შინაარსზე გადასვლა

მელანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელნის წვეთი კალმისტარზე
მელანი სველ ზედაპირზე

მელანი (< ბერძ. μελανός — „შავი“)[1] — საღებავი ნივთიერებების ნაზავი, რომელიც ძირითადად წერისათვის გამოიყენება. პაპირუსზე საწერად მელნის საღებავ კომპონენტად გამოიყენებოდა მური. ქაღალდის გამოგონებასთან ერთად გაჩენილი მელნის შემადგენლობაში შედიოდა ტანინები, რკინის მარილები და მცენარეული წარმოშობის წებოვანი ნივთიერებები; ტანინები ჰიდროლიზის დროს წარმოქმნიან გალმჟავას, რომელიც რკინის(III) მარილებთან მუქ ლურჯ ნალექს იძლევა. მელნის ასეთი შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა XIX საუკუნის შუა ნახევრამდე — სინთეთიკური საღებრების გაჩენამდე. თანამედროვე მელანი ჩვეულებრივ შეიცავს გამხსნელს (უფრო ხშირად წყალს ან სპირტს), სინთეთიკურ საღებარს (ძირითადად შავს, ლურჯს, წითელს, მწვანესა და იისფერს), მამოდიფიცირებელ დანამატებს (კონსერვანტებს, დასველებადობის, სიბლანტისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების რეგულატორებს). მელნის დამზადებისას იყენებენ კარგად ხსნად საღებრებს (უფრო ხშირად მჟავურ საღებრებს), რომლებიც არ უნდა შეიცავდეს უხსნად ნარჩენებსა და მინერალურ მარილებს. დაცული უნდა იყოს ფერის (ნაჯერობა, თანაბარზომიერება, დროისა და გარე ზემოქმედების მიმართ მდგრადობა) და უსაფრთხოების მოთხოვნები. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ ავტოკალმის, თვითმწერი ხელსაწყოს, პირგადასაღები ტექნიკის, ბუმბულით წერის (სპეციფიკური დოკუმენტების გასაფორმებლად) და სხვა სახის მელნებს. მელანი ასევე გამოიყენება ბეჭდებითა და შტამპებით გამოსახულებების (ტექსტების, ნახატების) შესაქმნელად, სახვით ხელოვნებაში და ა.შ.[2]

  1. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი : რვატომეული / არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით, ტ. 5, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1958.
  2. Чернила // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 469.