თითოეულ რიგში თითო ოჯახი და თითო გვარია (შესაბამისად გვარები ეფედრა, ველვიჩია და გნეტუმი). სამივე გვარი საერთო ნიშნებით ხასიათდება: მეორეულ ქსილემაში ჭურჭლების არსებობით, სტრობილების კრებულია დიქაზიური დატოტვით, სტრობილების ირგვლივ ყვავილსაფრის მსგავსი საფრის არსებობით, გრძელი მიკროპილური მილებით, ორლებნიანი ჩანასახით, მოპირისპირედ განწყობილი ფოთლებით.
საფართესლოვანები განსხვავდება ყველა სხვა შიშველთესლოვანი მცენარისაგან. მკვლევართა ნაწილი სამი გვარის საერთო წინაპრად ბენეტიტალეებს მიიჩნევს. ნაწილი კი საფართესლოვანების გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით ფიქრობს, რომ ეს გვარები ახლო ნათესაობით არ უნდა ხასიათდებოდნენ. მიკროსპორების გარსების ელექტრომიკროსკოპული შესწავლა ადასტურებს ამ გვარების ნათესაობას.