ათონის ივერთა მონასტერი
ივერონი Μονή Ιβήρων | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
---|---|
დაქვემდებარება | საბერძნეთის ეკლესია |
კოორდინატები | 40°14′41″ ჩ. გ. 24°17′04″ ა. გ. / 40.24472° ჩ. გ. 24.28444° ა. გ. |
დაარსდა | 980 |
ფართობი | 33042 ჰექტარი |
მოსახლეობა |
35 (2021), 62 (2001) |
ოფიციალური საიტი | https://www.imiviron.gr/ |
ათონის ივერთა მონასტერი — ისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, აიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა 980-983 წლებში. ათონის ივერთა მონასტრის ქართველები თანდათან შეავიწროვეს და უკანასკნელ ხანებში მონასტერი მთლიანად ხელთ იგდეს ბერძნებმა. ამჟამად აქ ქართველთაგან აღარავინ არის. თანდათან გაპარტახდა მონასტრის წიგნთსაცავიც. ათონის ივერთა მონასტერში მხოლოდ 86 ხელნაწერიღა დარჩა. მათი უმრავლესობა X საუკუნისაა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ქრისტიანი მოწესენი ათონზე VIII-IX საუკუნეებიდან ჩანან. 870 წელს იოანე კოლოვუმ დააარსა პირველი სავანე, ხოლო მომდევნო ხანაში სამონასტრო მშენებლობა ისე შესამჩნევლად გაიშალა ერთიმეორის მიყოლებით იმდენი მნიშვნელოვანი სავანე აღმოცენდა, რომ მალე ათონის მთას მთაწმინდა ეწოდა.
965 წელს ათონის მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე, რომელსაც ახლდნენ ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწაფენი. ათონის ივერთა მონასტერს თავიდაპირველად იოანე ხელმძღვენელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის გამტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით.
იოანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. იგი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იოანეს ავადმყოფობის გამო უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას. მისი წყალობით იქცა ათონის სავანე არა მხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად. ექვთიმე ათონელის საქმიანობამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მადლიერი თანამემამულენი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ „განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაი ჩვენი“ - გიორგი ათონელი. „განავრცელა და განანათლა ქართველთა ენაი“ _ სვიმონ დვალი.
ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და ხელშეწყობით მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა, განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.
მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში გრძელდებოდა გიორგი ათონელის მომდევნო წინამძღვრების თეოდორესა და განსაკუთრებით გიორგი ოლთისარის დროსაც.
ათონის ქართველთა მონასატერში მდგომარეობა გართულდა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შესუსტდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ ათონზე ჯერ კიდევ XI საუკუნიდან.
1259 წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ იქაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა. მტერს ვერც ივირონი გადაურჩა. იმავე საუკუნის 80-იან წლებში ათონი ერთხელ კიდევ დაარბიეს მომხდურებმა, რომელთაც ბერებს კათოლიკობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის გამოც სასტაკად დაისაჯნენ.
XIV საუკუნის დამდეგს ათონი რამდენიმეჯერ იქცა მტრის სათარეშო არენად. არაბმა მეკობრეებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი განიზრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს, გუმბათიანი ნაგებობის ჩამოქცევა ვერ მოახერხეს.
XVI საუკუნის დამდეგისათვის ქართველთა დახმარებამ და შეწირულობამ რამდენადმე შეცვალა ათონელთა მდგომარეობა. გაჩაღდა აღმშენებლობითი საქმიანობა და დანგრეულ ნაგებობათა აღდგენა-განახლება.
XVII საუკუნიდან ათონელებს კვლავ ეხმარებოდნენ თანამემამულენი, ივერთა მონასტერში გრძელდებოდა აღდგენით-აღმშენებლობითი სამუშაოები.
XVIII საუკუნეებში ათონს ეწვია არაერთი მოღვაწე, რამდენიმეჯერ იყო გამოჩენილი მწერალი და მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. მან შეისწავლა ათონის სიძველენი, გამოიკითხა ზეპირი ტრადიციული ცნობები, გამოიყენა წერილობითი წყაროები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ მონასტერს ვრცლად აღწერა დიდი ტაძარი. ხუროთმოძღვრებისა და ფერწერის ნიმუშები დაათვალიერა და შეაფასა ისტორიკოსის თვალით.
XVIII საუკუნეში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქართველებმა ათონისადმი დახმარება შესამჩნევად შეამცირეს, მაგრამ სულ არ დავიწყებიათ ძველი სავანე. ძღვენით, ყმა-მამულისდ შეწირვით, ძველი მამულების დამტკიცებითა და ადრინდელი უფლებების აღდგენით მას დაეხმარნენ თეიმურაზ II, სოლომონ I, ერეკლე II.
