაიტაი, ტრესე-მარტირესი, ალფონსო, ამადეო, კარმონა, ხენერალ-ემილიო-აგინალდო, ხენერალ-მარიანო-ალვარესი, General Trias, Indang, კავიტი, მაგალიანესი, მარაგონდონი, მენდესი, ნაიკი, ნოველეტა, როსარიო, სილანგი, ტანსა და ტერნატე | ||
კოორდინატები | 14°16′00″ ჩ. გ. 120°52′00″ ა. გ. / 14.26667° ჩ. გ. 120.86667° ა. გ. | ||
მმართველი | Juanito Victor C. Remulla | ||
დაარსდა | 1614 | ||
ფართობი | 1574.17 კმ² | ||
მოსახლეობა | 4 344 829 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 46 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.cavite.gov.ph/ | ||
კავიტე (ოფიციალურად კავიტეს პროვინცია; ტაგალ. Lalawigan ng Kabite) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს კალაბარსონის რეგიონში ლუსონზე. პროვინცია მანილის ყურის სამხრეთ ნაპირებზე მდებარეობს, ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთით. კავიტე ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული და სწრაფად მზარდი პროვინციაა. 2020 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 4 344 829 ადამიანს შეადგენს და ფილიპინების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციაა, თუკი სებუს პროვინციის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ქალაქი სებუ არ ჩაითვლება.
პროვინციის დე ფაქტო დედაქალაქი ტრესე-მარტირესია, ხოლო ოფიციალური დე იურე დედაქალაქი იმუსია.
300 წლის მანძილზე პროვინციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ქვეყნის კოლონიური მმართველოს, ისე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდშიც, რის გამოც მას ხშირად „ფილიპინების ისტორიულ დედაქალაქსაც“ უწოდებენ. ფილიპინების დამოუკიდებლობის დეკლარაციას 1898 წლის 12 ივნისს კავიტში მოეწერა ხელი. ძველი პროვინციული დედაქალაქი, კავიტე, აზიასა და ლათინურ ამერიკას შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
კავიტეს დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვაა გადაჭიმული. აღმოსავლეთიდან ლაგუნის პროვინცია ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, ხოლო სამხრეთიდან ― ბატანგასი.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის სახელწოდება კავიტის ესპანიზებული ფორმაა ან შეიძლება კალავიტის სახეცვლილი ფორმა იყოს. ორივე ტაგალური სიტყვაა და „კაუჭს“ ნიშნავს, რაც მანილის ყურეში პატარა კაუჭის ფორმის ნახევარკუნძულზე მიუთითებს.[2] სახელწოდება თავდაპირველად ნახევარკუნძულს ერქვა, კავიტე-ლა-პუნტა (ამჟამად ქალაქი კავიტე) და მიმდებარე დაბლობ სანაპირო ტერიტორიას 'კავიტე-ვიეხო (ამჟამად კავიტი).
სხვა თეორიის თანახმად, პროვინციის სახელწოდება კაბიტიდა მომდინარეობს, რაც ტაგალურ ენაზე „გაერთიანებულ“, „დაკავშირებულს“ ნიშნავს და ნახევარკუნძულის არქიპელაგის ნაწილთან ტოპოგრაფიულ კავშირზე მიუთითებს.[2] 1821 წლის მემუარებში ედმუნდ რობერტსი წერდა, რომ ადგილობრივები მას კავეიტს უწოდებდნენ, „ზღვაში შეჭრილი მიწის მოკაუჭებული ფორმის გამო“.[3]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავიტეს აღმოსავლეთიდან ლაგუნის პროვინცია ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, სამხრეთიდან ― ბატანგასის პროვინცია. პროვინციის დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვაა გადაჭიმული.[4]
კალაბარსონის რეგიონის მასშტაბით, კავიტე მეორე ყველაზე პატარა პროვინციაა (რისალის პროვინციის შემდეგ). კავიტეს ფართობი 1 427.06 კმ²-ია, რაც კალაბარსონის რეგიონის 8.72%-ს და ფილიპინების საერთო ფართობის 0.48%-ს შეადგენს. ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტებია მარაგონდონი (165.49 კმ²) და სილანგი (156.41 კმ²). ფართობის მიხედვით უმცირესი მუნიციპალიტეტია ნოველეტა, (5.41 კმ²), რაც პროვინციის საერთო ფართობის 0.38%-ს შეადგენს.[5]
ტოპოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავიტე ოთხ ფიზიოგრაფიულ ტერიტორიად იყოფა: უდაბლეს დაბლობ, დაბლობ, ცენტრალურ მთიან და მაღალმთიან ტერიტორიად.[6]
უდაბლესი დაბლობი ტერიტორია სანაპირო დაბლობებს მოიცავს. ამ ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 0-დან 2 მეტრამდეა. ტალღების სიმაღლე დაახლოებით 0.8 მეტრია. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქები: კავიტე, ბაკოორი და მუნციიპალიტეტები: კავიტი, ნოველეტა, როსარიო, კარმონას ჩრდილოეთი ნაწილი და ტენატეს აღმოსავლეთი ნაწილი.
