შინაარსზე გადასვლა

ფშატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფშატი

ველური ფშატი (Elaeagnus angustifolia)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ფშატისებრნი
გვარი:  ფშატი
ლათინური სახელი
Elaeagnus

ფშატი (ლათ. Elaeagnus) — ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი და ფოთლებიანი ბუჩქი ან დაბალი ხეა ფშატისებრთა ოჯახიდან, 3-7 მ სიმაღლით, იშვიათად 10 მ.

ორივე, ან მარტო ქვედა მხრიდან ვერცხლისფერ თეთრი, ლანცეტა ფორმის, 3-7 სმ სიგრძისა და 0,4-1,5 სმ სიგანის ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ჩვილი ყლორტები მთლიანად მოვერცხლოსფერო ქერქლებითაა დაფარული. ტოტებსა და ყლორტებზე ქერქი მოწითალო ან მუქი მურა ფერისაა. ორსქესიანი, მძაფრსუნიანი ყვავილები 1-3 ცალიან ჯგუფებად ფოთლების უბეებშია განლაგებული. მცირე რაოდენობით ინვითარებს მამრობით ყვავილებსაც. 0,7-1,4 სმ სიგრძის და 0,5-1 სმ სიმსხოს მრგვალი ან ოვალური მშრალხორცოვანი ნაყოფი ერთთესლიანი კურკიანაა. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, უხვად ნაყოფმსხმოიარობს ყოველწლიურად.

ფშატი ჩვეულებრივი ჭალის მცენარეა და ნესტიან ადგილებში იზრდება. მაგრამ იმავე დროს დიდ სიმშრალესაც იტანს ხანგრძლივი გვალვების დროს. ადვილად მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით, კალმებითა და ძირკვის ამონაყარით. უმეტესწილად ჭალებში იზრდება, გვხვდება მშრალ, ხრიოკ ფერდობებზეც, კარგად იტანს წყლით დროებით დატბორვას, იტანს ნიადაგის დამლაშებას, მისი ფესვები მარილებს არ ითვისებს, ამიტომ მიწის ზედა ნაწილებში მარილების დაგროვება არ აღინიშნება. ნაყოფის მშრალი ხორცოვანი რბილობი, ველურ ფორმებში მთელი ნაყოფის წონის 52 პროცენტს შეადგენს, რომელიც 40 პროცენტზე მეტ შაქრებს შეიცავს. გარდა ამისა, მასში ნაპოვნია კალიუმისა და ფოსფორის მარილები, აგრეთვე 10 პროცენტზე მეტი ცილები.

ნაყოფს ჭამენ როგორც უმად, ასევე მისი ფქვილით ამდიდრებენ პურის ფქვილს. ნაყოფის ფხვნილს შემკვრელი თვისება გააჩნია და კუჭაშლილობის დროს გამოიყენება. ფშატის გუმფისის გამოყენება შესაძლოა საქსოვ წარმოებაში, წებოს მოსამზადებლად, ლაქსაღებავების დასამზადებლად. ფოთლებსა და ქერქს ტყავის გასათრიმლავად და მის შავფერად ან ყავისფრად შესაღებად ხმარობენ. ფშატის ფესვებზე არსებულ კოჟრებში მცხოვრები ბაქტერიები ახდენენ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტის ფიქსირებს, ამიტომ ფშატი ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. იგი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა და რაც მთავარია ეფექტურად წმენდს ჰაერს მავნე მინარევი გაზებისაგან, რის გამოც ფრიად სასურველი მცენარეა ქალაქების გასამწვანებლად.

ფშატის ნაყოფებისაგან მიღებულია მთრიმლავი კოლოიდური ნივთიერებების კონცენტრატი - ფშატნი, რომელიც კუჭისშემკვრელად გამოიყენება ენტეროკოლიტის დროს. პრეპარატის მიღების შემდეგ უმჯობესდება ავადმყოფთა მომნელებელი ორგანოების ფუნქცია და საერთო მდგომარეობა. იგივე იხმარება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ნაირგვარი დაავადებების დროს. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ შფატი ცხოველთა ნაწლავების მოტორული ფუნქციის დამუხრუჭებას იწვევს, ექსპერიმენტულად გამოწვეული კუჭაშლილობის დროს. იგი ადგილობრივ გამაღიზიანებელ გავლენას არ ახდენს.

გვარი მოიცავს 50-70 სახეობას:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]