ვეზირი
ვეზირი, ვაზირი (არაბ. وزير[1] — ვაზირუნ, მინისტრი) — მინისტრებისა და დიდმოხელეთა ტიტული მრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში.[2][3] სიტყვა წარმოიშვა ძველი სემიტური W-Z-R-დან, რაც დამხმარეს ან მოხელეს ნიშნავდა;[1][4] ვეზირის სახელო პირველად გვხვდება სასანიანთა სპარსეთის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც იგი გადაიღეს აბასიანთა დინასტიის არაბმა ხალიფებმა. ვეზირს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა და ფუნქციები ჰქონდა. ზოგ ქვეყანაში რამდენიმე ვეზირი იყო, ზოგან კი — ერთი (სახალიფოში, სელჩუკთა სამეფოში). ზოგჯერ ვეზირად რომელიმე პროვინციის გამგებელიც იწოდებოდა. ოსმალეთის იმპერიაში დიდი ვეზირი სათავეში ედგა მთავრობას, სულთნის სახელით გამოსცემდა ფირმანებს, ხელ აწერდა საზავო ხელშეკრულებას.
ვეზირი საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღესდღეობით ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ვეზირი/ვეზირების გაგების ორი მიდგომა. ერთნი თვლიან, რომ საქართველოში არსებობდა რამდენიმე ვეზირი, ხოლო მეორეთა აზრით, მხოლოდ ერთი — ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — ატარებდა ვაზირის (მეფის მრჩეველის) სტატუსს.
ვეზირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა).
სულ ექვსი ვეზირი იყო: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - სავეზიროს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი დარბაზობის, ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობდა დამოწმებულია გიორგი V-ის სამართალში.
XVI საუკუნიდან ტერმინი „ვეზირი“ ორგვარი მნიშვნელობით იხმარება. „ვეზირი“ ეწოდება მმართველობის ცენტრალური აპარატის ყველა მოხელეს; ამასთან, საქართველოს სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესდა თანამდებობა ერთი ვეზირისა, რომელიც მეფის პირველი მოხელე იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვეზირი, ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა ქართლის სამეფო კარზე. XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ვეზირის სახელომ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და იგი მოისპო.
ვეზირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შოთა მესხიას აზრით, საქართველოს სამოხელეო სისტემაში თავისი ისტორიის განმავლობაში არსებობდა მხოლოდ ერთი მოხელე — მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, რომელიც ატარებდა ვეზირის სტატუსს[5].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვ. გაბაშვილი, „დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით“, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 195-198;
- ვ. გაბაშვილი, „სახელმწიფო წყობილების საკითხისათვის გვიანფეოდალურ საქართველოში“, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2, გვ. 131-136;
- ი. სურგულაძე, „საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის“, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 361-379;
- ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 116-124;
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 345.
- სურგულაძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Etymology OnLine
- Royal Ark, dynasties in historical context - see each muslim nation quoted in this article, often in the section 'Glossary'
- WorldStatesmen - click on each Islamic present state
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Vizier | Define Vizier at Dictionary.com. Dictionary.reference.com. ციტირების თარიღი: 2010-03-12.
- ↑ http://www.answers.com/topic/vizier#Dictionary_d
- ↑ http://www.wordnik.com/words/vizier
- ↑ Goyṭayn, Šelomo D.. Studies in Islamic history and institutions. ციტირების თარიღი: 2010-04-23.
- ↑ მესხია შ., საშინაოპოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979