შინაარსზე გადასვლა

რკონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რკონი (მრავალმნიშვნელოვანი).
სამონასტრო კომპლექსი

რკონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ რკონის მიდამოებში[1]. თეძმის ხეობის ზედა ნაწილში.

რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII–XIV საუკუნეების მიჯნა და XVII–XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში — საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. რკონის კომპლექსში შედის:ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი.

ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება და თარიღდება VII საუკუნის II მეოთხედით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (18,2X12,1 მ), სამი მხრიდან შესასვლელით (ჩრდილოეთი კარი ამოქოლილია), აფსიდის გვერდით სადიაკვნე და სამკვეთლოა. სამივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი წყვილი სვეტით. სვეტებზე გადასროლილი თაღები თითქმის ნახევარწრიული მოხაზულობისაა. გადახურვა კამაროვანია. ადრეული საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ნალისებური თაღები, რომელიც ეკლესიას ამკობდა, ახლა მხოლოდ დასავლეთ კარის თავზე და სადიაკვნის სარკმლის შიდა მხარეს გვხვდება.

ინტერიერში შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები გვიანი მოხატულობის, რომელიც სხვადასხვა დროსაა შესრულებული (ძირითად სივრცეში და სადიაკვნეში შემორჩენილი ფრაგმენტები XII საუკუნეს განეკუთვნება, ეკლესიის სამკვეთლოში XVII საუკუნის მოხატულობაა, თუმცა შესასვლელის სამხრეთ წირთხლზე შესრულებული საერო პირის გამოსახულება არაუგვიანეს X საუკუნისაა. ეგვტერის მოხატულობა კი განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება. ტაძრის დასავლეთ კედელზე ამაღლების კომპოზიციაა.

კარიბჭე (3,8X9,5 მ) ეკლესიისთვის XIII საუკუნის მეორე ნახევარში მიუშენებიათ, რომელიც დასავლეთით გახსნილია განიერი თაღით. იგი სამონასტრო ცხოვრების მეორე ფენას განეკუთვნება. კარიბჭის ცენტრალურ ნაწილში ეკვდერია, გეგმით კვადრატული, ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერის იატაკი ჩანგრეულია. აქვს სამი სარკმელი - ერთი აღმოსავლეთით, ორი დასავლეთით. ფასადები დეკორატიული ნახევარსვეტებიანი თაღედით არის მორთული. ნახევარსვეტების ბაზისები, კაპიტელები, თაღი და სარკმლის საპირეები მოჩუქურთმებულია.

რკონის სამონასტრო კომპლექსის გეგმა

სამლოცველოც განეკუთვნება სამონასტრო ცხოვრების მეორე ფენას. იგი დარბაზული ეკლესიააა (5,8X3,6 მ). ეკლესიას მცირე ზომის შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. სამლოცველოში შემორჩენილი ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. სამლოცველოს ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული და დეკორატიული თაღებით და ჩუქურთმებითაა შემკული.

სატრაპეზო მთავარი ეკლესიის ჩრდილო–დასავლეთით დგას. ძირითადი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეების მიჯნით თარიღდება. 6 საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით გადახურული სათავსი (5,2 X 16,6 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთის მხარეს შესასვლელი არქიტრავითაა გადახურული. ერთი სარკმელი აქვს სამხრეთით, სამი - დასავლეთით. გადახურულია ლორფინით. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.

კოშკი დგას სატრაპეზოს სამხრეთ-დასავლეთით და მისგან 40-ოდე მეტრითაა დაშორებული. იგი სატრაპეზოს მსგავასად ნატეხი ქვითაა ნაგები. შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ და მეორე სართულს თითო სარკმელი აქვს.

სამრეკლო დგას ღვთისმშობლის ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით. თარიღდება XVII-XVIII სს. იგი სამონასტრო ცხოვრების მესამე ფენას განეკუთვნება. სამრეკლო ორსართულიანია, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კედლები და სახურავი დაზიანებულია. პირველი სართული მოხატული იყო. (მხატვრობა სამრეკლოს თანადროულია. ამჟამად, იმის გამო რომ ბათქაშის დიდი ნაწილი ჩამოშლილია და დანარჩენი ნაწილი ძალზე გაჭვარტლული, მოხატულობა ძნელად გაირჩევა). მეორე სართული რვა ღია თაღზე აგურით ამოყვანილი ცილინდრული ფანჩატურია, რომელსაც გარშემო თლილი ქვის ლავგარდანი შემოუყვება. ფანჩატურში დასავლეთიდან მიშენებულ კიბეს ავყავართ. კედელში არის ნიში, რომელზედაც გარედან უფრო დიდი ნიში მიუშენებიათ ე. წ. „ხატის ნიში“.

ნათლისმცემლის ეკლესია დგას ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით. თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4,3 მ) ნაგებია კარგად გათლილი ქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია გაჭრილი. ორი სარკმელია სამხრეთით. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომლის საბჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. ფასადები, გარდა სამხრეთისა, საითკენაც ღრმა ხევია, მორთულია დეკორატიული თაღედით, რომლის ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები მოჩუქურთმებულია. ასევე მოჩუქურთმებულია სარკმლებიც. სამხრეთით, სპეციალურად ამოყვანილ სუბსტრუქციაში გაჭრილია სამარხი. მოგვიანებით ეკლესიას დასავლეთიდან კარიბჭე (4,5 X4,8 მ) მიაშენეს.

კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე თამარის ხიდი (სიგრძე 12,5 მ, სიგანე 2,2 მ), რომელიც სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარე თეძამზეა გადებული.

რკონის სამონასტრო კომპლექსსა და ნასოფლარს შორის მდებარეობს რკონის ციხე (XVII ს. შუა წლები), როგორც ჩანს, ფეოდალის რეზიდენცია. მის ტერიტორიაზე გალავნის, კოშკის, სასახლის, ერთნავიანი ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: