შინაარსზე გადასვლა

დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირე გუმბათოვანი ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირე გუმბათოვანი ეკლესია
დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირე გუმბათოვანი ეკლესია

დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირე გუმბათოვანი ეკლესია ან ორბელიანების ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის ცენტრში. სტილისტური ანალიზით თარიღდება VII-IX საუკუნეებით.

ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (7,2 X 7,9 მ) გეგმით წარმოადგენს მარტივ თანაბარმკლავიან ჯვარს. ნაგებია რიყის ქვით, ფასადებზე ზოგან გამოყენებულია მწვანე ტუფის ქვაც. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ეკლესიის სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა, აფსიდით მთავრდება. გარედან მკლავების კედლები ქმნიან არათანაბარგვერდებიან ტრაპეციას. ყოველ მკლავში თითო სარკმელია, რვაწახნაგიანი გუმბათის ყელში - ოთხი. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც ზრდის გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების ორი რიგით ხდება. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის ფანჯარა დასრულებულია თლილ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით. სამხრეთ ფასადის ფრონტონზე, სარკმლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, ორი საკმაოდ ღრმა ნახევარწრიული ნიშია. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით მომწვანო ქვები ჩაუსვავთ. ქვებზე ამოკვეთილი წარწერები დაზიანებულია და მათი წაკითხვა შეუძლებელია. დასავლეთის ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„„ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებისა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა“.“

საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა „სახლი ღმრთისაი“ და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. ამავე საუკუნეში გუმბათის ყელი მოუპირკეთებიათ მომწვანო ტუფით და ზედ წარწერაც ამოუკვეთიათ. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ქვის ლორფინებით. დასავლეთის მინაშენი (5,7 X 3,9 მ), სამხრეთის კარის არქიტრავზე მოთავსებული მხედრული წარწერის თანახმად, 1870 წელს აუგია მღვდელს დავით დავიდოვს.

ორბელიანების ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].