შინაარსზე გადასვლა

ახმეტის ღვთაების ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახმეტის ღვთაების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება VI საუკუნის II ნახევრით. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

შენობის გეგმის სწორკუთხედში სამი ნავია მოქცეული. აქ ეკლესიის ძირითად სივრცეს მხოლოდ მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ქმნის. სამხრეთის ნავი მთავარი ნავისგან კედლითაა გამიჯნული და მას ერთი ვიწრო შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიას დასავლეთიდან, მთელ სიგრძეზე მინაშენი ეკვრის, რომელიც მხოლოდ მთავარ და სამხრეთ ნავებთანაა დაკავშირებული. შენობა ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეები, თაღები, პილასტრები, შესასვლელთა წირთხლები, სარკმელთა მოჩარჩოება და ლავგარდანი, კარგად გათლილი შირიმის ქვითაა ნაწყობი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია მთავარი ნავის კამარა, კონქის თაღი და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ნავის კამარისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია დასავლეთ მინაშენის კამარის სამხრეთ კიდელი, ფასადების მნიშვნელოვან ნაწილს საპირე წყობა შემოცლილი აქვს.

მთავარი ნავი გვერდის ნავებზე ორჯერ უფრო ფართოა და მაღალი. მას აღმოსავლეთით არასრული ნახევარწრის ფორმის აფსიდი აქვს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდი დასრულებული იყო წესიერი ფორმის კონქით (შემორჩენილია ნაწილი), რომლის თაღს ზემოთ, კამარამდე, შვეული შუბლი ადიოდა. კედლები დანაწევრებულია ყრუ თაღებით. გრძივ კედლებზე სამ-სამი ორსაფეხურიანი თაღია, დასავლეთ კედელზე - ერთსაფეხურიანი ორი თაღი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ თაღში ყოფილა სამკვეთლოში გასასვლელი სწორკუთხა კარი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ და გადაუკეთებიათ ნიშად. ორ მომდევნო თაღში ჩრდილოეთ ნავთან დამაკავშირებელი თითო ფართო და დაბალი თაღია. დასავლეთ კედლის თაღებიდან, ჩრდილოეთით მდებარე თაღში გაჭრილია დასავლეთ მინაშენთან დამაკავშირებელი, შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკხუთხა კარი. მსგავსი კარია სამხრეთ კედლის შუა თაღში, რომელიც სამხრეთ ნავში გადის. ნავის კედლებისა და აფსიდის მნიშვნელოვან ნაწილზე შემორჩენილია ნალესობა.

ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სამკვეთლოს სახით გამოყოფილია საკმაოდ გრძელი სწორკუთხა სათავსი. მის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო სარკმელია, რომელსაც წირთხლების უმეტესი ნაწილი და გადახურვა მონგრეული აქვს. სარკმლის ქვემოთ შემორჩენილია კედელზე მიშენებული ტრაპეზის ნაშთი. სამკვეთლო ჩრდილოეთ ნავს უკავშირდება დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით, რომელიც სამკვეთლოს მხრიდან თაღოვანია, ხოლო ნავის მხრიდან გადახურულია უსწორო ფორმის ქვის ძელით. ჩრდილოეთ ნავის დანარჩენი ნაწილი ერთიანი კორიდორია - სარკმლების გარეშე, გადახურულია ნახევარწრიული კამარით.

სამხრეთ ნავის ორივე ბოლოში განივი თაღით გამოყოფილია გუმბათოვანი კამარით გადახურული თითო, გეგმით კვადრატული სივრცე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია კუთხეებში ირიბად დაწყობილი და ერთმანეთის მიმართ გადმოშვერილი სამ-სამი თხელი ქვით. აღმოსავლეთ კვადრატის კამარა გლუვია, ხოლო დასავლეთ კვადრატის კამარაში შირიმის წყობით ტოლმკლავა, რელიეფური ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთ კვადრატის აღმოსავლეთ კედელში შემორჩენილია შირიმით მოპირკეთებული ვიწრო სარკმლის ძირი. დასავლეთ კვადრატიდან დასავლეთით თაღოვანი კარია. კარის თაღი შირიმითაა ნაწყობი და დაყრდნობილია იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. ნავის შუა ნაწილი ნახევარწრიული ფორმის კამარით იყო გადახურული (შემორჩენილია ჩრდილოეთ ქუსლის ნაწილი). კამარა ეყრდნობოდა შირიმის კვადრებით ნაწყობ ერთ საბჯენ თაღს. ნავის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო რვაწახნაგოვან ბოძზე დაყრდნობილი ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი.