დაბლობი ტერიტორია სანაპიროსა და ალუვიური დაბლობებისგან შედგება. ტერიტორიის დახრილობის მაჩვენებელი 0.5%-ზე ნაკლებია, ხოლო ზღვის დონიდან სიმაღლე 2-დან 30 მეტრამდეა. ალუვიური დაბლობი ქალაქ იმუსისა და გენერალ-ტრიასის სამხრეთ ნაწილშია გავრცელებული.
მესამე ტოპოგრაფიული ერთეული ცენტრალური მთიანი ტერიტორია და ძირითადად ვულკანური ტუფის პლატოს წარმოადგენს. ცენტრალური მთიანი ტერიტორია ციცაბო ფერდობებს, ქედებსა და მაღლობ ხეობებს მოიცავს. პლატოს სიმაღლე ზღვის დონიდან 30-დან 400 მეტრამდეა. ფერდობების დახრილობა 0.5%-დან 2%-მდეა. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქები: ტრესე-მარტირესი და დასმარინიასი და მუნიციპალიტეტები: გენერალ-ამილიო-აგინალდო, გენერალ-მარიანო-ალვარესი, ტერნატეს დასავლეთი ნაწილი და ამადეოს, ინდანგის, სილანგის, მაგალიანესისა და მარაგონდონის ჩრდილოეთი ნაწილები.
მაღალმთიან ტერიტორიაზე ქალაქი ტაგაიტაი და მუნიციპალიტეტები: ალფონსო, მენდესი და ამადეოს, ინდანგის, სილანგის, მაგალიანესისა და მარაგონდონის სამხრეთი ნაწილები მდებარეობს. ეს სივრცე ზღვის დონიდან 400 მეტრზე მაღლა მდებარე ტერიტორიებს მოიცავს. დახრილობის მაჩვენებელი 2%-ზე მეტია. ტაგაიტაის ქედის საშუალო სიმაღლე 610 მეტრია, ხოლო სუნგაის მთა პროვინციის უმაღლესი წერტილია (716 მეტრი)
კავიტე ადმინისტრაციულად 16 მუნიციპალიტეტისა და 7 ქალაქისგან შედგება.
პროვინციის შემადგენლობაში შედის კუნძულები: ბალოტი (მდებარეობს მდინარე ტერნატეს შესართავთან),[7] კაბალიო, კორეგიდორი, ელ-ფრაილე, კარაბაო, ლა-მონხა (კორეგიდორის დასავლეთით), სანტა-ამალია (კორეგიდორიდან ჩრდილო-დასავლეთით).[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 5 (11th ed.). Cambridge University Press. p. 582.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ 2.0 2.1 Official Website of the Provincial Government of Cavite – Cavite City დაარქივებული March 1, 2009, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Roberts, Edmund (1837). Embassy to the Eastern Courts of Cochin-China, Siam, and Muscat. New York: Harper & Brothers, გვ. 59.
- ↑ Local Government Report 2015: Province of Cavite. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2016. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2021.
- ↑ "Physical and Natural Resources" დაარქივებული September 11, 2011, საიტზე Wayback Machine. . Province of Cavite Official Website.
- ↑ Provincial Disaster Risk Reduction and Management Plan 2011–2016. ციტირების თარიღი: September 29, 2016
- ↑ "Ternate Website". Ternate Cavite Website. Retrieved on October 28, 2011.
- ↑ U.S. Army (1916). "United States military reservations, National cemeteries, and military parks", p. 344. Government Printing Office, Washington.
|
|