შინაარსზე გადასვლა

პიონერ 10

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიონერ 10
ოპერატორი ნასა
NSSDC ID 1972-012A
SCN 5860
მისიის ხანგრძლივობა 30 წელი, 10 თვე,
განვლილი მანძილი 18 მილიარდი კმ
ორბიტები იუპიტერი, 1973 წლის 3 დეკემბერი (132 ათასი კმ)
მდებარეობა ვარსკვლავთშორისი სივრცე
სტატუსი არააქტიური
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი Jet Propulsion Laboratory
დატვირთულის მასა 258 კგ
სიმძლავრე 155 ვატი
კვების წყაროები რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 2 მარტი, 1972
სასტარტო მოედანი კენედის კოსმოსური ცენტრი, აშშ
რაკეტა-მატარებელი Atlas SLV-3C Centaur-D
მისიის დასრულება
ბოლო კონტაქტი 23 იანვარი, 2003
ყაზახეთის საფოსტო მარკა, რომელიც პიონერ 10-ს ეძღვნება.
პიონერ 10-ის მიერ აღბეჭდილი იუპიტერი.

პიონერ 10 (ინგლ. Pioneer 10) — ამერიკული კოსმოსური ზონდი, რომლის მთავარ ამოცანასაც იუპიტერისა და ჰელიოსფეროს შესწავლა წარმოადგენდა. იგი პირველი კოსმოსური აპარატია, რომელმაც იუპიტერს ჩაუფრინა და მისთვის ფოტოების გადაღება შეძლო. გარდა ამისა, პიონერ 10 გახდა პირველი ზონდი, რომელმაც საკმარისი სიჩქარის განვითარება და მზის მიზიდულობის დაძლევა მოახერხა.[1]

2019 წლის მონაცემებით, პიონერ 10 დაახლოებით 18 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა. „ვოიაჯერ 2“ მას 2023 წლისთვის გაასწრებს.[2]

აპარატთან ბოლო კომუნიკაცია 2003 წლის 23 იანვარს შედგა. იმ მომენტისათვის ზონდი დედამიწიდან დაახლოებით 12 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული.[3]

აპარატს ენერგიას რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი აწვდიდა. გაშვების მომენტში გენერატორის მაქსიმალური სიმძლავრე 155 ვატს შეადგენდა.

სამუშაო მდგომარეობაში პიონერ 10 სამი მეტრის სიმაღლეს აღწევდა, ხოლი მისი მთავარი ანტენის დიამეტრი 2.75 მეტრს შეადგენდა.[4].

გარდა ცარიელი მასისა, აპარატზე დაახლოებით 36 კილოგრამი სამეცნიერო აღჭურვილობა იყო განთავსებული. საერთო ჯამში, გაშვების მომენტში პიონერ 10-ის მასა დაახლოებით 259 კილოგრამს შეადგენდა.[5]

აპარატის აღჭურვილობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიონერ 10-ის სამეცნიერო აღჭურვილობის შემადგენლობაში შემდეგი მოწყობილობებია:

  • ინფრაწითელი რადიომეტრი.
  • დოზიმეტრი.
  • მაგნიტომეტრი.
  • ულტრაიისფერი ფოტომეტრი.
  • ასტეროიდებისა და მეტეორების ოპტიკური დეტექტორი.
  • დამუხტული ნაწილაკების დეტექტორი.
  • იუპიტერის რადიაციული ველების დეტექტორი.
  • ფირფიტა, რომელზეც სავარაუდო ცივილიზაციებისთვის ქალისა და მამაკაცის ფიგურები, მზის სისტემის მდებარეობა და აპარატის მიმართულებაა გამოსახული.

აპარატის სავარაუდო მომავალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც 1973 წლის დეკემბერში აპარატმა იუპიტერს ჩაუფრინა, იგი სატურნისაკენ გაემართა და 1976 წლის თებერვალში მისი ორბიტაც გადალახა. მოგვიანებით, 1979 წლის ივლისში ურანის, ხოლო 1983 წლის ივნისში ნეპტუნის ორბიტებიც გადალახა. პიონერ 10-მა მისია ოფიციალურად 1997 წლის მარტში დაასრულა, თუმცა კვლავაც აგრძელებდა ინფორმაციის მოწოდებას.

1998 წლის თებერვალში ვოიაჯერ 1-მა პიონერს გადაასწრო და ყველაზე შორს მყოფი აპარატი გახდა.

2002 წლის აპრილში პიონერ 10-მა დედამიწაზე ბოლოჯერ გამოაგზავნა შეგროვილი ინფორმაცია, ხოლო 2003 წლის 23 იანვარში, დაახლოებით 12,2 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან, პიონერ 10-მა სუსტი სიგნალი გადმოსცა. მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, აპარატთან კავშირის დამყარება ვეღარ მოხერხდა. კავშირის გაწყვეტის მიზეზად ენერგიის ამოწურვა მიიჩნევა.

თუკი აპარატს ხელს არაფერი შეუშლის, დაახლოებით 2 მილიონი წლის შემდეგ იგი ვარსკვლავ ალდებარანთან ჩაიფრენს.[6]

  1. Knipp, Delores J.; B. J. Fraser; M. A. Shea; D. F. Smart (2018). „On the Little‐Known Consequences of the 4 August 1972 Ultra‐Fast Coronal Mass Ejecta: Facts, Commentary and Call to Action“. Space Weather. 16 (11): 1635–1643. Bibcode:2018SpWea..16.1635K. doi:10.1029/2018SW002024.
  2. Muller, Daniel. Pioneer 10 Full Mission Timeline. Daniel Muller (2010). ციტირების თარიღი: January 9, 2011
  3. Allen, J. A. Van. Update on Pioneer 10. University of Iowa (February 20, 2003). ციტირების თარიღი: January 9, 2011
  4. Weebau Spaceflight Encyclopedia (November 9, 2010). ციტირების თარიღი: January 12, 2012
  5. Wade, Mark. „Pioneer 10-11“. Encyclopedia Astronautica. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2010. ციტირების თარიღი: February 8, 2011.
  6. Bailer-Jones, Coryn A. L.; Farnocchia, Davide (April 3, 2019). „Future stellar flybys of the Voyager and Pioneer spacecraft“. Research Notes of the AAS. 3 (4): 59. arXiv:1912.03503. Bibcode:2019RNAAS...3...59B. doi:10.3847/2515-5172/ab158e. S2CID 134524048.