შინაარსზე გადასვლა

მწვანე საყდარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე საყდარი ჭანდრები

მწვანე საყდარიეკლესია შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში. მდებარეობს სოფლიდან 5 კილომეტრზე, ნასოფლარ ცილისწყაროს ჩრდილოეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XII საუკუნით.[1]

ეკლესია დარბაზულია (9,6 × 6,2 მ), ნაგებია კირქვითა და შაბიამნისფერი ტუფით (სავარაუდოა, აქედან მომდინარეობს ეკლესიის სახელწოდება). გარედან ტიმპანით, ხოლო შიგნიდან თაღით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სამხრეთის ნიში წრის სამი მეოთხედის ფორმისაა, ჩრდილოეთისა - სწორკუთხა. ერთი სარკმელი დასავლეთითაა, ორი - სამხრეთით. სარკმლები თაღოვანია. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. გრძივ კედლებზე თითო წყვილი დეკორატიული თაღია. ეკლესიას მთელ პერიმეტრზე ლილვიანი საფეხური მიუყვება. ფასადის დეკორი ძირითადად მოყვითალო ფერის ქვაზეა ამოკვეთილი. სარკმელთა საპირეები მსგავსი ხერხით არის შესრულებული - მთლიანად ფართო ჩუქურთმიანი არშიითაა გარშემორტყმული. არშიის ჩარჩოს ორმაგი ლილვი აქვს შემოვლებული. ქვემოთ, კუთხეში ორნამენტირებული სწორკუთხედებია. აღმოსავლეთის და დასავლეთის სარკმელთა საპირეების ქვედა შემკრავი ლილვები ფასადის ღერძზე ვერტიკალურად ეშვება და ეყრდნობა ეკლესიის საფეხურს. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის მოჩარჩოების თაღოვან ნაწილზე სიმეტრიულად განლაგებულია სამი გირჩი. სარკმლის საპირესა და გირჩებს გარედან შემოვლებული აქვს შეწყვილებული გრეხილი ლილვების ერთსაფეხურიანი დეკორატიული თაღი, რომელიც ორნამენტირებულ სწორკუთხა ფილებს შეწყვილებული ბურთულებით ეყრდნობა. დასავლეთ ფასადზე სარკმელს სწორკუთხა ორნამენტირებულ ფილებზე დაყრდნობილი გრეხილი ლილვებითა და ფართო ორნამენტირებული არშიით შეკრული თაღი აქვს. სამხრეთ ფასადის სარკმლები მოჩარჩოებულია ორნამენტირებული არშიით. ამ ფასადზე შესასვლელ კარს შემოუყვება ორი გრეხილი ლილვი და ფართო ორნამენტირებული არშია, რომელიც ეყრდნობა ორნამენტირებულ სწორკუთხა ფილას. ეკლესიას გრეხილი ლილვისა და ორნამენტირებული წრეთარგისგან შედგენილი ლავგარდანი ჰქონდა.

ფასადებზე ორნამენტი სხვადასხვა ხასიათისაა. ხშირად გვხვდება ლათინური „ს“-ს ნახატი. კვეთა უმთავრესად ორღარიანია.