მამხუტის ქვედა ეკლესია
მამხუტის ქვედა ეკლესია — არქიტექტურული კომპლექსი, ძეგლი ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში (ყოფილი სარაჩლო), სოფლის მოშორებით, ზღვის დონიდან 688 მეტრ სიმაღლეზე. ეკლესია აგებულია VI-VII საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შვერილ აფსიდიანი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქვა და დუღაბი. სამშენებლო წყობა თარაზულია. ეკლესია გადახურულია კრამიტით. შენობა დგას ორსაფეხურიან მაღალ ცოკოლზე. სარკმლები შემულია თავსართებით; სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში მდებარე კარი — სწორკუთხა ანუ არქიტრავულია. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია. სამხრეთი კედლისა და საკურთხევლის სარკმლები თაღოვანია; შენობის ფასადი სრულდება კარნიზით (იგივე ლავგარდანი). აფსიდი ნალისებურია; აფსიდი ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებულია. ეკლესიის შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანი და ცილინდრულია. აფსიდის სრულდება თაღოვანი კონქით. დარბაზის გადახურვა კამაროვანი შეისრულია. იატაკი — მიწისაა. ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია, მინიჭებული აქვს დაზიანების პირველი კატეგორია.
ეკლესია რესტავრირებულია. აღსანიშნავია, ინტერიერის მაღალი, აზიდული, კლასიკური პროპორციები; კედლის პერანგის ლამაზი, მოხდენილი წყობა; აფსიდის, სარკმლის თაღისა და კონქის თაღის ნალისებური მოყვანილობა. ეკლესიას კბილანა ლავგარდანი შემოუყვება.
მამხუტის ქვედა ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7301
- მამხუტი (სარაჩლო)