ავშანი
ავშანი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Artemisia alba | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Artemisia | ||||||||||||
|
ავშანი, აბზინდა (ლათ. Artemisia) — მრავალწლოვან, იშვიათად ერთწლოვან, ბუჩქ-ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
ავშნის გვარი 500-მდე სახეობიდან კავკასიაში გვხვდება 27, ხოლო საქართველოში — 12 სახეობა. აქვს სწორმდგომი ღერო, ფესვები, ზოგს (ტარხუნა — Artemisia dracunculus) — კარგად განვითარებული ფესურები. ფოთლები დანაკვთულია და უმეტესად ლეგა. პატარა კალათები რთულ საგველანაირ ყვავილედს ქმნის. ნაყოფი თესლურია. ავშნის სახეობათა უმრავლესობა შეიცავს ეთეროვან ზეთებსა და გლიკოზიდებს, რომლებიც მედიცინაშიც იხმარება, მაგ., ხოროსანი (Artemisia cina) შეიცავს სანტონინისა და ცინეროლის ზეთებს, აბზინდა (Artemisia absinthium) — ორნაირ გლიკოზიდსა (აბსინთინი და ანაბსინთინი) და ეთეროვან ზეთს.
ავშნის ზოგიერთი სახეობა (ავშანი — Artemisia fragrans) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში და ქმნის ცხვრის ზამთრის საძოვრებს. ზოგი სახეობა (Artemisia taurica) შხამიანია, განსაკუთრებით ცხენებისათვის. არის აგრეთვე ავშნის დეკორატიული სახეობები — გიეში (Artemisia caucasica) და სარეველები (უჯანგარი — Artemisia annua, მამულა — Artemisia vulgaris, სამწვანე — Artemisia scoparia და სხვა). ავშნის ზოგი სახეობა უდაბნოებში მოძრავ ქვიშებს ამაგრებს.
გამოიყენება მადის აღმძვრელ საშუალებად, გააჩნია სიცხის დამწევი, ანტისეპტიკური და ტონუსის მომცემი თვისებები. მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი, სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება ნერვული დაავადებების დროს. გააჩნია აგრეთვე ანტიჰელმინთური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 183.
- შენგელაია ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 29.