ალ-ისტახრი
აბუ ისჰაკ ალ-ფარისი ალ-ისტახრი (آبو إسحاق إبراهيم بن محمد الفارسي الإصطخري) (დ. დაახლ. 850 — გ. 934) — არაბი მოგზაური და გეოგრაფი.
ალ-ისტახრის ბიოგრაფია თითქმის არაა ცნობილი. ნისბის (წარმომავლობის სახელი) მიხედვით უნდა ყოფილიყო ესტაქრიდან (ფარსის პროვინცია, ახლანდელი ირანის ისლამური რესპუბლიკა). თავის თხზულებაში „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“ („ქითაბ ალ-მასალიქ ვა ლ-მამალიქ“) ავტორი მიმოიხილავს მუსლიმურ ქვეყნებს დასავლეთ ინდოეთიდან მაროკოსა და ესპანეთამდე. მოკლედ არის აღწერილი თბილისიც, რომელიც მაშინ მუსლიმ ემირთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. თბილისი აღნიშნულია ალ-ისტახრი მიერ შედგენილ რუკაზეც. იგი წერს: „ტფილისი დარუბანდზე ნაკლებია და ორი კედელი აქვს თიხის. სიმდიდრით სავსე ადგილია, ხილ-ბოსტნეულისა და ნათესების უხვად მქონებელი; მრავალი საქონელი და თაფლი მტკვრით გააქვთ იქიდან. აქვს თბილი წყლები მსგავსად ტიბერიისა, უცეცხლოდ ცხელი. მთელ არანში ბარდავზე, დარუბანდსა და ტფილისზე უფრო დიდი ქალაქი არ არსებობს“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისთახრი, ჰოდუდ ალ-ალემი, ჰამდალლაჰ ყაზვინი, თარგმ. შენიშვნებითა და საძიებლითურთ ვლ. ფუთურიძისა, თბ., 1937
- Караулов Н. А., Сведения арабских географов IX–X веков, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», вып. 29, Тфл., 1901
- ჯაფარიძე, გოჩა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018.
- Bolshakov, O. G. (1998). „EṢṬAḴRĪ, ABŪ ESḤĀQ EBRĀHĪM“. Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 6. pp. 646–647.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)