შინაარსზე გადასვლა

KELT-9b

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
KELT-9b

KELT-9b და მისი დედავარსკვლავი KELT-9. მხატვრული ილუსტრაცია
აღმოჩენა
აღმომჩენი ტელესკოპი Kilodegree Extremely Little Telescope (KELT)
აღმოჩენის თარიღი 2016
აღმოჩენის მეთოდი ტრანზიტი
ორბიტალური მახასიათებლები
ფიზიკური მახასიათებლები
მასა (m) 2,88 დედამიწის მასა
სპექტრალური კლასი B9,5–A0
ტემპერატურა
ზედაპირზე 4600 K

KELT-9b — ჩვვენთვის ცნობილი ყველაზე ცხელი გაზის გიგანტი ეგზოპლანეტა, რომლის განათებული მხარის ტემპერატურაც 4327 °C-ს აღწევს (4600 K); შედეგად, ის უფრო ცხელია, ვიდრე M-ტიპის ვარსკვლავები და K-ტიპის ბევრი ვარსკვლავი.[1] მოძრაობს ვარსკვლავ HD 195689-ის (იგივე KELT-9) გარშემო, რომელიც არის გვიანდელი B-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი დედამიწიდან 620 სინათლის წლის მანძილზე.[1]

აღმოაჩინეს ტელესკოპ Kilodegree Extremely Little Telescope (KELT)-ის საშუალებით; მისი უცნაური ბუნების შესახებ დადგენილი ცნობები 2016 წელს გამოქვეყნდა.[1][2]

დედავარსკვლავის ტემპერატურა 9897 °C-ია (10170 K), რაც უჩვეულოა, რადგან როგორც წესი, ცხელ ვარსკვლავებთან პლანეტათა ტრანზიტის (ჩვენსა და დედავარსკვლავს შორის ჩავლა) დაფიქსირება ვერ ხერხდება. თავის ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ 1,5 დღეში ერთხელ.

KELT-9b იმდენად ცხელია, რომ დღის მხარეს, მისი ზედაპირის ტემპერატურა 4 327 °C-ს აღწევს. შედარებისათვის, მზის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5 527 °C-ია და მისი უახლოესი პლანეტა — მერკური, ზედაპირზე ძლივს აღწევს 427 °C-ს.

გაზის გიგანტი პლანეტა KELT-9b იუპიტერზე 2,8-ჯერ მძიმეა, მაგრამ აქვს მისი სიმკვრივის მხოლოდ ნახევარი, რადგან ატმოსფეროს მუდმივად აცლის მძლავრი დედა-ვარსკვლავი.

KELT-9-ის მიდამოებში არსებული ულმობელი პირობები როგორც ჩანს, ახლად აღმოჩენილი პლანეტის სიცოცხლეს ხანმოკლეობასა და სისასტიკეს უქადის. მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, პლანეტა წამში 10 მილიონ კილოგრამ მასას კარგავს და სავარაუდოდ, წარმოქმნის ისეთ კუდს, რომელსაც ხშირად ვხედავთ კომეტათა გასწვრივ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტა ან სრულიად გაქრება, ან საბოლოოდ დარჩება მხოლოდ მისი ბრტყელი, კლდოვანი ბირთვი (ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა KELT-9b-ის მსგავს პლანეტებს კლდოვანი ბირთვი).

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ სულ მალე, KELT-9b-ის შესახებ უფრო მეტ დეტალს შეიტყობენ სხვა ტელესკოპთა მეშვეობით; ამ მხრივ მათ განსაკუთრებით ეიმედებათ ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც NASA 2019 წელს გაუშვებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Gaudi, B. Scott; et al. (2017). „A giant planet undergoing extreme-ultraviolet irradiation by its hot massive-star host“. Nature. arXiv:1706.06723. Bibcode:2017Natur.546..514G. doi:10.1038/nature22392.
  2. Collins, Karen A.; Stassun, Keivan; Gaudi, B. Scott; Beatty, Thomas G.; Zhou, George; Latham, David W.; Bieryla, Allyson; Eastman, Jason D.; Siverd, Robert; Crepp, Justin R.; Pepper, Joshua (2016). „KELT-9b: A Case Study in Dynamical Planet Ingestion by a Hot Host Star“. American Astronomical Society. 47: 204.03. Bibcode:2016DDA....4720403C.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=KELT-9b&oldid=4531076“-დან