ვალუტა
ვალუტა იტალ. valuta – ფასი, ღირებულება) — ამა თუ იმ ქვეყნის ფულის ერთეული, ასევე უცხო სახელმწიფოების ფულის ნიშნები, აგრეთვე საკრედიტო და საგადასახდელო დოკუმენტები (თამასუქების, ჩეკების, ბანკნოტების სახით), რომლებიც გამოხატულია უცხოური ფულის ერთეულებით და გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში (უცხოური ვალუტა).
გამოყენების რეჟიმის მიხედვით ვალუტა შეიძლება იყოს თავისუფლად კონვერტირებადი, ნაწილობრივ კონვერტირებადი და არაკონვერტირებადი.
- თავისუფლად კონვერტირებადი — იმ ქვეყნების ვალუტა, რომელთა კანონმდებლობით ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები პრაქტიკულად შეუზღუდავია. ასეთი ვალუტა სპეციალური ნებართვის გარეშე იცვლება ნებისმიერ სხვა ვალუტაზე. მაგალითად, აშშ დოლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, იაპონური იენა, ევრო და სხვ.
- ნაწილობრივ კონვერტირებადი — იმ ქვეყნების ვალუტა, სადაც გარკვეული წრის სავალუტო ოპერაციებზე შეზღუდვებია შენარჩუნებული.
- არაკონვერტირებადი — იმ ქვეყნების ვალუტა, სადაც მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვა და აკრძალვა ეროვნულ და უცხო ქვეყნების ვალუტის შემოტანა-გატანაზე, ვალუტისა და სავალუტო ფასეულობათა ყიდვა-გაყიდვაზე, მის გაცვლაზე.
ვალუტის ბაზარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ხდება ვალუტის ბაზარზე, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ვალუტის ბაზარი უზრუნველყოფს საერთაშორისო ანგარიშსწორებასა და სავალუტო რისკის დაზღვევას, ვალუტის რეზერვის დივერსიფიკაციას, სავალუტო ინტერვენციას. ვალუტის ბაზრის მთავარი სუბიექტები არიან ბანკები, რომლებიც ფლობენ ფილიალთა ფართო ქსელს. ამასთან, ვალუტის ბაზარზე სავალუტო ოპერაციები ხორციელდება როგორც ბანკებს, ასევე ბანკებსა და საკუთარ კლიენტებს შორის (საერთაშორისო ანგარიშსწორება საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მომსახურების, კერძო გზავნილების, კაპიტალის მოძრაობის ხაზით და სხვ.). უმსხვილესი საერთაშორისო სავალუტო ბაზრებია: ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს, პარიზის, მაინის ფრანკფურტის, ციურიხის, ჰონკონგის, სინგაპურის, ბაჰრეინის და ა.შ.
ვალუტის კურსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალუტის კურსი არის სხვადასხვა ქვეყნების ფულად ერთეულებს შორის თანაფარდობა. ვალუტის კურსის სიდიდეზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა, ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი, ინფლაციის დონე, ქვეყნის განვითარების საერთო ეკონომიკური დონე, წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, წარმოების ეფექტიანობა, პოლიტიკური სტაბილურობა, სუბიექტური ფაქტორები, როგორიცაა ნდობა, რწმენა, ინფლაციური მოლოდინი მოცემული ვალუტისადმი და მოცემული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტიულობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალუტა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Foreign Currency Trading დაარქივებული 2005-12-10 საიტზე Wayback Machine.