კორიფა (ლათ.Corypha) — პალმებისგვარი. ტანი სიმაღლეში 40 მეტრამდეა, დიამეტრით 1,5 მეტრამდე. ვარჯი შედგება დიდი (დიამეტრი 6 მ-მდე) მარაოსებრი ფოთლებისაგან, რომლებსაც 2–3 მეტრის სიგრძის ეკლებიანი ყუნწი აქვთ. მცირე ზომის შეუხედავი ყვავილები შეკრებილია ძლიერ დატოტვილ საგველიანყვავილედებში, სიმაღლეში 7 (იშვიათად 9) მეტრამდე. ნაყოფი ხორციანი კურკიანაა. ცნობილია 5 სახეობა.[1] გავრცელებული არიან აზიისა და ჩრდილოეთ ავსტრალიისტროპიკებში. სიცოცხლეში ერთხელ ყვავიან და მსხმოიარობენ, რის შემდეგაც ხმებიან. ყველაზე მეტად ცნობილია ქოლგოვანი კორიფა (C. umbraculifera), რომელიც იზრდება სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთსა და შრი-ლანკაზე; აქვს ყვავილოვან მცენარეებში ყველაზე დიდი ყვავილედი — სიმაღლეში 9 მ-მდე, დიამეტრით 10 მ-მდე. ყვავილობს სიცოცხლის მე-40–70-ე წელს. მისი ნაყოფი ყალიბდება რამდენიმეთვიანი ყვავილობის შემდეგ და დამწიფებისათვის 13–15 თვე სჭირდება. ქოლგოვანი კორიფას ფოთლები გამოიყენება სახურავ მასალად, ქოლგებისა და დაწნული ნაკეთობების დასამზადებლად, წარსულში იყენებდნენ როგორც ქაღალდს (ფოთლის სეგმენტისგან მიღებულ კაბადონებზე დაწერილია ძველი ბუდისტური წიგნები). ხის ტანიდან გამოიყოფა სახამებელი, რომლისგანაც მზადდება ფქვილი და საგო, აგრეთვე ტკბილი წვენი (გამოიყენება შაქრის, ღვინო ტოდისა და ძმრის წარმოებაში). თესლებისაგან აკეთებენ მძივებსა და ღილებს. კორიფას ყველა სახეობა დეკორატიულია.