ბაზილიკის დასავლეთ მინაშენი გეგმით სწორკუთხაა, აქვს ორი თაღოვანი შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთით. მოგვიანებით ორივე შესასვლელი ამოუშენებიათ და მათ ნაცვლად თითო პატარა სარკმელი მოუწყვიათ. მინაშენი ცილინდრული კამარითაა გადახურული - ორ საბჯენ თაღზე. კამარის აღმოსავლეთის ქუსლი დაყრდნობილია ბაზილიკის დასავლეთ კედელზე მიშენებულ ხუთ პილასტრზე და მათზე გადაყვანილ ნახევარწრიულ თაღებზე. თაღების ნაწილი შირიმის ფილებითაა ნაწყობი, ნაწილი - რიყის ქვით. თაღების ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) შირიმის იმპოსტები.

ეკლესიის ფასადები მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა შემორჩენილი. კედლები მოზრდილი ზომის რიყის ქვის სწორი რიგებითაა ნაწყობი. ხოლო კუთხეები - შირიმის თლილი კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე შუა ნავის სარკმელი მორთულია შემაღლებული რელიეფური თაღით. რომლის ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცებია. ეკლესიის გვერდის ნავების კედლებს აქა-იქ შირიმის მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი სამსაფეხურიანი ლავგარდნის ნაწილი შემორჩათ. განსხვავებული ფორმისაა შუა ნავის დასავლეთ ფრონტონზე და დასავლეთ მინაშენის დასავლეთ კედელზე შემორჩენილი ლავგარდნის ნაწილები. აქ ლავგარდანი ერთსაფეხურიანია და კბილანებითაა დამუშავებული.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვრის რიყის ქვით ნაშენი ნაგებობა, რომლებიც იმდენადაა დანგრეული, რომ მისი დანიშნულების გარკვევა, გათხრა-გასუფთავების გარეშე, არ ხერხდება. შენობა აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სწორი კედლებითაა შემოზღუდული. შემორჩენილია: დასავლეთ კედელი, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნახევარი და აღმოსავლეთ კედლის ნაშთი. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში შიგნით სწორკუთხა და გარედან თაღოვანი ვიწრო შესასვლელია. ნაგებობის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებულია პატარა რიყის ქვით ნაგები შენობა (სამლოცველო?), რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია შირიმის გათლილი ქვებით ნაწყობი ორივე წირთხლის მცირე ნაწილი). სამლოცველოს აღმოსავლეთ კედლის ღერძზე მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. თაღი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის ქვემოთ, გვერდებზე, ზემოთკენ შევიწროვებული და ბრტყლად გადახურული თითო ნიშია. მსგავსი ნიშია ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი სარკმლის (შემორჩენილია ქვედა ნაწილი) ქვემოთაც.

ბაზილიკის აღმოსავლეთით ათიოდე მეტრზე, დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები პატარა (6,7 X 4,3 მ) დარბაზული ეკლესია, რომელიც ბაზილიკის წრიული მოხაზულობის გალავანშია ჩართული ისე, რომ მისი აღმოსავლეთ ნახევარი გალავნის გარეთაა მოქცეული. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია სამხრეთ წირთხლის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევაწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის ქვედა ნახევარია შემორჩენილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და მაღალი სწორკხუთხა ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო მძლავრი პილასტრია, რომლებზეც დაყრდნობილი იყო კამარის საბჯენი თაღი. ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლების ზედა ნაწილები მონგრეულია, რის გამოც მათში სარკმლების კვალი არ ჩანს. ბაზილიკის ირგვლივ აქა-იქ ნაგებობათა კვალი შეიმჩნევა.