XIX საუკუნის დამდეგიდან, ქართველთა მდგომარეობა ათონზე მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა მფარველ-შემწენი. ქართველ მეფეთა სახით, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა. ბერძნებმა ათონელი ქართველები უფრო მეტად შეავიწროეს. ამიერიდან რუსეთი უნდა დახმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველობას, მაგრამ დასავლეთის ამბებმა, მძაფრმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, სამამულო ომმა მისი ყურედღება ჩამოაშორა ათონს. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ივერთა მონასტერში.
1849 წელს ათონზე იყო ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი. მან აღწერა იმდროინდელი მოღვაწეობა, შეისწავლა ქართული სიძველენი, ნაყოფიერად იმუშავა წიგნსაცავში. მისმა მისვლამ ივერთა მონასტერში გამოაცოცხლა იქაური მოღვაწენი.
ახალი სავანის წინამძღვარი ბ. ბარკალაია, შემდეგაც აქტიურად მოქმედებდა, მიმართავდა რუს ხელისუფალთ და გამოჩენილ ქართველთა მოღვაწეობას და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომლებშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებებს ივერთა სავანის დაარსებაში, განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ.
მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოვალგვარ ზღვარს გასცილდა. 1883 წელს ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფისა და დედოფლების სახელები გადაშალეს და ბერძნის დააწერეს თითქოს მათი მეფეები ყოფილიყოს.
1972 წელს საბერძნეთის მთავრობამ გააუქმა ათონის ათასწლოვანი ავტონომია და იგი თავის ინტერესებს დაუმორჩილა. რამდენიმე წლის შემდეგ საბერძნეთში სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შედეგად ათონი კვლავ ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკად იქცა.
მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა, მ. შ. „დიდი ეკლესია“ - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა და დღესაც არსებობს. მონასტერი მალე არა მარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო-სამონასტრო ცენტრი, არამედ საერთოდ ქართული სულიერი კულტურული მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურის სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმიდელი და მისი ტრადიციების გამაღრმავებელი გიორგი მთაწმიდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინალური თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები.
მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიურ კულტურის ურთიერთობის გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა „სიბრძნე ბალავარისი“. მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI საუკუნიდან. XIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX საუკუნეში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წელს მონასტერში 51 ქართველი იყო.
ქართული ხელნაწერები და სიძველეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ათონის ივერთა მონასტრის ქართველები თანდათან შეავიწროვეს და უკანასკნელ ხანებში მონასტერი მთლიანად ხელთ იგდეს ბერძნებმა. ამჟამად აქ ქართველთაგან აღარავინ არის. თანდათან გაპარტახდა მონასტრის წიგნთსაცავიც. ათონის ივერთა მონასტერში მხოლოდ 86 ხელნაწერიღა დარჩა. მათი უმრავლესობა X საუკუნისაა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
- Ath.-6 - ოპიზაში გადაწერილი ოთხთავი (913 წ.);
- Ath.- - ოშკში თორნიკე ერისთავის დაკვეთით 978 წელს გადაწერილი ბიბლიის ხელნაწერი;
- Ath.-17 - მრავალთავი;
- Ath.-32 - ეფთვიმეს მიერ თარგმნილი თხზულებათა კრებული.
ზოგიერთი ათონური ხელნაწერი ( A.-110, A.-1103, A.-1104, A.-1105 ) ილია ფანცულაიამ ჩამოიტანა საქართველოში.
ათონის ივერთა მონასტრის სიძველეები აღწერეს ალ. ცაგარელმა და რ. ბლეიკმა. 1952-53 წლებში ამერიკელმა ე. უ. სინდერზმა გადაიღო 4 ძველი ქართული ხელნაწერი (42, 62, 78, 83). უკანასკნელ ხანებამდე ქართველ სპეციალისტებს ხელი მიუწვდებოდათ ათონში დაცულ მხოლოდ 12 ხელნაწერზე. 1981 წელს გ. პატარაიამ და ა. მიქაბერიძემ მოახერხეს ათონის ივერთა მონასტერში დაცული ყველა ქართული ხელნაწერის მიკროფირთა გადაღება.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 229.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2010-07-30.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ”კირიონ II”[მკვდარი ბმული]
- ათონის ივერთა მონასტერი
- მაჭარაშვილი გ., წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი, თბ., 2009 [1];
- მაჭარაშვილი გ., წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი, 2007 [2];
- მაჭარაშვილი გ., ლიონის უნია და საქართველო, თბ., 2007 [3]
|