შინაარსზე გადასვლა

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეტეხი.

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი — სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. შედგება ტაძრის, გალავნის, კოშკებისა და სამრეკლოსაგან. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. 1968 წლის სარესტავრაციო სამუშაოების დროს ტაძარი გადაიხურა კრამიტით. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (15 X 20 მ), თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შიგნიდან თაღოვანია, გარედან - ოთხკუთხა. გუმბათი აღმართულია აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯზე. ნახევარწრიული აფსიდი იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს; ღერძზე კი, ღრმა ნიშის სახით, საწინამძღვრო ტახტია მოწყობილი. აფსიდში სამი სარკმელია. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნეა. აფსიდთან მხოლოდ სამკვეთლოა უშუალოდ დაკავშირებული. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე სამალავი საკნებია. ტაძრის განივი მკლავები ტოლია, ხოლო გრძივი მკლავები გათანაბრებულია საკურთხეველზე ღრმა ბემის დამატებით. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. ისინი ამავე დროს გუმბათის ყელისა და მკლავების კამარების საყრდენს წარმოადგენს. გუმბათის ყელი ზევით ძლიერ შევიწროებულია. მასში 12 სარკმელია. ტაძრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. კამარებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღების ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯს ეყრდნობა, ხოლო მეორე მხარეს – ორნაწილიან პილასტრებს.

ფასადებზე საპერანგე ქვებიც და ორნამენტული ელემენტებიც ბევრგან შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. ტაძრის ფასადების მორთულობის შემკვრელი იყო დეკორატიული თაღედი, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ოთხივე ფასადზე ერთი და იგივე ძირითადი დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლების მოჩარჩოება, უამრავი მედალიონი. ისინი უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი. აღმოსავლეთ ფასადის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, გლუვი ლილვებისაგან შედგება. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული, ხოლო მკლავების გადაკვეთის ადგილი გირჩითაა ხაზგასმული. ქვევით ჯვრის ლილვები უწყვეტად გადადის ჯერ მედალიონების, შემდეგ კი საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მოჩარჩოებაში, ვერტიკალურად ეშვება და შუა ფასადზე წყდება. გლუვი ლილვებითაა შემოხაზული ყველა დანარჩენი სარკმელი ამ ფასადზე. მდიდრულად მორთული სამკუთხა ნიშების დეკორისაგან მხოლოდ ზედა თაღოვანი ნაწილებია შემორჩენილი. დანარჩენ ფასადებზე დეკორატიული ჯვრების ქვედა მკლავი წყვილ სარკმლებს შორისაა ჩაყოლებული. არშია დასავლეთ ფასადზე გლუვია, გრძივ ფასადებზე კი ორნამენტული წნულითაა შევსებული. გლუვია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების სარკმლების მოჩარჩოებაც.

გალავანი (70 X 60 მ, კედლის სისქე 0,7 მ) კომპლექსს გარს უვლის. ნაგებია ნატეხი ქვით, ბევრგან ჩართულია მოზრდილი ზომის ლოდები, წყობაში გვხვდება აგური და რიყის ქვაც. გალავანი და კოშკები გვიანდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. XIX საუკუნეში გალავანზე დასავლეთიდან მიუშენებიათ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომელიც ნაშენია რიყის ქვით. გალავანს სამხრეთით ჰქონია კარიბჭე (ამჟამად ლითონის კარია ჩამოკიდებული).

გალავანში ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაშენებულია კოშკები. ერთი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება (დიამეტრი 4,4 მ). კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს.

სამრეკლო ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. ნაგებია აგურით. იგი XIX საუკუნეში დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე. სამრეკლოს გუმბათი შიგნიდან ნახევარსფერულია, სახურავი – პირამიდული, კეხზე ლითონის ჯვარი ადგას. სამრეკლო ოთხივე მხარეს თაღოვანი ღიადებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.