შინაარსზე გადასვლა

კლიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუვრის თეთრი კლდეები დიდ ბრიტანეთში
კლიფი

კლიფი, სანაპირო ბექობი (ინგლ. cliff — ციცაბო ფლატე, ფრიალო კლდე) — ვერტიკალური, თითქმის ვერტიკალური ან საფეხურებიანი ქანების გაშიშვლება, რომელიც წარმოიქმნება გამოფიტვისა და ეროზიის შედეგად. კლიფი გავრცელებულია სანაპიროებზე, მთის რაიონებში, ესკარპებსა და მდინარეთა გაყოლებაზე.[1]

ჩვეულებრივ, ფორმირებულია ისეთი ქანების მიერ, რომლებიც მედეგია გამოფიტვისა და ეროზიის მიმართ. კლიფების ამგებელი დანალექი ქანებია ქვიშქვა, კირქვა, ცარცი და დოლომიტი. ხშირად კლიფების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ აგრეთვე მაგმური ქანებიც, მაშასადაბე, გრანიტი და ბაზალტი. განარჩევენ აქტიურ და მომკვდარ კლიფებს. აქტიურია ისეთი კლიფი, რომელიც თანადროულ დროში წყლის ტალღების გავლენით დანგრევას განიცდის, ხოლო მომკვდარი კლიფი თანამედროვე დროში აღარ ექვემდებარება ტალღების ზემოქმედებას.[2] კლიფის საფუძველში ხშირად ზვირთცემის ნიში წარმოიქმნება.[3]

კლიფი თანდათან იხევს უკან ხმელეთისაკენ, რაც ხელს უწყობს მის ძირში არსებული აბრაზიული ტერასის ზრდას სიგანეში. კლიფის ნაირსახეობას წარმოადგენს ესკარპი, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია რღვევებთან, მეწყერთან ან სხვადასხვა სიმტკიცის ქანების ფენების შერჩევით ეროზიასთან. კლიფების უმრავლესობას საფუძველში ფერდობული ჩამონაშალის ფორმა აქვს. სანაპირო ეროზიის შედეგია ზღვიური კლიფების წარმოშობა დამრეცი სანაპირო ზოლის გასწვრივ.[4]

კლიფი გვხვდება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ირლანდიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, ისლანდიაში, უკრაინაში, აშშ და სხვა. კლიფი ზღვის სანაპიროდან კლდეებივით არის ამართული და სიმაღლეში ხშირად ასეულ მეტრს აღემატება. მაგ., ევროპაში არსებული კლიფები სიმაღლეში საშუალოდ 200-300 მ-ის ტოლია. აღსანიშნავია ირლანდიაში მდებარე ზღვის კლიფი — სლივ-ლიგი, რომლის მკვეთრი კლდეების სიმაღლე 596 მ აღწევს. ზოგჯერ კლიფებზე განლაგებულია არქეოლოგიური ძეგლებიც.[5]

  1. Cliff // Encyclopedia Britannica
  2. Клиф // Геологическая энциклопедия
  3. Клиф // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-20. ციტირების თარიღი: 2020-03-20.
  4. Andrew Goudie, Encyclopedia of Geomorphology: Volume 1: A–I. Routledge, 2004 - 578 pages
  5. Slieve League Sliabh Liag