შინაარსზე გადასვლა

დენგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიპური გამონაყარი დენგეს ცხელებისას

დენგეს ცხელება — ინფექციური გადამდები დაავადება, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოები არიან. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და არაიმუნური პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში[1].

დენგეს ცხელების სიმპტომებია: ძლიერი ცხელება (41 გრადუს ცელსიუსამდე); თავის ტკივილი; კუნთების, ძვლების, სახსრების ტკივილი, ტკივილი თვალებს უკან. შესაძლოა გამოვლინდეს: გავრცელებული გამონაყარი; გულისრევის შეგრძნება და ღებინება; იშვიათად, მცირე სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან.

დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10 დღემდე. იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39 °C- 41 °C–მდე, ძლიერი თავის ტკივილებით, რეტროორბიტალური მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით. სახე ჰიპერემიული, შეშუპებულია, შესაძლებელია ზოგადი ერითემის განვითარება, თვალის სკლერების სისხლძარღვები ინიცირებულია, დენგეს დროს ასევე აღინიშნება პერიფერიული ლიფმური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, 1-2 დღიანი რემისიის შემდეგ კი ვითარდება ცხელების ახალი ტალღა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე. კლასიკური დენგეს ცხელების დროს კუნთებში, ზურგსა და თეძოების მიდამოში ტკივილების გამო შეზღუდულია მოძრაობა, სიარულის მანერა ხდება არაბუნებრივი, ავადმყოფი საწოლში გაჭიმულ მდგომარეობაშია. მეორე ტალღის პერიოდში იდაყვისა და მუხლის სახსრების გამშლელ ზედაპირებზე, სახის კანზე, კისრის მიდამოში, მკერდზე, მუცელზე ჩნდება უხვი მქავანა მაკულო – პაპულოზური გამონაყარი შემდგომი აქერცვლით. რეკონვალესცენციის პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირა. დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს ხშირად აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება სისხლნარევი მასებით, ცხვირიდან სისხლდენა, ჰემორაგიული გამონაყარი, ქვეითდება არტერიული წნევა[2][3].

1920-იანი წლების ფოტო, მწერების პოპულაციის შემცირება და წყლის მდგრადობის გაზრდა

1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში დაფიქსირდა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს[4][5][6].

2016 წლის დასაწყისში რიგ ქვეყნებში დენგეს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა — Dengvaxia (CYD-TDV) დარეგისტრირდა, რომლის გამოყენებაც 9-დან 45 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ.

დენგე საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა. ბოლნისში, 2017 წლის ივლისში დენგეს ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სოფელ ფაზისში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და ის გამოჯანმრთელდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Neglected Tropical Diseases (6 June 2011). ციტირების თარიღი: 28 November 2014
  2. Normile D (October 2013). „Tropical medicine. Surprising new dengue virus throws a spanner in disease control efforts“. Science. 342 (6157): 415. doi:10.1126/science.342.6157.415. PMID 24159024.
  3. Mustafa MS, Rasotgi V, Jain S, Gupta V (January 2015). „Discovery of fifth serotype of dengue virus (DENV-5): A new public health dilemma in dengue control“. Medical Journal, Armed Forces India. 71 (1): 67–70. doi:10.1016/j.mjafi.2014.09.011. PMC 4297835. PMID 25609867.
  4. 'Bug' could combat dengue fever“. BBC NEWS. British Broadcasting Corporation. 2 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2009.
  5. Johnson KN (November 2015). „The Impact of Wolbachia on Virus Infection in Mosquitoes“. Viruses. 7 (11): 5705–17. doi:10.3390/v7112903. PMC 4664976. PMID 26556361.
  6. Lambrechts L, Ferguson NM, Harris E, Holmes EC, McGraw EA, O'Neill SL, Ooi EE, Ritchie SA, Ryan PA, Scott TW, Simmons CP, Weaver SC (July 2015). „Assessing the epidemiological effect of wolbachia for dengue control“. The Lancet. Infectious Diseases. 15 (7): 862–6. doi:10.1016/S1473-3099(15)00091-2. PMC 4824166. PMID 26051887.