შინაარსზე გადასვლა

ეტლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველეგვიპტური ეტლი (რამსეს II-ის დიდი ტაძრის ბარელიეფი, აბუ-სიმბალი)
აქამენიანთა ეპოქის ე. წ. ოქსუსის ეტლის ოქროს მოდელი (ბრიტანული მუზეუმი, ლონდონი)
ძველბერძნული ეტლი (ბარელიეფი, ძველი აგორის მუზეუმი, ათენი)
ძველრომაული ეტლის თანამედროვე რეკონსტრუქცია
ბრინჯაოს ეტლის მოდელი გოხებიდან (ძვ. წ. IX საუკუნე, საქ. ეროვნ. მუზეუმი)

ეტლი — ბორბლიანი მსუბუქი ტრანსპორტი ცოცხალი გამწევი ძალით (ხარი, ცხენი, სახედარი და სხვ.).

ეტლის უძველესი ნიმუშები ჯერჯერობით ცნობილია მესოპოტამიიდან და ელამიდან (ძვ. წ. IV–III ათასწლეული). ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან ძველ შუმერულ და ბაბილონურ გამოსახულებებში გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ეტლები. საომარ სცენებში (საბეჭდავები, სტელები) ეტლზე დგას შეიარაღებული ღვთაება ან რომელიმე ხელისუფალი, რომელიც ზოგჯერ წინ მიუძღვის მეომრებს. უძველესი ეტლები ოთხთვლიანია. გამწევ ძალას ხარი ან სახედარი წარმოადგენდა (ხშირად ოთხი, ერთრიგად შებმული). ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანიდან ბაბილონში ეტლის მასიური დისკოსებური თვლები შეიცვალა უფრო მსუბუქი, ოთხმანიანი თვლებით.

ძვ. წ. II ათასწლეულში სამხედრო საქმეში დიდ როლს ასრულებდა ცხენშებმული ორთვლიანი მსუბუქი ეტკლბი მანებიანი თვლებით. ძვ. წ. XVI საუკუნეში ამგვარი ეტლების შეტანას მესოპოტამიასა და ინდოეთში მიაწერენ იქ შეჭრილ არიელებს. ეტლი ფართოდ გავრცელდა ეგვიპტეში. ამავე ხანაში ეტლი როგორც საომარი და სანადირო ტრანსპორტი გავრცელდა მცირე აზიასა (ხეთების იმპერია) და საბერძნეთში (კრეტა-მიკენი). ძველი ბერძენი პოეტი ჰომეროსი იცნობდა როგორც საბრძოლო, ისე ორადგილიან მსუბუქ სამგზავრო ეტლს.

ძვ. წ. 1500 წლიდან ეტლი დამოწმებულია ჩრდილოეთ ევროპასა და ჩინეთში. იგი დიდხანს შემორჩა სპარსელებსა და კელტებთან. დაახლოებით ძვ. წ. 1000 წლიდან ეტლის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. საბრძოლო ეტლი ფართოდ გავრცელდა ასურეთისა და ურარტუს სახელმწიფოებში. ძვ. წ. VIII საუკუნის შუა ხანებისათვის ასურეთში ექვსმანიანი ბორბალი უკვე შეცვლილი იყო რვამანიანით. ურარტული საბრძოლო ეტლი ახლოს დგას ასურულთან. ეტლი ორ- ან სამცხენიანი იყო, ძარაში თავსდებოდა მეეტლე და მეომარი. ძველი საბერძნეთიდან და რომიდან ცნობილია ოთხცხენიან ტრიუმფატორთა ეტლები. შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში იყენებდნენ საომარ ოთხთვალებს სათოფურებიანი მაღალი მძლავრი კედლებით, რომელშიც მსუბუქ და ზარბაზნებთან ერთად თავსდებოდნენ მსროლელები.

უძველესი დროიდანვე ეტლი დაკავშირებული იყო დაკრძალვის რიტუალთან. დასაკრძალავი ეტლები აღმოჩენილია ურის სამეფო სამარხებში, სამხრეთ რუსეთის ორმოიან სამარხებში (ძვ. წ. III ათასწლეული), აგრეთვე ცნობილია ჰალშტატისა და ლატენის კულტურებიდან (ძვ. წ. I ათასწლეული) და სხვ.

სამხრეთ კავკასიაში უძველესი ბორბლიანი ტრანსპორტის არსებობის ნიშნები შეიმჩნევა მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებში. თრიალეთის ყორღანებში (ძვ. წ. III–II ათასწლეული) დაკრძალულ წარჩინებულებს ჩატანებული ჰქონდათ ხარებშებმული ხის ოთხთვლიანი სარიტუალო ეტლები. მათი შესწავლის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ძვ. წ. III ათასწლეულში დასასრულამდე თრიალეთში, ბრძოლის დროს იხმარებოდა ოთხთვლიანი ეტლები, რომელსაც შემდეგში დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებით იყენებდნენ. ცხენებშებმული ეტლები აღმოჩნდა ბერიკლდეების (ძვ. წ. XV ს.) და არადეთის ორგორის (ძვ. წ. XIV–XIII სს.) ყორღანებში. სხვადასხვა სახის ეტლები ცნობილია ლჭაშენისა (ძვ. წ. XIII–XI სს.) და ქვემო ადიამანის (ძვ. წ. X ს.) ყორღანებიდან. ლჭაშენში აღმოჩნდა ბრინჯაოს ხეთური ტიპის ეტლის მოდელი, რომელზედაც ხეთურმუზარადიანი მეომრის 2 ფიგურაა. ამავე ხანისაა სტეფანავანში აღმოჩენილი ბრინჯაოს სარტყელი, რომელზედაც სქემატურად გამოსახულია ორთვლიანი ეტლები. ურარტული ეტლები ამიერკავკასიაში გავრცელდა ძვ. წ. VIII საუკუნიდან. მათი გამოსახულება ახტალისა და თლის სამარხებში (ძვ. წ. VIII–VII სს.) აღმოჩენილ ბრინჯაოს სარტყლებზეა მოთავსებული. ამავე ხნის უნდა იყოს კახეთში აღმოჩენილი ორცხენშებმული ორთვალა საომარი ეტლის ბრინჯაოს მოდელი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი).

  • მელითაური კ., ოთხთვლიანი საომარი ეტლი ძველ საქართველოში, «ძეგლის მეგობარი», 1970, კრ. №21.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეტლი&oldid=4691697“-დან