სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.
ტოუტონის ბრძოლა (ინგლ.Battle of Towton) — ვარდების ომის ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა, გაიმართა 1461 წლის 29 მარტს, ბზობას, იორკის მახლობლად.
ორივე მხრიდან დანაკარგმა მიაღწია 28 000-ს, რაც მაშინდელი ინგლისის დაახლოებით 1 % იყო. თვლიან, რომ ლანკასტერების მხარეზე იბრძოდა 42 000 ჯარისკაცი, ხოლო იორკების მხარეს - 36 000 ჯარისკაცი, მათ შორის 28 ლორდი. იორკების არმიას ხელმძღვანელობდა იორკის გრაფი ედუარდი, რომელსაც უკვე ინგლისის მეფედ გამოეცხადებინა თავი. ბრძოლა გაგრძელდა მთელი დღე და გამარჯვება იორკების მხარეს გადაიხარა მას შემდეგ, რაც ნორფოლკის ჰერცოგ, ჯონ დე მოუბრეის დამხმარე ძალამ ლანკასტერების მარცხენა ფლანგს დარტყმა მიაყენა. ბრძოლის შემდეგ 1461 წლის 28 ივნისს მოხდა ედუარდ IV-ის კორონაცია.