გელუგპა
გელუგი ან გელუგპა (ტიბ. དགེ་ལུགས་པ „ყვითელ ქუდიანების სექტა“) — ტიბეტური ბუდიზმის ერთ-ერთი სკოლა, რომელიც დააარსა ტიბეტელმა ფილოსოფოსმა და რელიგიურმა ლიდერმა ცონგქაპამ (1357-1419 წწ). პირველი მონასტერი დაარსდა განდენში. დღესდღეობით, სკოლის მეთაურია განდენ ტრიპა. მიუხედავად ამისა, სექტის ყველაზე გავლენიანი პირი დალაი-ლამაა.
ლამა ცონგქაპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯე ცონგქაპა (1357-1419, ტიბეტურად ნიშნავს „კაცი ხახვის მინდვრიდან“) იყო ცნობილი ტიბეტელი ვაჯრაიანა ბუდიზმის მასწავლებელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გელუგის სკოლის ფორმირებას. აგრეთვე ცნობილია სახელით - ლობსანგ დრაკპა (ბლო ბზანგ გრაგს პა) ან უბრალოდ ჯე რინპოჩე (რჯე რინ პო ჩე). ცონგქაპა ისმენდა ბუდას სწავლებებს ყველა ტიბეტური ბუდიზმის სექტის მასწავლებლებისგან. მისი შთაგონების ძირითადი წყარო იყო კადამპას ტრადიციიდან - ატიშას მემკვიდრეობიდან. ცონქაპას სწავლებების მიხედვით, გელუგის ტრადიციის ორი მთავარი მახასიათებელი არის:
1. სუტრასა და ტანტრას ერთიანობა და
2. ვინაიაზე ყურადღების გამახვილება (დისციპლინის მორალური კოდი).
მონასტრები და ხაზის გამგრძელებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცონგქაპამ 1409 დააარსა განდენის მონასტერი, რომელიც მისი მთავარი რეზიდენცია გახდა. მას ჰყავდა ბევრი მოსწავლე, მათგან ორი მთავარი იყვნენ გიალცაბ ჯე (1364-1431) და ქედრუპ ჯე (1385-1438). სხვა მოსწავლეები იყვნენ: ტოგტენ ჯამპალ გიაცო, ჯამიანგ ჩოჯე, ჯამჩენპა შერაპ სენგე და გიალვა გედუნ დრუბი (1391_1474) - პირველი დალაი ლამა. ცონგქაპას გარდაცვალების შემდეგ მისი სწავლებები შეინახეს და გადაცეს გიალცაბ ჯემ და ქედრუბ ჯემ, რომლებიც განდენის მონასტრის აბატები გახდნენ. გელუგპას ხაზი უჭირავთ განდენ ტრიპებს, განდენის მონასტრის ტახტის მფლობელებს.
გელუგპას ვაჯრაიანული პრაქტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუჰიასამაჯა, ჩაკრასამვარა და იამანტაკა გელუგის ხაზის სამი ძირითადი იიდამ პრაქტიკაა, აგრეთვე კალაჩაკრას პრაქტიკაც. გუჰიასამაჯა უმთავრესია; ამიტომ თუ ვინმეს სწავლა ან პრაქტიკა სურს, გუჰიასამაჯაზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება.
გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე16 ს-ის დასასრულს, ტიბეტური ბუდიზმის სექტათა „ბრძოლის“ შემდეგ გელუგის სკოლა გახდა დომინანტი. ლოზანგ გიაცოს, მე5 დალაი ლამას პერიოდიდან - მე17 ს-ში, დალაი ლამას ეჭირა პოლიტიკური კონტროლი ცენტრალურ ტიბეტზე. ამ მმართველობის შედეგად, ჯონანგის სკოლა ძალაუნებურად გარდაიქმნა გელუგის ტრადიციად, ისევე როგორც ბევრი კაგჲუური და ნიინგმური მონასტერი.